ჰორმონების დონის ცვლილება ჩვენს ორგანიზმში უამრავ ზემოქმედებას ახდენს: ცვლილებები თმის, სახის კანისა და სხეულის გარეგნობაში თუ ფორმებში სწორედ ჰორმონებს უნდა დავაბრალოთ. უფრო მეტიც, ჰორმონები ჩვენს თავდაჯერებულობაზეც კი მოქმედებს. თუმცა ეს არ ნიშნავს რომ მენსტრუალური ციკლის “მსხვერპლნი” უნდა გავხდეთ!

გთავაზობთ ერთგვარ თამაშის წესებს ციკლის ყოველი კვირისთვის. თუ მათ მიხედვით იმოქმედებ, თავს მთელი თვის განმავლობაში განუმეორებლად იგრძნობ.

(გამონაკლისი: თუ შენ ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონალურ საშუალებას მიმართავ, მაშინ შენს სხეულში ოვულაცია არ ხდება, შესაბამისად იგივე პიკები და ვარდნები ხასიათში და გარეგნობაში სავარაუდოდ არ აღგენიშნება)


პირველი კვირა

PMS-ის პერიოდი

რა ხდება ამ დროს:

ამ დღეებში დიდი ძალისხმევა გჭირდება იმისათვის, რომ მთელი დღის განმავლობაში მაცივარს როგორმე მოშორდე, ხოლო საღამოობით დივანზე წამოწოლის გარდა არაფერი გსურს. გარდა ამისა სახეზე აკნე (მუწუკები) გიტევს და თმა უფრო სწრაფად გიცხიმიანდება.

ამ ყველაფერში დამნაშავე ჰორმონი პროგესტერონია, რომელიც შენი ციკლის დაწყებამდე 5-6 დღით ადრე იმატებს და სახეზე/თავის კანზე მეტი ცხიმების გამოყოფას უწყობს ხელს.

ამ პერიოდში თითქმის ყველა ქალი თავს არა-მიმზიდველად გრძნობს.

დაამარცხე PMS

ჩვენი გეგმა:

  • ებრძოლე აკნეს!

სახის წინასწარი შემზადება საუკეთესო გამოსავალია (გადადი პოსტოვულაციის კვირაზე), მაგრამ თუ ერთი-ორი მუწუკი მაინც გამოჩნდა, მათთან ბრძოლაა საჭირო და არა ხასიათის გაფუჭება. კვირის განმავლობაში დღეში ორჯერ გაიწმინდე სახე ისეთი ანტი-აკნე საშუალებებით, რომლის შემადგენლობაშიც შედის გოგირდი და ბენზოლის ზეჟანგი .

  • შენიღბე!

ასევე საუკეთესო გადამრჩენელი ამ ეტაპზე მხოლოდ ტონალური (იგივე ბაზა) და კორექტორია. ტონალური კრემი დაგეხმარება სახის ფერის გათანაბრებაში,  ხოლო ფუნჯის საშუალებით წასმული კორექტორი (აირჩიე კრემის კონსისტენციის) პრობლემურ ზონებს შენიღბავს. მიღებული შედეგი შეგიძლია პუდრის საშუალებით გაამყარო.

  • არ დაგავიწყდეს დატენიანება!

ძალიან ბევრი გოგონა უშვებს კატასტროფულ შეცდომას ამ კვირაში და წყვეტს კრემების გამოყენებას. ისინი ფიქრობენ, რომ რადგან კანი ისედაც ცხიმიანია, ზედმეტი დატენიანება კიდევ უფრო გააფუჭებს მის მდგომარეობას.

სინამდვილეში კი PMS-ს დროს ორგანიზმში სტრესის დონე მაღალია. კანი განიცდის სითხის და ენერგიის ნაკლებობას. ამიტომ შეცვალე შენი ჩვეული დღის კრემი ისეთზე, რომელიც ცხიმიანი კანისთვისაა გათვალისწინებული. ან უკიდურეს შემთხვევაში საღამოს, ძილის წინ წაისვი მსუბუქი დამატენიანებელი ვიტამინების შემცველი კრემი.


მეორე კვირა

მენსტრუაციის პერიოდი

რა ხდება ამ დროს:

კარგი ისაა, რომ ამ დროს სიტუაცია სტაბილურდება, პროგესტერონი სულ უფრო და უფრო ნაკლები გამოიყოფა და სახის და თავის კანის სწრაფად გაცხიმიანება აღარ ხდება. თუმცა ამ ეტაპზე ორ მთავარ პრობლემას ვაწყდებით – აკნეს მიერ დატოვებული არასასიამოვნო ნაკვალევი სახეზე და სხეულის სპეციფიკური სუნი.

არომათერაპია

ჩვენი გეგმა:

  • გაიწმინდე სახის კანი!

