ეს რჩევები მათთვისაა განკუთვნილი, ვისაც თავისი წონა აკმაყოფილებს და უნდა, რომ შეინარჩუნოს, თან ისე, რომ მუდმივად ამ თემაზე არ იფიქროს.

ჭამე ის, რაც ნამდვილად გინდა

დაივიწყე, რომ არსებობს “კარგი” და “ცუდი” საკვები, “დაბალკალორიული” და “მაღალკალორიული”. ჭამა სიამოვნებაა, ამიტომაც მხოლოდ ის უნდა მიიღო, რაც გსიამოვნებს, თუნდაც შედარებით უფრო მცირე დოზებით. ჯობია ერთი თეფში მაკარონი მიირთვა საწებელთან ერთად, ვიდრე ორი ულუფა მოხარშული კარტოფილი, რომელიც დაგანაყრებს, მაგრამ გუნება-განწყობილებას არ გამოგიკეთებს და შენ კვლავ დაიწყებ “რაიმე გემრიელის” ძებნას, რაც კანფეტამდე ან შოკოლადამდე მიგიყვანს, შედეგად მიღებული კალორიების რაოდენობა ბევრად უფრო მეტი იქნება, ვიდრე ერთი ულუფა მაკარონის შემთხვევაში.

“მოუსმინე” საკუთარ სხეულს

როცა საკუთარ თავს უფლებას მიცემ ნებისმიერი სახის საკვები მიიღოს ნებისმიერ დროს, გაცილებით მცირე იქნება იმის შესაძლებლობა, რომ ნებისმიერ წვეულებაზე, დაბადების დღეზე ან უბრალოდ, მეგობრების შეკრებაზე სასუსნავს დაუწყებ ძებნას, “დღეს განსაკუთრებული დღეა და მე შემიძლია თავს უფლება მივცე” დევიზით და იმაზე მეტს მიირთმევ, ვიდრე რეალურად გინდა. ამიტომ, ჯერ კარგად დაფიქრდი, ნამდვილად გინდა ის, რის მირთმევასაც ამწუთას აპირებ?

დაიცავი რეჟიმი

საუზმის მაგიერ ფინჯანი ყავა, ლანჩი მოიცდის, ბევრი საქმეა…ამის შედეგად, საღამოს იმდენად გშია, რომ მზად ხარ სამი კაცის ულუფა გადასანსლო.

ამას ჯობია, გამონახო დღეში ორჯერ 10-15 წუთი და თუნდაც ერთი ფუნთუშა ან სენდვიჩი მიირთვა.

 

ნუ მოიკლებ ძილს

ძილ-ღვიძილის რეჟიმის დარღვევა წონის მატებას უწყობს ხელს, ეს მეცნიერულადაა დადასტურებული. უფრო ადრე დაწოლას თუ ვერ ახერხებ, მაშინ დღისით წაუძინე, მთავარია, გამოუძინებელი არ იყო, რადგან ამ დროს გაუცნობიერებლად იწყებ სუსნაობას და ზედმეტი კალორიების მიღებას.

დაკავდი საყვარელი საქმიანობით

და უფრო ნაკლებად მოგინდება სიცარიელის საკვებით შევსება. რაიმე ჰობი, თუნდაც ეს ქარგვა ან კულინარია იყოს, არ დაგიტოვებს ზედმეტ დროს, როცა არ იცი რა აკეთო და პირდაპირ მაცივრისკენ გაგირბის ხელი და თვალი.