ესე იგი, ეწევი…

მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურად კითხულობ, კანონმდებლობის სრული დაცვით, სიგარეტის კოლოფზე მსხვილი შრიფტით ამოტვიფრულ სასტიკ ფრაზას:

მოწევა კლავს!

მიუხედავად იმისა, რომ ონლაინ თუ ოფლაინ საინფორმაციო წყაროები დაუღალავად ავრცელებენ სტატისტიკურ მონაცემებს იმის შესახებ, რომ:

მოწევა კლავს გაცილებით მეტ ადამიანს, ვიდრე შიდსი, ნარკომანია, სუიციდი, წინასწარგანზრახული დანაშაული და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევები – ერთად აღებული – ყოველ 6 წამში 1, ხოლო ყოველდღიურად 700 ადამიანს ისტუმრებს საიქიოს?

მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ განგიმარტეს:

მოწევა, შენთვის ძვირფასი ადამიანების გარემოცვაში, იგივენაირი დანაშაულია, როგორც საწამლავის შეგნებული გამოყენება მათი სიცოცხლის ხელყოფის მიზნით?

მიუხედავად იმისა, რომ:

უფლებას აძლევ ამ სიფრიფანა ქაღალდის ღერებს შენი გუნება-განწყობა და ხასიათი მართოს, სწრაფად იღლები, მუდმივად ენერგიის ნაკლებობას ან თავის ტკივილს უჩივი, გიჭირს სუნთქვა და, რაც დრო გადის, უფრო და უფრო გაწუხებს ხველა?

მაშინ მე ვეღარაფრით შეგაშინებ!

და არცაა ეს ამ სტატიის მიზანი, გულახდილად რომ ვაღიარო.

ვიცი, რა ძნელია ამ ყველაფერზე ფიქრი, როცა შენი ტვინი ნიკოტინის მორიგ დოზას ითხოვს, სიგარეტის კოლოფი კი ერთი ხელის გაწვდენაზეა. ისიც ვიცი, ვერავინ და ვერაფერი გათქმევინებს უარს მოწევაზე, თუ თავად არ მიიღე საამისო გადაწყვეტილება.

მხოლოდ იმაში მინდა დაგეხმარო, რომ ეს გადაწყვეტილება თავისუფალი არჩევნის შედეგი იყოს და არა იძულებითი „აღმკვეთი ღონისძიება“, როცა უკვე სხვა გზა აღარაა, როცა საკუთარ ჯანმრთელობას (შესაბამისად, ცხოვრებასაც) გამოუსწორებელი ზიანი მიაყენე.

moweva

ამიტომ შედეგებზე კი არა, მოდი, მიზეზებზე ვისაუბროთ.

გავარკვიოთ – მაინც რატომ ეწევი, რომ ეწევი

ბევრი დრო რომ არ დავკარგოთ, ამ მიზეზების შესწავლა-გამოძიებაზე ნერვებ და შრომადახარჯული ადამიანების დასკვნებს ჩამოგიწერ პუნქტებად, შენ კი შენი კონკრეტული შემთხვევა მოინიშნე „პწიჩკით“ :). თუმცა არა… სუბიექტური მიდგომისგან თავის დაზღვევის მიზნით, აჯობებს, ქვემოთ მოყვანილი ტესტი გაიარო, რომელიც პირუთვნელად და მიუდგომლად გაანალიზებს საფუძველს შენი ე.წ. მავნე ჩვევისა.

მაშ, მივყვეთ ნაბიჯ-ნაბიჯ და გავარკვიოთ, უმეტეს შემთხვევაში, რა მიზეზით ეწევი.

