ძალიან მიყვარს თმის ფერზე ექსპერიმენტების ჩატარება: შავი, ყავისფერი, ქერა, წითელი.. ბოლო რამდენიმე წელია მუდმივად წითელი  თმა მაქვს. აქედან გამომდინარე, ძალიან კარგად ვიცი, რომ  შეღებილი თმის მოვლა საკმაოდ ძნელია, მაგრამ კიდევ უფრო ძნელი  შეღებილი წითელი თმის მოვლაა.

წითელი თმა უფრო ადვილად ფერმკრთალდება და რამდენიმე კვირაში მბზინავი, ხშირი და მუქი წითელი კულულები სათანადო მოვლის გარეშე გარანტირებულად ემსგავსება ცოცხს.

ცდის და შეცდომის მეთოდით მეტ-ნაკლებად ვისწავლე სახლის პირობებში როგორ შემეღება და მომევლო თმისთვის, მივაგენი პატარ-პატარა ეშმაკობებს და გადავწყვიტე იმათ გავუზიარო, ვისაც  უნდა ჟღალი გახდეს.

Burgundy

ნაბიჯი 1. როგორ შევარჩიოთ საღებავის ფერი

იმისათვის, რომ ფერი კარგად შევარჩიოთ, უნდა გავითვალისწინოთ თმის ნატურალური ფერი და კანის ტონალობა.

როგორია თქვენი თმის ნატურალური ფერი?

  • თუ თქვენ ქერა/ჩალისფერი თმა გაქვთ: სასურველზე ორი ტონით მუქი საღებავი უნდა აარჩიოთ,  წინააღმდეგ შემთხვევაში ფერი სასურველზე ბევრად ღია იქნება.
  • თუ თქვენ მუქი ყავისფერი თმა გაქვთ: წინასწარუნდა გაიღიავოთ, ან სასურველზე ორი ტონით ღია ფერის საღებავი აიღოთ.
  • თუ თქვენ ჭაღარა ან თეთრი თმა გაქვთ: ჯობია თმის შეღებვა სპეციალისტს მიანდოთ, ჭაღარა თმა ძალიან არაპროგნოზირებადია.

როგორი ტონალობისაა თქვენი კანი?

არსებობს ორი ტიპის კანი, თბილი და ცივი ტონალობის. როგორც წესი, ცივი ტონალობის კანის მქონე ადამიანებს ნაცრისფერი, ლურჯი, შავი ან მუქი ყავისფერი თვალები აქვთ, თბილი ტონალობის კანის მქონე ადამიანებს კი მწვანე, ჭაობისფერი, ღია ყავისფერი ან  თაფლისფერი.

  • კანის ცივი ტონალობის მქონეებმა უპირატესობა ხასხასა, ცივი ტონალობის წითელ ფერებს უნდა მიანიჭონ, მაგალითად burgundy ან machogany. მსგავსი კანის ტიპის მქონე ადამიანებმა თავი  უნდა აარიდონ ყვითელი/ოქროსფერი ფუძის მქონე საღებავებს.
  • კანის თბილი ტონალობის მქონე ადამიანებს ოქროსფერი ფუძის მქონე თბილი წითელი ტონალობები უფრო მოუხდებათ, მაგალითად  rich auburn და copper.
Rich auburn

ნაბიჯი 2. როგორ ავარჩიოთ საღებავის ბრენდი და ტიპი

  • საღებავი ყოველთვის  კატალოგის მიხედვით აარჩიეთ და არა კოლოფზე გამოსახული  თმის ფერის მიხედვით, ძალიან ხშირად ეს ორი ფერი ერთმანეთს საერთოდ არ ემთხვევა.
  • შესაღებად უმჯობესია მდგრადი საღებავი შეარჩიოთ, მესამე დონის. ყველაზე მდგრადი კი ჭაღარის დასაფარი საღებავებია.
  • თუ დარწმუნებული არ ხართ, რომ ნამდვილად გინდათ წითელი თმა, დასაწყისისთვის ჯობია  ტონიკი ცადოთ, რომელიც რამდენიმე დაბანის მერე ჩამოირეცხება.

პირადი გამოცდილება:

შედარებით დაბალფასიან საღებავებში  ყველაზე მდგრადია Palette, თუმცა თმას უფრო მეტად წვავს, Garnier თმას იცავს, მაგრამ უფრო მარტივად უფერულდება.

