Home თავის მოვლა

უკვე 2 წელია, რაც ჩემი დილა აუცილებელი რიტუალით – საუზმით იწყება. ახლა რომ მკითხო, მის გარეშე დაწყებული წარმატებული დღე ვერც კი წარმომიდგენია, თუმცა იყო დრო, შუადღემდე ლუკმასაც არ ვჭამდი. ჰოდა, მინდა გითხრა, რომ იმ მცირერიცხოვან ცხოვრებისეულ შეცდომათა შორის, რომელიც კი ოდესმე დამიშვია, პირველ სამეულში ეს ამბავი სამარცხვინოდ იწონებს თავს.

არა, არა. ეს სასაცილო სულაც არ არის. სწორედ ამის გამო 20 წელი გავატარე ჭარბწონიანთა რიგებში და საკუთარ ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანიც მივაყენე. და რომ არა ახალი ჩვევა, მესაუზმა და არ მევახშმა ღამის ოთხ საათზე, არ ვიცი, რომელი თამრი დაწერდა თქვენთვის პოსტს, დიაბეტიანი თუ რამე უარესით დაავადებული 22 წლის გოგო.

რატომ უნდა მივირთვათ მაინცდამაინც საუზმე და არა ყავა თამბაქოსთან ერთად? სწორედაც იმიტომ, რომ საუზმე ჯანსაღი კვების, ჯანსაღი დღის წესრიგის საფუძველია, გიცავს წონაში მატების, ნაღველკენჭოვანი დაავადების განვითარებისგან, საჭირო ენერგიითაც გამარაგებს და სხვა თუ არაფერი, გემრიელიცაა. გემრიელად ჭამა კი, დამეთანხმები, ყველას უყვარს.

თუ უკვე მტკიცედ გადაწყვიტე, რომ ხვალიდან ყოველ დღე ისაუზმებ, ალბათ ნოყიერი საუზმის იდეებიც არ გაწყენს. სწორედ ამისთვის ვარ მე: რომ შენ სიზარმაცის საბაბი არ გქონდეს და ყოველთვის იცოდე, რა შეგიძლია ჭამო დილით.

მაშ ასე, წაიკითხე საუზმის კიდევ 5 უპირატესობა და მოემზადე ყველაზე გემრიელი დილის იდეებისთვის.

მისი უმაღლესობა კვერცხი

რა გახსენდება პირველი, როცა საუზმეს წარმოიდგენ? დიახ, დარწმუნებული ვარ, უმეტესობას სწორედაც გემრიელად შემწვარი ომლეტი წარმოუდგება თვალწინ. მაგრამ ომლეტიცაა და ომლეტიც. ხატოვნად რომ ვთქვათ, რამდენნაირი ქალიცაა დედამიწაზე, იმდენნაირი  შემწვარი კვერცხი შეგიძლიათ, მოამზადოთ.

ომლეტი ხახვით, ბოსტნეულით, ლორით, ძეხვით, სოსისით, ყველით, ამ ყველაფრით ერთად ან უბრალოდ ომლეტი ყველაფერი ზედმეტის გარეშე. ჰო, როგორ გამომრჩა, დაბრაწული კვერცხიანი პური – ჩვენებური ყიყლიყო, რომელიც ყველაფერს მირჩევნია დილით.

ომლეტის მომზადებაზე ადვილი ალბათ დედამთილის რამე წვრილმანზე განაწყენება თუ იქნება. ვიღებთ 2 კვერცხს, ვტეხთ და პატარა ფიალაში ვთქვეფთ მარილთან ერთად (თუ გათქვეფილი გვიყვარს, რა თქმა უნდა). პარალელურად ქურაზე ტაფას ვაცხელებთ და ზეთს ვამატებთ. თუ მაინცდამაინც კარაქით გსურს კვერცხის შეწვა, ტაფაში წინასწარ მაინც უნდა დაამატო ცოტა ზეთი, თორემ პატარა ხანძარს სამზარეულოში ვერ გადაურჩები.