A ვეწევი, რომ არ მოვდუნდე და სულ ტონუსში ვიყო 5 4 3 2 1 A
B სიგარეტთან ურთიერთობა მოწევის სასიამოვნო ნაწილია 5 4 3 2 1 B
C მოდუნებაში მეხმარება 5 4 3 2 1 C
D ვეწევი, როცა ნერვებმოშლილი ვარ 5 4 3 2 1 D
E ძალიან განვიცდი, როცა სიგარეტი მითავდება 5 4 3 2 1 E
F მექანიკურად ვეწევი, არ ვაცნობიერებ 5 4 3 2 1 F
G ვეწევი, რომ ხასიათზე მოვიდე 5 4 3 2 1 G
H მომწონს ის მოქმედებები, სიგარეტის მოწევას რომ ახლავს თან 5 4 3 2 1 H
I სიგარეტი სასიამოვნოა, პატარა სიხარულია 5 4 3 2 1 I
J ვეწევი, როცა თავს უხერხულად ვგრძნობ 5 4 3 2 1 G
K მუდმივად ვფიქრობ, რომ არ ვეწევი 5 4 3 2 1 K
L ვუკიდებ, მავიწყდება რა, რომ საფერფლეში ისევ ბოლავს წინა სიგარეტი 5 4 3 2 1 L
M გასამხნევებლად ვეწევი 5 4 3 2 1 M
N მომწონს, ბოლს რომ ვუშვებ და ვუყურებ 5 4 3 2 1 N
O ყველაზე მეტად მაშინ მინდება მოწევა, როცა თავს კომფორტულად და მოხერხებულად ვგრძნობ 5 4 3 2 1 O
P ვეწევი, როცა დათრგუნული ვარ ან პრობლემებისგან განტვირთვა მინდა 5 4 3 2 1 P
Q მოწევის დაუძლეველ სურვილს ვგრძნობ, როცა ამას არ ვაკეთებ 5 4 3 2 1 Q
R როცა ვამჩნევ, ვერ ვიხსენებ, როგორ ჩავიდე პირში სიგარეტი 5 4 3 2 1 R

ახლა კი, დააჯამე შედეგები ქვემოთ მოცემული სქემის მიხედვით და ყურადღება მიაქციე კატეგორიებს, რომელშიც 11 ქულაზე მეტი დააგროვე.

ქულები ქულები ქულები სულ
A + G + M = აღგზნებადობა
B + H + N = „ნებივრობა“, ხელებისთვის „საქმის მიცემა“
C + I + O = სიამოვნება
D + J + P = მოდუნება, დაძაბულობის მოხსნა

მას შემდეგ, რაც მოწევის მავნე ჩვევის მიზეზს გაარკვევ (და, რაც მთავარია, მასზე უარის თქმის გადაწყვეტილებას მიიღებ), ჩათვალე, რომ სიგარეტისთვის 80%-ით უკვე დანებებული გაქვს თავი (არ შევიმჩნევ, მორიგი ღერისთვის რომ გაგექცა ხელი ;)) და ისღა დაგრჩენია, შენთვის შესაფერი მეთოდი აირჩიო. მეტი მოტივაციისთვის კი ერთ კარგ ამბავს შეგატყობინებ:

გამოკვლევების თანახმად, მოწევისთვის თავის დანებებიდან ორი წლის შემდეგ, დაავადებათა უმეტესობის განვითარების რისკი ყოფილი მწეველებისა და იმ ადამიანებისათვის, რომლებსაც სიგარეტი პირში არასოდეს ჩაუდიათ,  სრულიად აღარ განსხვავდება ერთმანეთისაგან.

ხოლო მოწევაზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლების მეთოდებს რაც შეეხება, მათი მოძებნა დიდ სირთულეს არ წარმოადგენს, თუნდაც, ნეტში და არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, შედეგს ფსიქოლოგთან კონსულტაციით მიაღწევ, ელექტრონულ სიგარეტებს გამოიყენებ თუ, უბრალოდ, იტყვი „აღარ მოვწევ“ და ყველას დაუმტკიცებ, რომ ნებისყოფა გაგაჩნია.

თუ დაინტერესდები, აქვე შემოგთავაზებ ალან კერის ბესტსელერის „მოწევისთვის თავის დანებების მარტივი ხერხი“ გაცნობის შესაძლებლობას. როგორც ამბობენ, ძალიან ბევრს დაეხმარა. აი, წიგნის გადმოსაქაჩი ბმული (რუსულ ენაზე).

ვიცი, ახლა რაც უნდა მითხრა

– ადრეც ცადე თავის დანებება, მაგრამ დიდი დისკომფორტი შეექმნა და ხელი ჩაიქნიე.

– კარგი, რა… სულ რაღაც, ორი კვირა, ჰა და ჰა – ერთი თვე. განა ღირს ამ რამდენიმე დღისთვის ფილტვები და ცხოვრება მოიწამლო?

– ეგ ერთი სიამოვნება ქვს ყოველდღიურ დავიდარაბაში და მასზეც უარი თქვა?

– საგანგაშო სიტყვებია „ეგ ერთი“, რომელსაც აუცილებლად უნდა მიაქციო ყურადღება. მართლაც… რატომ ერთი?

