მე თქვენ უკვე მოგიყევით პირველი სამი დღის შესახებ პირველ ნაწილში, ახლა კი გავაგრძელებ დანარჩენი დღეების ისტორიას.

აქვე შეგახსენებთ კიდევ ერთხელ –

თვითნებურად ამის გამეორება დაუშვებელია!!!

 

დღე 4:

დღეს მეიდანში ფოტო გამოფენა იყო, ვისიამოვნე ძალიან, თუმცა წელი მტკიოდა და დილიდან დაღლილი ვარ. არაფრის თავი არ მაქვს ენერგია გამოცლილი ვარ.

დღეს კიდევ ერთი დაბადების დღე გადავიტანე – ჩემი მორიგი გმირობაა ეს.

მანქანის აკუმლატორი მგონია თავი – გამოხდილ წყალზე რომ ვმუშაობ.

დღე 5:

ძალიან რთული დღე აღმოჩნდა. რამდენჯერმე მომიწია მაღალსართულიანი შენობის მე -5 სართულზე ფეხით ასვლა – ჩამოსვლა და ეს სასწაულ ძალისხმევად მიღირდა.  მქონდა გულძმარვა და გულის არევის შემდეგ უფრო გამიმძაფრდა, ბორჯომის დალევა არ შეიძლება, წამლების მითუმეტეს. ვზივარ და უზარმაზარი ყლუპებით ვნთქავ უგემურ წყალს.

დღეს პირველი რთული პერიოდის ბოლო დღეა, თუმცა მთელი დღეა სხვადასხვა საჭმელები მახსენდება:

  1. პიცა
  2. კომბოსტოს მწნილი
  3. შოკოლადები
  4. კარაქიანი პური (არადა ბავშვობის მერე არც კი მივკარებივარ)

მგონი შიმშილობის პერიოდის ფსიქოზი მაქვს, არაუშავს ამასაც გადავიტან.

კომბოსტოს მწნილი

დღე 6:

სახლიდან საერთოდ არ გავსულვარ. ბებერი კატასავით ბუხარს ვეფიცხებოდი და მობუზული ვიჯექი ტახტზე. კუნთები საკმაოდ მოდუნებული და დასუსტებული მაქვს, რაღაცნაირად თითქოს მტკივა კიდეც. მთელი დღე მაქვს დაღლილობის შეგრძნება და კიბეზე სიარული ძალიან მიჭირს.

მართალია ვერ წარმოვიდგენდი რომ მე -6 დღეს ასეთი სისუსტე მექნებოდა, მაგრამ რას ვიზავთ, ბოლომდე უნდა მივიყვანო ეს საქმე.

დაღლილი, ბებერი კატა

დღე 7:

პირველი ციკლის დასასრული. შიმშილობა 7 დღიან მონაკვეთებად იყოფა და აუცილებელია თითოეული ციკლის ბოლომდე მიყვანა, შუაში მიტოვება დაუშვებელია.

კიდევ ორი ციკლი დამრჩა , ოჰ უკვე ახლოს მეჩვენება დასასრული არადა 14 დღე მაქვს წინ.

მართალია საჭმელებს რომ ვხედავ შიგადაშიგ ძალიან მინდება მაგრამ მერე რა? შემდეგ პერიოდში იმედია ეგეც გამივლის.

დაახლოებით 6 კგ დავიკელი , ეს უკვე კარგია, თუმცა ძალიან ვიღლები და არაფრის თავი არ მაქვს.

მეცადინეობას ვერ ვახერხებ.