ძირითადი მიზეზი რატომაც უნდა დავიბანოთ სახე არის, რომ მოვიცილოთ ბაქტერიები, მაკიაჟი, ჭუჭყი, ოფლი, ცხიმი.

როგორც წესი, სახე დღეში ერთხელ მაინც უნდა დაიბანო, თან ისეთი დასაბანი საშუალებით, რომელიც არ დააზიანებს და მთლიანად არ მოაცილებს ბუნებრივ ცხიმს სახის კანს.

სახის დაბანამდე რა თქმა უნდა ჯერ მაკიაჟი უნდა მოიცილო. ყველაზე რთული მოსაცილებელი თვალის მაკიაჟია. სასურველია, ამისთვის განკუთვნილი სპეციალური პროდუქტი შეარჩიო. ყველა კანისთვის შესაფერისი არჩევანია არაზეთოვანი (oil free) სითხე. შეეცადე ძალის გამოყენებით და  ხელის უხეში მოძრაობებით არ გაიღიზიანო თვალის მიდამო, არამედ ერთი და ნაზი ხელის მოსმით მოიცილე თვალის ჩრდილი, ტუში, აშ.

იმ შემთხვევაში თუ  თვალის მოსაშორებელი სითხე გაგითავდა და ახლის შეძენა ვერ მოასწარი, შეგიძლია ზეითუნის ან ნუშის ზეთში დაასველო ბამბა და მოიცილო წყლით ძნელად მოსაშორებელი ტუში, რომელიც ასეთ დროს ითხაპნება და ძნელად ან თითქმის არ შორდება.

მაკიაჟი მოიცილე. დადგა სახის დაბანის ჯერიც. თუ რომელი დასაბანი საშუალება აარჩიო შენი კანისთვის, ამაში ქვევით მოცემული დახასიათებები დაგეხმარება.

საპონი ღრმად წმენდს სახის კანს, ოღონდ სპეციალური, სახის დასაბანად განკუთვნილი საპონი უნდა შეარჩიო და არავითარ შემთხვევაში ჩვეულებრივი ან მითუმეტეს ანტიბაქტერიული, რომელიც სხეულისთვის არის განკუთვნილი. ეს სახის კანს ძალიან გამოგიშრობს და დაგიტოვებს სიმშრალის, დაჭიმულობის შეგრძნებებს. გლიცერინის შემცველი საპონი სახის კანს დაგირბილებს. საპონი საუკეთესოა ცხიმიანი ტიპის კანისთვის.

ჟელეს ტიპის დასაბანი საშუალებები როგორც წესი,  დაბანის დროს ქაფდება.  ასეთი სტრუქტურა კარგად უმკლავდება ზედმეტი ცხიმის გამოყოფას სახეზე და ებრძვის გამონაყარს. საუკეთესო არჩევანია ცხიმიანი და კომბინირებული ტიპის კანისთვის.

კრემოვანი დასაბანი მასალა  მსუბუქია და შეიცავს წყალს. სახეს ასუფთავებს ნაზად და არ არის კანისთვის უხეში. უმეტესწილად ასეთი პროდუქტები შეიცავენ ზეთებს და რეკომენდირებულია  ნორმალური და მშრალი ტიპის კანისთვის.

ზეთოვანი დასაბანი საშუალებები ყველაზე კარგია   მშრალი სახის კანისთვის.

ისეთი პროდუქტები, რომელიც შეიცავენ მალამოს, იმით არის გამორჩეული, რომ სახის კანის გასუფთავება და დატენიანება ერთდროულად ხდება. გარდა ცხიმიანისა, ყველა კანის ტიპისთვის შესაფერისია ასეთი პროდუქტი.

დასაბანი საშუალებები, რომელიც შეიცავენ პილინგის ეფექტს, გამოიყენება მკვდარი კანის  მოცილების მიზნით. ამ პროცედურის შედეგად სახის კანი უფრო გლუვი და ნაზი ხდება.  პილინგის სახის დასაბანი პრიდუქტები იყოფა ორ ნაწილად. პირველი, რომელიც შეიცავს ჰიდროქსიმჟავას (გლიკოლის ან სალიცილის მჟავას), რომლის გამოყენება შეიძლება კვირაში რამდენჯერმე და არ არის უხეში სახის კანისთვის და მეორე ტიპის, როცა დასაბანი საშუალება შეიცავს ბურთებს, რომლითაც სახე უნდა დაიბანო კვირაში 2 ჯერ ჩვეულებრივი დასაბანი საშუალების მაგივრად.

აარჩიე შენი კანისთვის საუკეთესო დასაბანი საშუალება. სწორად შერჩეული პროდუქტი დაგეხმარება სანის კანის გასუფთავებასა და მისთვის ჯანსაღი იერის შენარჩუნებაში.

წყარო: ბობი ბრაუნის მაკიაჟის სახელმძღვანელო