Home თავის მოვლა

რეპროდუქცია – პირდაპირ თარგმანში ხელახალი წარმოება, კვლავ წარმოება (ლათ. Re-ხელახლა, produco-ვაწარმოებ, ვქმნი). ადამიანის შემთხვევაში ეს არის გამრავლების ფუნქცია, მისი მსგავსის შექმნის უნარი. ამ ფუნქციის შესრულება შესაბამისად რეპროდუქციულ სისტემას აკისრია, ქალში და მამაკაცში გამრავლების სისტემა განსხვავებულია, როგორც გარეგანი ნიშნებით, ანუ სასქესო ორგანოებით, ასევე ფუნქციურად.

ქალის სასქესო ორგანოებს ყოფენ გარეგან და შინაგან სასქესო ორგანოებად.

შინაგანი სასქესო ორგანოებია:

საკვერცხეები – ოვალური ფორმის წყვილი ორგანო, რომლებიც მოთავსებული არიან მცირე მენჯის ღრუში, საშვილოსნოს გვერდით მარცხნივ და მარჯვნივ. საკვერცხეს ორი განსხვავებული ფუნქცია აკისრია: ჰორმონების გამომუშავება (ესტროგენი, პროგესტერონი) და კვერცხუჯრედის წარმოება (ფოლიკულის მომწიფება>ოვულაცია>მომწიფებული კვერცხუჯრედის გამოთავისუფლება).

ფალოპის მილი (ლულა), იგივე კვერცხსავალი მილი – ასევე წყვილი ორგანო, დაახლოებით 10სმ სიგრძის. ერთი ბოლოთი საშვილოსნოს უკავშირდება, მეორე ბოლოდან კი მასში საკვერცხიდან ვარდება მომწიფებული კვერცხუჯრედი. ფალოპის მილი მისი წამწამოვანი შიგნითა საფარით (ეპითელიუმით) და კუნთოვანი შრით უზრუნველყოფს კვერცხუჯრედის გადაადგილებას საშვილოსნომდე.

საშვილოსნო – კენტი ღრუ ორგანო, შედგება საშვილოსნოს ტანისა და საშვილოსნოს ყელისაგან. მისი კედელი სამშრიანია: ენდომეტრიუმი-შიდა ლორწოვანი შრე, მიომეტრიუმი-შუა კუნთოვანი შრე და გარეთა მფარავი, ანუ სეროზული შრე – პერიმეტრიუმი. საშვილოსნოს აკისრია სამი ფუნქცია: მენსტრუალური, ნაყოფის ტარებისა და ნაყოფის გამოძევების მშობიარობის დროს.

საშო, იგივე ვაგინა – წარმოდგენილია არხის სახით რომელიც საშვილოსნოს ყელს აკავშირებს გარე სამყაროსთან.

გარეგანი და შინაგანი სასქესო ორგანოების გამყოფ საზღვარზეა საქალწულე აპკი – ლორწოვანი გარსის ნაკეცი, რომელიც ნაწილობრივ ფარავს ვაგინალურ ხვრელს ისე, რომ ნორმაში, ხელს არ უშლის მენსტრუალური სისხლის გამოსვლას.

გარეგან სასქესო ორგანოებს მიეკუთვნება:

დიდი სასირცხო ბაგეები – კანის ნაოჭები, რომლებიც გარედან ფარავს შიგნითა სასქესო ორგანოებს. ისინი პიგმენტირებულია და თმით დაფარული. მექანიკური დამცავი ფუნქციის გარდა მათი დანიშნულება დამატენიანებელი სეკრეტის გამომუშავებაა.

მცირე სასირცხო ბაგეები – კანის თხელი ნაკეცები დიდი ბაგეების ქვეშ მდებარეობს. გარს აკრავს საშოს შესავალსა და ურეთრას (შარდსადენ მილს).

კლიტორი, იგივე სავნებო – მოთავსებულია მცირე ბაგეების შესართავთან, ანატომიურად და ფუნქციურად მამაკაცის სასქესო ასოს მსგავსია, მდიდარია სისხლძარღვებითა და ნერვული დაბოლოებებით.vagina-illustration

სარძევე ჯირკვლები – აქვს რძის გამომუშავების ფუნქცია, შედგება ცხვიმოვანი ქსოვილის, ჯირკვლოვანი ქსოვილისაგან და სადინრებისგან, რომლებიც იხსნება ძუძუს დვრილში.

აღნიშნული ორგანოები ქალის ორგანიზმში დაბადებიდანვე არის სრულყოფილი ან ჯერ განუვითარებელი ფორმით; თუმცა ძირითადი ფუნქციის შესრულებას ისინი პუბერტატული (ე.წ.გარდატეხის) ასაკიდან იწყებენ.

პუბერტატულ ასაკში გოგონა საგრძნობლად იზრდება სიმაღლეში, ეცვლება სხეულის მოყვანილობა, მატულობს თეძოს გარშემოწერილობა, იზრდება სარძევე ჯირკვლები, ხდება თმიანობის მატება ბოქვენის და იღლიის არეში, კანი ცხიმიანი ხდება, რასაც არცთუ იშვიათად აკნე ახლავს თან.

პუბერტატული ასაკი საშუალოდ 11-17 წლების ფარგლებშია. თუმცა ეს პერიოდი საკმაოდ ინდივიდუალურია და კონსტიტუციურ ტიპზე, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, გეოგრაფიულ სარტყელზე და ჰავაზე დამოკიდებულებით შეიძლება უფრო ადრე დაიწყოს (სამხრეთის ქვეყნებში) ან პირიქით, უფრო გვიან. ასე რომ თუ 9-10 წლის (პრეპუბერტატული ასაკი) გოგონას შენიშნავ სქესობრივი განვითარების დაწყებას (სარძევე ჯირკვლების შეშუპება, მტკივნეულობა, თმიანობა ბოქვენის და იღლიის მიდამოში), აღელვებას ნუ იჩქარებ. ასევე არაფერია სანერვიულო თუ 12-13 წლის გოგონა ძალიან ბავშვურად გამოიყურება. მაგრამ ითვლება, რომ 15 წლის ასაკში თუ პირველი მენტრუაცია (მენარქე) არ ყოფილა, უკვე ღირს ენდოკრინოლოგ-გინეკოლოგთან მისვლა.

მენარქედან პირველი წლის განმავლობაში მენსტრუაციის არარეგულარობა დარღვევად არ ითვლება.

შენ რას იტყვი?