იცოდით, რომ კანი დაბერებას უკვე 25 წლის ასაკში იწყებს?

რა უბედურებაა? გარდატეხის ასაკის მუწუკებმა გაქრობა ვერ მოასწრეს, რომ ეგრევე უნდა გამოვაცხადოთ მზადყოფნა პირველი ნაოჭების მოსაგერიებლად.

რატომ ბერდება კანი?

კანი სხეულს გარეშე ნივთიერებების შეღწევისაგან იცავს, ისევე, როგორც ინფექციებისა და დასხივებისაგან. მას, რა თქმა უნდა, აღდგენის უნარი გააჩნია, თუმცა 25 წლის შემდგომ ეს პროცესი ნელდება და რთულდება, რამდენადაც კანის უჯრედები უწინდელი ინტენსივობით აღარ იყოფიან. მარტივად რომ ვთქვათ, თანდათან წყვეტენ განახლებას. ზედა შრე თხელდება, ქსოვილში იკლებს სითხისა და ცხიმის შემცველობა.

ყველაფერში დამნაშავე კი – ოქსიდირების პროცესია: კანის მოლეკულაში არსებული თავისუფალი რადიკალების (ოქსიდანტების) “შეხვედრა” ჟანგბადთან.

მოდი, მივუყვეთ ყველაფერს თავიდან…

აგრესიული ჟანგბადი

ჟანგბადი რკინასაც კი აიძულებს დაჟანგებას, ხომ წარმოგიდგენიათ, კანს რას უშვება?!

ცხოვრება-მოღვაწეობის პროცესში მასში ფორმირდება O2-ის აგრესიული ფორმები (იგივე თავისუფალი რადიკალები, აკა ოქსიდანტები), რომლებიც აწარმოებენ დაჟანგების მსგავს პროცესს ეპიდერმისის ზედა შრეებში.

გულზე ხელის დადებით უნდა ვაღიაროთ, რომ ოქსიდანტები ძალიან ბევრ სასარგებლო პროცესში იღებენ მონაწილეობას და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახლავთ ორგანიზისათვის. საშიშია მხოლოდ მათი მოჭარბებული რაოდენობა, რადგან წინ ვერაფერი აღუდგებათ: ანადგურებენ მოლეკულებს, უჯრედებს; დნმ-საც კი შლიან და იწვევენ მუტაციას.

მეცნიერებმა დადგინეს, რომ თავისუფალი რადიკალების ბრალია ისეთი დაავადებები, როგორიცაა სიმსივნე, ინფარქტი, ინსულტი და ა.შ. განსაკუთრებით კი იმით არიან საშიშნი, რომ ყველგან გვხვდებიან: საკვებში, ჰაერში, ჩვენსავე უჯრედებში.

არსებობს თუ არა ხსნა?

კანისათვის ყველაზე რეალურ საშიშროებას წარმოადგენს ნარუჯი. ულტრაისფერი დასხივება მართალია, კანს ოქროსფერ ელფერს სძენს, მაგრამ სწორედაც რომ იგი აქცევს ნეიტრალურ მოლეკულებს აგრესიულებად. ანადგურებს რა უჯრედს შიგნიდან, იგი მას დაუცველსა და უმწეოს ხდის.

ჩვეულებისამებრ, ჯანსაღ ორგანიზმს თავადვე შესწევს უნარი, გაუმკლავდეს ოქსიდანტებს. მაგრამ, მაგალითად, ინფექციური დაავადების გამო იმუნური სისტემის დაქვეითებისას იგი თავდაცვას ვერ ახერხებს.

ამ შემთხვევაში საჭიროა გარეშე ჩარევა და დახმარება. ხსნას ანტიოქსიდანტი ეწოდება. იგი თავად ბუნებამ შეჰქმნა და განმწმენდის როლს ასრულებს – ანეიტრალიზებს უკვე არსებულ თავისუფალ რადიკალებს; აგრეთვე, ხელს უშლის ახლის წარმოქმნას.

გამოკვლევების თანახმად, ანტიოქსიდანტების მიერ განხორციელებული დაცვის ეფექტურობა 99%-ს შეადგენს.

 უარი სიბერეს!

ბუნებრივ ანტიოქსიდანტებს წარმოადგენენ A, C, E & K ვიტამინები. აგრეთვე – გლუტატიონი. რამდენადაც სახის კანი მთელს ორგანიზმში უპირველესად ხდება თავისუფალი რადიკალების სამიზნე, მის დასაცავად უფრო სერიოზული ნივთიერებები უნდა გამოვიყენოთ. ასეთია ფლავონოიდი, რომელიც C და E ვიტამინებზე 10-ჯერ ეფექტურია.

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ სწორედ ზემოთხსენებული ნივთიერების ზემოქმედებით, წითელი ღვინის (ამ უკანასკნელის სხვა სასარგებლო თვისებების შესახებ ასევე იხ. ჩანაწერი სასმელს ხომ არ ინებებდით) რეგულარულად – მცირე ოდენობით მიღება, გულის შეტევის თავიდან არიდებაში გვეხმარება.

ფლავონოიდები არამხოლოდ წარმატებით ანეიტრალიზებს თავისუფალ რადიკალებს, არამედ, ასტიმულირებს ანტიოქსიდანტების გამომუშავებას ორგანიზმში. ეხმარება კანს თვდაცვის გაძლიერებაში.

დასახელებულ ნივთიერებას შეიცავს ბევრი ახალი თაობის სახის კრემი (Day wear Plus – Estee Lauder, დამატენიანებელი – Continuous Rescue – Clinique, ნაოჭებისაგან დამცავი – LiftactivPRO -Vichy)  რომელიც 25+ ასაკის ალბატონებისთვისაა განკუთვნილი. ამიტომ, დამცავი საშუალების შეძენისას ყურადღება მიაქციეთ ნივთიერებათა შემცველობასა და შემადგენლობას. გამოუცხადეთ ბრძოლა სიბერეს!