თუ ბოსტნეულის, ლორის, ძეხვის ან ყველის დამატება გინდა, რამდენიმე გზა არსებობს. ხახვი წინასწარ დაჭერი და კვერცხის ტაფაში ჩასხმამდე ცოტა დაბრაწე. იგივე შეგიძლია გააკეთო ძეხვის, სოსისის და ლორის შემთხვევაშიც. ბოსტნეული (მაგალითად სატაცური) შეგიძლია, წვრილად დაჭრა და კვერცხში ტაფაში ჩასხმამდე აურიო, ან წინასწარ მოთუშო.

ათქვეფილ კვერცხს თუ ცოტა წყალს ან რძეს დაამატებ, უფრო ფუმფულა ომლეტი გამოგივა, მაგრამ არჩევანი შენზეა.

თუ ეს პროცედურებიც გეზარება და, ბედად, ბლენდერიც გაქვს, შეგიძლია, ყველაფერი ერთად დააბლენდერო და მიღებული მასა შებრაწო.

და თუ იმდენად ზარმაცი ხარ, რომ კვერცხის გათქვეფაც არ გეხატება გულზე, მისი მოხარშვაც არაა ცუდი აზრი.

სენდვიჩები და ტოსტები

უფრო ზარმაცებისთვის ევოლუციამ სენდვიჩი გამოიგონა. ჰო, სენდვიჩს განსაკუთრებული არაფერი სჭირდება: მთავარია, გქონდეს 2 ნაჭერი პური და მდიდარი ფანტაზია.

სიმართლე გითხრა, სენდვიჩებს დილით იშვიათად ვჭამ, მაგრამ ისინი ჩემი ლანჩის განუყოფელი ნაწილია. ყველაზე ხშირად ყველს ან ძეხვს ვიყენებ შეგთავსად, მაგრამ ხაჭო, ნადუღი, პაშტეტი, მიწის თხილის კარაქი და ბოსტნეულიც მშვენიერია. ნუტელა და ბანანი, ვაშლი, კენკრა და ტკბილი სენდვიჩები საუზმეზე მე დიდად არ მეხატება გულზე, თუმცა შენ შეგიძლია, სცადო.

ჰო, სენდვიჩი შეგიძლია ტოსტერში გახუხო ან ისე მიირთვა. მეორე ვარიანტი უფრო ჯანსაღია.

ბლინები

არომატული ბლინები და ბლითები კენკრით, ბოსტნეულით, ხორცით, ხილით, რძის პროდუქტებით, ჯემებით მშვენიერი იდეაა საუზმისთვის.

თხელი ბლინების ცომის მომზადება ნამდვილად არ არის რთული, შეიძლება მასის ტაფაზე დასხმამ თავიდან გაგაწვალოს, მაგრამ ხელს თუ შეაჩვევ, ყველაფერი კარგად იქნება. სხვა მხრივ კი, ამაზე მარტივი, იაფი და გემრიელი რეცეპტი არ არსებობს. დაგჭირდება ფქვილი, კვერცხი (კვერცხის გარეშეც შეიძლება, სხვათა შორის), ცოტა მარილი, წყალი და ზეთი. კვერცხს რაც შეეხება, შეგიძლია ერთიც გამოიყენოთ, ორიც და ხუთიც. კვერცხი ცომს კარგად კრავს და შენი ბლინებიც უფრო თხელი გამოდის.

დასაწყისში თქვეფ მარილს (ან შაქარს, თუ ტკბილი ბლინი გინდა) და კვერცხს, მერე ამატებ წყალს (ნახევარი წილი რძეც შეიძლება) და ეს ყველაფერი კარგად რომ აითქვიფება, ფქვილსაც აყრი. შეგიძლია ცოტა ზეთიც დაამატო, რომ მერე ყოველ ჯერზე ტაფაზე ხელახლა დასხმა არ დაგჭირდეს. მიღებული მასა არაჟანზე თხელი უნდა იყოს. დაახლოებით ისეთი, ტაფაზე რომ კარგად დაისხმება.