ფსიქოლოგებმა დაამტკიცეს, რომ ქვეცნობიერად სიგარეტის წევა თვითმკვლელობის აქტთანაა გათანაბრებული. ჰოდა, რატომ იკლავ თავს? რითი ხარ ასე უკმაყოფილო? რატომ არ ცდილობ, უფრო ბედნიერი იყო?

– რაღაცით ხომ უნდა მოკვდე… თუ აქ უკვდავების გარანტიას მაძლევს ვინმე?

– ნწ, არავინ!

ადრე თუ გვიან ჯანმრთელებიც მოვკვდებით, მაგრამ ეგ სრულიად სხვა თემაა. ახლა, მგონი, იმაზე ვსაუბრობდით, როგორ ვიცოცხლოთ უფრო ხარისხიანად, როგორ ვიგრძნოთ თავი უკეთესად და ვისუნთქოთ თავისუფლად, როგორ გამოვიყენოთ უფრო ეფექტურად ჩვენ ხელთ არსებული ბიოლოგიური რესურსები.

ამაზე გამახსენდა…

სტუდენტობისას, რამდენიმე მეგობარმა, საღამოობით, ერთიანად გაკვამლულ ბარებში გართობის ნაცვლად,  იოგას მეცადინეობებზე სიარული გადავწყვიტეთ. მართალია, ხანმოკლე (უნდა გამოგიტყდე), მაგრამ მშვენიერი გადაწყვეტილება აღმოჩნდა – დაძაბული დღის რეჟიმის შემდეგ საოცარი სიმშვიდის და ჰარმონიის შეგრძნება გვიბრუნდებოდა, ენერგიით და ხალისით ვივსებოდით.

ერთხელაც, ვარჯიშის შემდეგ, ლოტოსის პოზაში ფეხმორთხმულები, საუბარს შევყევით. არ ვიცი, სიტყვამ მოიტანა თუ იოგას ინსტრუქტორმა შეგნებულად შეარჩია თემა, მოულოდნელად შემეკითხა:

–     შეგიძლია წარმოიდგინო ადამიანის ტვინის აგებულება?

–     რა პრობლემაა? – უყოყმანოდ ვუპასუხე.

–     წარმოიდგინე?

–     წარმოვიდგინე.

–     მთელი თავისი მოცულობით, ჰემისფეროებით, ნაოჭებით, ხვეულებით…

–     გასაგებია.

–    ახლა წარმოიდგინე, რა რაოდენობის და სირთულის ოპერაციას ასრულებს ყოველ წამში ეს უმძლავრესი ბიოლოგიური მექანიზმი და რა შესაძლებლობები გააჩნია პოტენციაში. წარმოიდგინე?

–     აჰაა…

–     ახლა სიგარეტის ღერი გაიხსენე.

–     სიგარეტის ღერი?

–     ჰო, წვრილი, თეთრი, სუსტი, მტვრევადი, სიფრიფანა ღერი.

–     მერე?

–    მინდა, ასეთ სურათს დააკვირდე: ზის ფეხიფეხზე გადადებული, უმძლავრესი და უსრულყოფილესი მექანიზმის – თავის ტვინის – ბედნიერი მფლობელი, თითქმის ყოვლისშემძლე არსება სავარძელში და თავისივე გამოგონილი სათამაშოს – სიგარეტის – კვამლით ბოლავს ამ მექანიზმს, რომ მწყობრიდან გამოიყვანოს და მუშაობა ვეღარ შეძლოს… და ამას სჩადის ყოველდღე… დღეში 10-ჯერ, 20-ჯერ, 40-ჯერ… და ამას სჩადის უდიდესი სიამოვნებით.

მცირე პაუზა გააკეთა და საბოლოო კითხვა დამისვა:

–      ახლა კი, მითხარი, რა ჰქვია ასეთ ადამიანს?

–      სუ-ლე-ლი! – სიცილით გავაკეთე საჭირო „აღმოჩენა“.

–      ჰოდა, აღარ დაივიწყო!

იქნებ მეთხოვა, რომ შენც გახსოვდეს… თუმცა, მერწმუნე, ზემოაღნიშნული ეპითეტით არავისი შეურაცხყოფა არ მინდოდა. შენ შეგიძლია, სხვანაირად იფიქრო :).

მართლა შეგიძლია?!