ახლა სწორედ დელიკატური პილინგის დროა, რომლის შედეგად ზედმეტი უჯრედებისგან გათავისუფლებული კანი გადასწორდება, გადაიტკიცება, ფერი კი გამკვეთდრება. პროცედურის შემდეგ გამოიყენე ისეთი გამწმენდი ტონიკი, რომელიც შეიცავს სალიცილის მჟავას (მაგალითად, რამე ამგვარი). გარეთ გასვლის წინ კი აუცილებლად წაისვი მზისგან დამცავი კრემი არანაკლებ SPF15 შემცველობისა.

  • ყურადღება მიაქციე სურნელს!

ძალიან არასასიამოვნოა ამის აღიარება, მაგრამ თურმე მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, რომლის მიხედვითაც მამაკაცებს დააყნოსინეს ქალის სხეული მისი ციკლის სხვადასხვა პერიოდში. აღმოჩნდა, რომ სუნის მიხედვით ყველაზე მიმზიდველად მამაკაცებმა ოვულაციის პერიოდში მყოფი ქალები აირჩიეს, ხოლო ყველაზე ნაკლებ სასურველად – მენსტრუაციის პერიოდში მყოფები. ამიტომ მოდი ეს კვირა სუნამოებს და ჰიგიენას დაუთმე.

ჩაინიშნე: ხილის-ყვავილების სურნელის მქონე სუნამო ადვილად იგრძნობა, მუშკის სუნი – ძლიერი აფროდიზიაკია, ხოლო ვანილის სურნელი განსაკუთრებულად მდგრადია.


მესამე კვირა

ოვულაციის პერიოდი

რა ხდება ამ დროს:

ესტროგენის დამსახურებით, რომლის გამოყოფაც სხეულში პიკს სწორედ  ოვულაციის დროს აღწევს, შენი ლიბიდოც აქტივობის მწვერვალზეა. ამ პერიოდში შეგიძლია საყვარელ ადამიანთან სიახლოვით ყველაზე დიდი შთაბეჭდილებები მიიღო! ; ) მაგრამ თუკი შენს “მეორე ნახევარს” ჯერ არ შეხვედრიხარ, ეს ყველაზე ეფექტურად სწორედ ოვულაციის პერიოდში გამოგივა! ამ დროს შენი სახის კანი ანათებს, თმა საუკეთესოდ გამოიყურება, თვალები კი განსაკუთრებულად ციმციმებს.

დაუვიწყარი პაემანი

ჩვენი გეგმა:

  • მოემზადე არაერთი პაემნისთვის!

მამაკაცები თვალს არ გაშორებენ და მშვენივრად იცი რატომაც. ახლა შენ პრინცესა ხარ, არა მარტო გარეგნულად, არამედ თვით-შეგრძნებებითაც. თავს განსაკუთრებულად თავდაჯერებულად გრძნობ და მზად ხარ სპონტანური მოქმედებებისთვის, ასევე უფრო მეტად ხარჯავ ფულს საკუთარი სიამოვნებისთვის.

მოუწყვე საკუთარ თავს სპა-დღე (ან მოიგე ჩვენი საჩუქარი სასტუმრო რედისონში) ან გაიარე შენს საყვარელ პარფიუმერულ მაღაზიებში ახალი პომადის შესაძენად.

  • გამოაჩინე სხეული!

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ციკლის მესამე კვირაში ქალები ქვეცნობიერად უფრო სექსუალურად ჩაცმას იწყებენ. თუ ამ ყველაფერს საღამოს წვეულებაც ემატება, შენს მოკლე კაბას სხეულის მოციმციმე ლოსიონი განსაკუთრებით მოუხდება (მოიგე ჩვენს მიერ დაწესებული Jean Paul Gaultier-ის Fragile)!


მეოთხე კვირა

პოსტოვულაციის პერიოდი

რა ხდება ამ დროს:

ახლა თამაშში ერთვებიან ჰორმონები ტესტოსტერონი და პროგესტერონი, რომლებიც ორგანიზმში სითხის შეკავებას და კანის ცხიმიანობის მომატებას უწყობენ ხელს. მათი დონე ჯერ კიდევ არ არის ძალიან მაღალი, ამიტომ დროა ბრძოლა აქედანვე დაიწყო PMS-ის სიმპტომების წინააღმდეგ.

ეს კვირა PMS-ის პერიოდისთვის მოსამზადებელი სამუშაოების კვირაა!

ჩვენი გეგმა:

  • ებრძოლე დისკომფორტს (საჭმლის მონელების კუთხით)!

სამწუხაროდ შებერილობის და სიმძიმის შეგრძნებებს ვერ გაექცევი. გაიხსენე სწორი კვება, დალიე ბევრი წყალი და მწვანე ჩაი. კატეგორიულად შეზღუდე მარილიანი, შემწვარი კერძები და სოუსები. გადაერთე ბოსტნეულზე, რომელიც სითხის შეკავებას ხელს უშლის (ნესვი, საზამთრო, კიტრი) და უცხიმო საკვებზე.

  • დაუთმე დრო სახეს!

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, PMS-ის დროს აკნეს შემოტევა გემუქრება, ამიტომ წინასწარ აქტიურად გამოიყენე ანტი-აკნე საშუალებები, რომლებიც ანტიბაქტერიულ კომპონენტებს შეიცავენ.