გამოსაცხობად ცხელ, ზეთიან ტაფას უნდა მოასხა ცომი, თანაც სწრაფად, იმიტომ რომ უცებ ცხვება და სანამ შენ ტაფის ზედაპირს ბოლომდე შევსებას მოასწრებ, ბლინი შეიძლება გაფუჭდეს. დასაწყისისთვის რამდენიმე ასეთი შემთხვევა იქნება, თუმცა გულს ნუ გაიტეხ. ბლინი ორივე მხარეს გამოაცხვე და მიირთვი სასურველი დანამატთან ერთად.

სქელი ბლინები კარგა ხანია ჩემით არ მომიმზადებია, ამიტომაც რეცეპტი ჩემს მეგობარ მარიამს დავესესხე. როგორც ექსპერტმა მითხრა ბლინების ცხობის საკითხში, დაგვჭირდება 3 ან 4 კვერცხი, შაქარი გემოვნებით (დაახლოებით 3 ჭიქამდე), სოდა, ძმარი, მაწონი, ფქვილი და ზეთი. კვერცხი და შაქარი უნდა ავთქვიფოთ ისე, რომ გოგლიმოგლის მსგავსი მასა გამოვიდეს.

მერე 1 ჩაის კოვზ სოდაში ვასხამთ ძმარს და ამ ერთმანეთში გახსნილ მასას ვამატებთ მაწონს. ცოტა ხანს ველოდებით, სანამ მაწონი ცოტა ამოიწევს. მერე ჩვენს გოგლი-მოგლსა და აფუებულ მაწონს ერთმანეთში ვურევთ და ვამატებთ ფქვილს.

მიღებული მასა დაახლოებით კექსის ცომის კონსისტენციის უნდა იყოს. ძალიან თხელი არ მოგივიდეს. ამ მასაში შეიძლება კენკრის ან ქიშმიშის დამატებაც. თუ ამ ყველაფერს თავს მოაბამ, ერთი ისღა დაგრჩება, ტაფა გააცხელო, ზეთი დაასხა და ბლინების გამოცხობას შეუდგე.

წიწიბურა

დიეტური და სასარგებლო პროდუქტი, რომელიც შეგიძლია წინა საღამოს მოამზადო დილისთვის. თუმცა უმჯობესი იქნება, მაწონთან ერთად ხშირად თუ არ მიირთმევ, წიწიბურა ძნელად მოსანელებელი პროდუქტია, თან განსაკუთრებით მაშინ, თუ ამ ყველაფერს მაწონიც ემატება. წიწიბურა შეგიძლია, მოხარშო, მოხალო და ისე მოხარშო, ან ცხელი წყალი დაასხა, წამოადუღო და შეფუთო დილამდე, არჩევანი შენზეა.

შვრიის ფაფა ან მიუსლი

შვრია ფრანგი ქალბატონების სილამაზის საიდუმლოდ ითვლება. ხელს უწყობს წონის კლებას, კუჭნაწლავის პრობლემების მოგვარებას, სახის კანის გაჯანსაღებას და თანაც სულ ადვილი მოსამზადებელია. მზადდება რძეზეც, წყალზეც, იოგურტითაც და მაწვნითაც. შეგიძლია, მოხარშო, ან ცხელი წყალი დაასხა, თავდახურულ ჭურჭელში დატოვო ცოტა ხანს და თავად მომზადდება. მე, როგორც წესი, შვრიას არ ვხარშავ, ასე უფრო მეგემრიელება.

მომზადებულ ფაფას შეგიძლია, ცოტა კარაქი დაამატო და სურვილისამებრ, ხილთან, თაფლთან, ნიგვზეულთან ერთად მიირთვა ან, სულაც მარილით, როგორც მე ვიქცევი ხოლმე.

