Home თავის მოვლა

მოწვეული ავტორი: ბლოგერი Pro-Woman

მოწვეული ავტორის სტატუსით სტატიის გამოქვეყნება შენც შეგიძლია.
გამოგზავნე სტატია Word ფორმატში ელ. ფოსტაზე – editor@pink.ge

მათ არ დავცინით – თუმცა თანავუგრძნობთ.

მათ არ ვებრძვით – თუმცა ვდევნით ეკრანებიდან.

არ გვსურს ისინი ვიხილოთ წამყვანებად, მოდელებად, სარეკლამო რგოლებში.

მაგრამ მზად ვართ, აზარტით ვადევნოთ თვალი მათ თავგანწირვას, დაგვემსგავსონ ჩვენ – გამხდრებს. ჰო, გამომრჩა, რომ “ჩვენ” გამხდრები ვართ – ლამაზები, ნორმალურები. “ისინი” პუტკუნები არიან – საყვარლები. პუტკუნა არც ულამაზოა და არც არა–ნორმალური. უბრალოდ ყველას უნდა, გამხდარი იყოს, ესე იგი, „ჩვენნაირი“ – ლამაზი.

ნორმა, სტანდარტი, სილამაზე

სილამაზის კრიტერიუმები ყოველთვის არსებობდა და მუდმივად იცვლებოდა, თუმცა ბევრი არ აღიარებს, რომ მის გემოვნებაზე გავლენას სწორედ ის ნორმები ახდენს, რომელიც მოცემულ დროში არის მიღებული. გემოვნების გარდა, სხეულის ფორმის დადგენილი კრიტერიუმები ბევრი ქალის თუ კაცის თვითშეფასებაზე მოქმედებს და არც თუ დადებითად.

ნორმის დადგენა სხვა არაფერია, თუ არა სტანდარტიზების მცდელობა. მაგალითად, დღევანდელი სტანდარტით, ე.წ. ლამაზი ქალი გულისხმობს გამხდარს და თხელს. თუმცა “ნამდვილად ლამაზმა ქალმა” მკერდიც და უკანალიც “თავის ადგილას” უნდა შეინარჩუნოს. საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ფეხები აუცილებლად გრძელი უნდა ჰქონდეს, თეძოები მოყვანილი, მაგრამ არა ზედმეტად. ტერფები პატარა და კოხტა, სასურველია გრძელი, მბზინავი თმა და თლილი თითები.

ბევრს ვიცნობთ ასეთს? არა.

ჩემი პირადი გამოცდილებით, არასდროს ვყოფილვარ „საჭირო წონის“, ყოველთვის ან ზედმეტად გამხდარი ვიყავი, ან ზედმეტად „შეფერილი“ ჩემ ირგვლივ მყოფი ადამიანებისთვის. საბოლოოდ, გადავწყვიტე, რომ არაფერია იმაზე უკეთესი, ვიდრე მიიღო საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხარ. ხომ მარტივი ფორმულაა?! მაგრამ ძნელია აქამდე მისვლა; ძნელია ზუსტად იმ თავსმოხვეული სტანდარტების ფონზე, რასაც მუდმივად ვხედავთ პრიალაყდიან ჟურნალებში, რეკლამებსა და მუსიკალურ კლიპებში.

გამხდარი = ჯანმრთელი?

აუცილებელია გვახსოვდეს, რომ ჯანმრთელი სხეული კილოგრამებით არ იზომება და ნაკლები კალორიების მიღება უკეთეს კვებას არ გულისხმობს. გამხდარი სხეული ხშირ შემთხვევაში სულაც არ არის ჯანმრთელის პირდაპირპროპორციული. იმავე ლოგიკით, მეტი კილოგრამის ქონა სულაც არ გულისხმობს ჯანმრთელობის პრობლემას. აქ პრობლემა ერთადერთია – სილამაზის კრიტერიუმი.

“პუტკუნ შოუ” იმედზე

საინტერესოა, მაგრამ ჩვენს საზოგადოებაში ჯერ კიდევ ფიქრობენ, რომ კორექტული ტერმინები ფარისევლობაა და სიტყვის შერჩევას მნიშვნელობა არ აქვს. მე კი ვფიქრობ, რომ სიტყვებს პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს და ამ მნიშვნელობებისთვის ბრძოლაც პოლიტიკურია. არ შეიძლება სულერთი იყოს, ხანში შესულ ადამიანს “მოხუცო”–ს დავუძახებთ, თუ “ბებერო”–თი მივმართავთ.