შედარებით მაღალი ფასის მქონე ბრენდებში L’Oreal საღებავები მომწონს, ალუბლის სასიამოვნო არომატი აქვს, ადვილადწასმადია და ყველაზე დიდხანს რჩება თმაზე.

Copper red

ნაბიჯი 3. როგორ შევიღებოთ თმა სწორად

უნივერსალური წესები:

  • თმის ბოლო დაბანვიდან შეღებვამდე მინიმუმ 24 საათი მაინც უნდა გავიდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდი შანსია, შეღებვის მერე თმის მაგიერ ცოცხი შეგრჩეთ ხელში.
  • წითელი საღებავი შავის მერე ყველაზე ძალიან ალაქავებს კანს,  ამიტომ შეღებვის წინ თმის კონტურზე და ყურებზე რაიმე ცხიმიანი კრემი წაისვით (ბავშვის კრემი ან ვაზელინი საუკეთესოა) და კანი დასვრისთანავე გაიწმინდეთ სველი  ნაჭრით.

ჩემი პატარა ხრიკები:

  • საღებავის ინსტრუქციაში წერია, რომ წესით საღებავს ჯერ თმის ძირებზე ვისვამთ, მერე ბოლოებზე. წითელი საღებავის შემთხვევაში ეს არ ამართლებს! რამდენიმე წარუმატებელი ცდის მერე თავიდანვე თმის მთელ სიგრძეზე გავინაწილე საღებავი და  იდეალურად თანაბარი ფერი გამოვიდა.
  • მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი: საღებავი გრილი წყლით უნდა ჩამოირეცხოთ, იქამდე სანამ არ იგრძნობთ რომ საღებავი მთლიანად მოშორდა თმას. არ დაელოდოთ სანამ წყალი სრულიად გამჭვირვალე გახდება. კი, ეს მუშაობს სხვა ფერებზე, მაგრამ წითელი თმის შემთხვევაში დიდი შანსია რომ თმაზე დადებული საღებავის უდიდეს ნაწილს პირველივე ჩამობანაზე გამორეცხავთ. ჩამობანისთანავე დაიდეთ თავზე სპეციალური კონდიციონერი (თუ საღებავს თან არ მოყვება, შეღებილი თმის ნიღაბი ან უბრალოდ ბალზამი/კონდიციონერიც გამოდგება), დაიცადეთ რამდენიმე წუთი და ჩამოიბანეთ.
  • კარგი იქნება თუ ცალკე გექნებათ პირსახოცი  შეღებვის მერე თმის გასამშრალებლად.
Bright Red და ცივი ტონალობის კანი

ნაბიჯი 4. როგორ შევინარჩუნოთ ფერი დიდხანს

ეს რჩევები უნივერსალურია, თუმცა რაც უფრო ხშირად “დაგვავიწყდება” თმაზე ნიღაბის დადება ან სპეციალური შამპუნის მაგიერ ხელში მოხვედრილი პირველივე შამპუნით დავიბანთ, მით უფრო მალე გავატანთ ჩვენს შრომას წყალს, ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით.

  • არავითარ შემთხვევაში არ დაიბანოთ  შეღებვიდან 48 საათის მანძილზე, მიეცით თმას „ამოსუნთქვის“ საშუალება. საღებავი ისედაც აცლის მთელ ბუნებრივ ცხიმს და თმის სრტუქტურას „ღიას“ ტოვებს, შამპუნს და წყალს კი ამ „ღია“ თმის ღერებიდან მთელი ის პიგმენტები გამოაქვს, ასე წვალებით რომ დავიდეთ თავზე.
  • თმა მაქსიმალურად გრილი წყლით დაიბანეთ.
  • ყოველთვის იხმარეთ დამატენიანებელი შამპუნი და კონდიციონერი
  • ან შამპუნი და კონდიციონერი სპეციალურად შეღებილი თმისთვის
  • კვირაში ერთხელ შეღებილი თმის ნიღაბი იხმარეთ.
  • მაქსიმალურად მოერიდეთ თმის საშრობი ფენის ხმარებას, თუ მაინცადამაინც, დაბალ ტემპერატურაზე დააყენეთ.

გისურვებთ წარმატებებს.