მათთვის, ვისაც ტკბილი საუზმე უყვარს, მიუსლი – ხილიანი შვირიის ფაფაც მშვენიერი გამოსავალია. წვალება ნამდვილად არაფერზე მოგიწევს, დაფასოებულ მიუსლის ყველა მარკეტის თაროზე შეხვდები.

მაწონი, ხაჭო და იოგურტი

დამიჯერე, ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი კულინარიული მონაპოვარი ხინკალი კი არა, მაწონი გახლავს. რატომ? იმიტომ, რომ ხინკალი არც ბიფიდო და ლაქტობაქტერიებს და ვიტამინებს შეიცავს და არც მაინცდამაინც დიეტური პროდუქტია, რასაც ვერ ვიტყვით მაწონზე. ერთი ფინჯანი მაწონი პურთან ერთად მართლაც მშვენიერი საუზმეა.

თუ უფრო ტკბილი რძის პროდუქტები გიზიდავს, ხაჭო, არაჟანი და იოგურტი შემიძლია, გირჩიო. ბევრი მიზეზი არსებობს იმისთვის, თუ რატომ უნდა გვიყვარდეს იოგურტი, ერთ ერთი კი ისაა, რომ სულ მარტივად შეგიძლია, იოგურტის ფრაპე მოამზადო. თუ დღეს იოგურტის განწყობაზე არ ხარ, შეგიძლიათ ხაჭოს ხილი ან ქოქოსის ფანტელები და თაფლი დაამატო და ასე გაიხალისოთ მოწყენილი, ზარმაცი დილა.

და ბოლოს, უპასუხე გამოკითხვასაც:

რას მიირთმევთ საუზმეზე ყველაზე ხშირად?

View Results

Loading ... Loading ...

გამოგვიგზავნე შენი საუზმე

აუცილებლად გადაუღე ფოტო შენს დილის საუზმეს, გამოგვიგზავნე Pink.ge-ს facebook-ის გვერდზე ან დატაგე ინსტაგრამზე #PINKgeBreakfast და ჩვენ მათ მთელ საქართველოს ვაჩვენებთ.

საუზმეების იდეისთვის ჩვენი წინა სტატიაც გამოგადგება ფენოვანი ცომის გემრიელობებზე. თუმცა როგორც შევატყვე, ბევრმა თქვენგანმა იზარმაცა და მხოლოდ 1 მკითხველის ფოტო მივიღეთ. იმედია, საუზმე უფრო გიყვართ, ვიდრე ფენოვანი ცომის ცხობა და არც ფოტოს გადაღებას დაიზარებთ. გემრიელ დილას გისურვებთ.

ჩვენი მკითხველის, ნათიას ორცხობილები

ჩვენი მკითხველის, ნათიას ორცხობილები

 

21 კომენტარი to this post
  1. “ომლეტის მომზადებაზე ადვილი ალბათ დედამთილის რამე წვრილმანზე განაწყენება თუ იქნება.”

    ჰაჰაჰაჰაჰაჰაჰა

  2. მე გავაკეთე რამდენიმეე Mmm… ძალიან ადვილად მოსამზადებელი და თნაც გემრიელიააა )))

  3. ძალიან მომეწონა სტატია: სასარგებლო ინფორმაციაა, სამედიცინო თვალსაზრისით ყველაფერი რიგზეა, ძირითადად სწორი ქართულით წერთ და ეს ყველაფერი შეზავებულია მსუბუქი იუმორით. ამ საოცრად დაბინძურებულ ინტერნეტსივრცეში ასეთ რამეს ხშირად ვერ შეხვდებით . მადლობა და წარმატებები…

    • თხელი, ადვილად დასასხმელი მასა რომ გამოგივიდეს. ბევრი არ სჭირდება.

  4. Chemi sauzme mwvane chais gareshe ver warmomidgenia )) ukve 2 welia vsvam, magar tanze var arc charbwonianoba mawuxebs da arc sisuste..sxva uamrav problemasac xsnis. Mag. Kuch-nawlavis…

შენ რას იტყვი?