დღე XII

უკვე თორმეტი დღეა ვვარჯიშობ და შედეგები ძალიან საინტერესოა.

მართალია მკითხველების ნაწილმა გამოთქვა ინტერესი “Before” & “After” ფოტოების ნახვაზე თუმცა გეტყვით, რომ ჯერ ცოტა ადრეა მათი დადება, მიუხედავად ამისა, თუ გადახედავთ ამ სვეტის ყველა ნაწილს ნახავთ, რომ ჩემს ფორმებსა და ზომებში სხვაობა არის.

დღევანდელი ვარჯიში ისე მსუბუქად გავიდა, ვერც კი ვიგრძენი, როგორ მოვრჩი. თანაც როგორც ყოველთვის დღესაც ვლაქლაქებდი და ალბათ ესეც არის ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ ვერ ვიგრძენი დაღლა.

სხვაობა აშკარად არის

სიმართლე თუ გინდათ, თიდანისა და ჩვეულებრივი ფიტნეს (სატრენაჟორო) დარბაზის განსხვავება ამაშიცაა, რომ თიდანში ვარჯიშისას შენ მშვიდად შეგიძლია ესაუბროს ხვებს, დაშორება იმხელაა და დარბაზის მასშტაბები, რომ თავს მარტო არ გრძნობ და მოწყენილობისაგან სიზამრაცის შემოტევა არ გაქვს.

დღეს ახალი ეტაპის ფოტოები გადავიღეთ (რაც ცოტა ხნის მერე დაიდება), ეს ფოტოები პროგრესის ჩასანიშნად არის საჭირო.

მინდა გითხრათ, რომ თიდანში 11 ვარჯიშის შემდეგ მე ჩავიცვი კაბა, რომელიც ბოლოს სკოლის პერიოდში მეცვა (ეს კი საკმაოდ დიდი ხნის წინ იყო). დიდი ხანია ჩემი წვივების კომპლექსი მტანჯავდა, თუმცა ამ ვარჯიშების შემდეგ დავინახე, რომ სულ ტყუილად ♥ ფაქტია მე მომწონს მოკლე ქვედაბოლო ჩემს ტანზე – ეს კი თიდანის დიიიიიდი დამსახურებაა ♥

მოკლე ქვედაბოლო

დღე XIII

ისევ თოვს, ბედი არ გინდა.

ნაწილ ნაწილ ვდგები საწოლიდან. დღევანდელი ვარჯიში რაღაც ისე ვერ წავიდა. ხომ არის ხოლმე მომენტები, როდესაც არც გეზარმაცება, არც რამე გჭირს, გამოძინებულიც გეთქმის, მაგრამ მაინც ვერ ხარ ”ხოდზე”… აი, ეგეთი დღე მქონდა დღეს მეც.

რაღა თქმა უნდა სინდისი მაქვს და მიზანიც ვიცი, ამიტომ ერთი ციკლი სრულად ვივარჯიშე, როგორც წესი და რიგი იყო, მეორეზე კი მხოლოდ სპეციალური ვარჯიშები გავაკეთე და ამით დავასრულე.

ცუდ ან შეუსაბამო განწყობაზე ვარჯიში არც ისე სარფიანია, მაინც არ აკეთებ გულიანად და არც კარგად არ გამოგდის მაგ დროს, ამიტომაც დღეს ცოტა ადრეულად დავამთავრე და გაყინულ, თოვლიან ქალაქში გამოვედი ცხვირჩამოშვებული.

არაუშავს შემდეგ ვარჯიშზე ომახიანად ვიქნები და სრულყოფილად გავაკეთებ ყველაფერს.