წონაში კლების პოპულარული და კეთილგონივრული მეთოდებია დიეტა და ფიზიკური დატვირთვა, რაც გონიერების ფარგლებში სასარგებლოა, მაგრამ არსებობს მდგომარეობები, რომელთა დროსაც ეს მეთოდები უძლურია და საჭირო ხდება წონის დაკლება ოპერაციით, როდესაც არსებული სხეულის მასა ადამიანის ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის.

სხეულის მასის ინდექსი არის სიდიდე, რომელიც საშუალებას გვაძლევს შევაფასოთ ადამიანის მასის შესაბამისობა მის სიმაღლესთან. ამ თემაზე შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი ჟურნალის სხვა ავტორის ძალიან საინტერესო სტატია:Plus size Life: წონის ინდექსი, ამიტომ მე აღარ შევჩერდები და გადავალ უშუალოდ თემაზე.

როდესაც სხეულის მასის ინდექსი აღემატება 30-ს, ადგილი აქვს სიმსუქნეს, რომლის რადმენიმე კატეგორია არსებობს:

30-34.9_პირველი ხარისხის სიმსუქნე

35-39.9_მეორე ხარისხის სიმსუქნე

40 და მეტი_მორბიდული (მესამე ხარისხის) სიმსუქნე

თუ სხეულის მასის ინდექსი 40მდეა, ოპერაციაზე საუბარი ნაადრევია, გახდომა სხვა საშუალებებითაც რეალურია. ოპერაცია კეთდება მორბიდული სიმსუქნის დროს. ძირითადად ტარდება ორი სახის ოპერაცია: კუჭის ბანდაჟირება და შუნტირება.

კუჭის ბანდაჟირების ოპერაციის მიზანია მიღებული საკვების რაოდენობის მკვეთრი შემცირება და შესაბამისად კალორიების შემცირებაც, რაც მიიღწევა კუჭის ზედა ნაწილზე სპეციალური რგოლის დადებით (კუჭის ბანდაჟი).

კუჭის ბანდაჟირება

კუჭის ბანდაჟი რთული მოწყობილობაა, ჰიდრავლიკური სისტემით. ჰიდრავლიკურ სისტემას წარმოადგენს მანჟეტი, რომელიც რგოლის შიდა ზედაპირზეა დამაგრებული და შეიძლება გაიბეროს. დამაკავშირებელი მილით მანჟეტი „პორტს“ უკავშირდება.

ბანდაჟი

პორტი მუცლის კანის ქვეშ მაგრდება, იგი საჭიროა მთელი სისტემის სითხით შესავსებად, რაც რგოლის შიგნითა სანათურს შეავიწროვებს. ეს საშუალებას იძლევა, რომ თითოეული პაციენტისათვის ინდივიდუალურად მოხდეს გასავლის ზომის კონტროლი. ბანდაჟის რეგულირება დადებიდან 2 თვის შემდეგ ხდება, როდესაც ბანდაჟი ქსოვილებში კარგადაა დამაგრებული. პორტში, რომელიც კანთანაა მიმაგრებული გარედან შეყავთ მცირე რაოდენობის სითხე, პროცედურა ხანმოკლე და თითქმის უმტკივნეულოა.

რგოლის დადების შემდეგ საჭიროა კვების განსაკუთრებული რეჟიმი.

ბანდაჟირება ხდება ლაპარასკოპიულად, ისევე როგორც შუნტირება.

შუნტირება წონის კლების ორ მექანიზმს მოიცავს: საკვები ნივთიერებების ათვისების შემცირება (მალაბსორბცია) და კუჭის მოცულობის შემცირება. კუჭის შუნტირების ოპერაციის რამდენიმე სახეა შემუშავებული, თუმცა ოპტიმალურად ე.წ. რუ-ს ტიპის ოპერაცია ითვლება.

იქმნება მცირე კუჭი, რომელსაც კუჭის გადაჭრის შემდეგ წვრილი ნაწლავი უერთდება. კუჭის მოცულობა შემცირებულია და მიღებული საკვები არ გაივლის წვრილი ნაწლავის დიდ ნაწილს, შესაბამისად ადამიანი ცოტას ჭამს და ცოტაც შეიწოვება.

შუნტირება, რუს (იგრეკისმაგვარი) ანასტომოზით 1. საყლაპავი, 2. კუჭი, 3. თორმეტგოჯა ნაწლავი, 4. ნაღვლის ბუშტი, 5. სანაღვლე გზები, 6. წვრილი ნაწლავი, 7. მსხვილი ნაწლავი, 8. მცირე კუჭი, 9. წვრილი ნაწლავის ყრუ ბოლო, რომელიც მცირე კუჭს უკავშირდება

ამ სახის ოპერაცია უფრო მიზანშეწონილია მაშინ, როდესაც სხეულის მასის ინდექსი 50-ზე მეტია. მას ბევრი გართულება ახლავს თან: საკვები ინგრედიენტების დეფიციტი, რომელსაც მალაბსორბცია იწვევს, ანემია და სხვა, ამიტომ ოპერაციის შემდეგ პაციენტს მუდმივი მეთვალყურეობა სჭირდება, რათა გაჯანსაღების ნაცვლად, მეტი ზიანი არ მიადგეს მის ჯანმრთელობას.

ბანდაჟირება ნაკლებ რისკს მოიცავს, საკვების ფიზიოლოგიური პასაჟი შენარჩუნებულია.

ამ სახის ოპერაციები ბოლო დროს ძალიან პოპულარულია საქართველოშიც, ცნობილი ადამიანებიდან, რომლებმაც საჯაროდ განაცხადეს ამის შესახებ, მსგავსი ოპერაციები გაიკეთეს მამუკა ონაშვილმა და ნიკა მემანიშვილმა.

კლების დინამიკა ოპერაციიდან 0, მე-4, მე-10 და მე-18 თვე