მთავარი კი ისაა, რომ სხვას თუ არა, მედიის წარმომადგენელს მაინც უნდა ესმოდეს სიტყვების ძალა და ავადსახსენებელი წონა. ალბათ ესმით კიდეც, მაგრამ თავისებურად. ალბათ გადაცემა “პუტკუნ შოუს” შემქმნელები არაფრის დიდებით არ მიიღებენ არგუმენტს, რომ მათი გადაცემის სახელი დამცინავი და დისკრიმინაციულია; თავს დადებენ, რომ ამ ადამიანების დახმარება სურთ და კომერცია აქ არაფერ შუაშია, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: მალე იმედზე “პუტკუნ შოუს” ვიხილავთ. სწორედ ამ სახელწოდებით, დამრგვალებული პირით და გამოთქმით: “პუტკუნ შოუ”, მალე, იმედის ეთერში!

ამ რამდენიმე დღის წინ სარეკლამო სიუჟეტიც დატრიალდა:

იდეა ასეთია: ეს სიუჟეტი გვატყობინებს პროექტის შესახებ, რომელიც ადამიანებს უნდა დაეხმაროს ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში, აქ კი რა არის დასაძრახი? თუმცა, პირველივე კადრში ვხედავთ ადამიანს, რომლიც არც თუ საგანგაშო და ჯანმრთელობისთვის საშიში წონის ჩანს. ამ “ჭარბწონიან” ადამიანს ხელში უხარსხო საკვები უჭირავს და მადიანად ილუკმება. ჭარბწონიანი, მართლაც პრობლემატური ადამიანების მიმართ ეს კადრი ყველა სტერეოტიპს ამყარებს და ამძიმებს, მაგრამ მუსიკა – მუსიკა მსუბუქი და ჰაეროვანია.

შემდეგ ვხედავთ გოგონას, რომელიც სტანდარტში არ ჯდება, თუმცა პრობლემური სიმსუქნის არაფერი ეტყობა. გოგონა მომხიბლავი გარეგნობისაა, თუმცა ინტერვიუდან ვიგებთ, რომ შოუში მოხვედრა და გახდომა სურს. მოგვიანებით ამ გოგოს ჟიური მიმართავს:

“თქვენ ანამნეზში გაქვთ ისეთი პრობლემები, რომ შეიძლება საერთოდ ვერ მიიღოთ შოუში მონაწილეობა”.

1:30 წუთზე ერთვება ინტერვიუ, სადაც ახალგაზრდა ქალისგან ვისმენთ, რომ სადაც უნდა იყოს, ტრანსპორტში, მეგობრებთან თუ საზოგადოებაში – ის მუდმივად განსხვავებულად გრძნობს თავს. აი, ზუსტად ამაში უნდა ვხედავდეთ პრობლემას და არა იმ რამდენიმე კილოგრამში. რატომ გრძნობს ადამიანი დისკომფორტს საკუთარ სხეულთან მიმართებაში? იმიტომ, რომ მის ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება, თუ იმიტომ, რომ საზოგადოება, და სილამაზის საზოგადოებრივი სტანდარტები აგრძნობინებენ თავს ცუდად?

მე არ მაქვს უფლება ვთქვა, რომ ამგვარი შოუ არ უნდა არსებობდეს. სხვა თუ არაფერი, ეს ადამიანები თავად ირჩევენ მასში მონაწილეობის მიღებას. თუმცა, მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ დროა ჩვენმა საზოგადოებამ აიმაღლოს ცნობიერება და გაუჩნდეს მეტი მგრძნობელობა სხვა ადამიანების მიმართ, რომლებიც ამა თუ იმ ნიშნით განსხვავდებიან. ის ქალები, რომლებიც ინტერვიუში ჩანან მხოლოდ ადასტურებენ იმას, რის დამტკიცებასაც ამ სტატიით ვცდილობ – ფორმიანი ქალები მუდმივი წნეხის ქვეშ ცხოვრობენ იმის გამო, რომ ცოტა მეტი სივრცე უჭირავთ, ვიდრე სხვებს.

მოძრაობა წონითი დისკრიმინაციის წინააღმდეგ

ბევრი რომ არ გავაგრძელო, ცოტა უფრო გახსნილ საზოგადოებებში დღეს იმის ტენდენციაა, რომ შენი თავი მიიღო ისეთი, როგორიც ხარ. ეს დამოკიდებულება სარეკლამო კამპანიებშიც აისახება. საბედნიეროდ, ეს ინდუსტრიაც კი გასცდა ჯანმრთელი და ლამაზი სხეულის იმ ფაშისტურ გაგებას, რომ “ყველა ვინც სტანდარტში არ ჯდება, მოსაშორებელია – მინიმუმ ეკრანებიდან”.

“Dove”–ის რეკლამები ფორმებიანი გოგონების მონაწილეობით: უფრო ლამაზი ხარ, ვიდრე წარმოგიდგენია!

ბოლოს კი, მინდა ყველა “დიდ” გოგოს ვუთხრა:

Big girl, შენ მშვენიერი ხარ!

მოწვეული ავტორი: ბლოგერი Pro-Woman

მოწვეული ავტორის სტატუსით სტატიის გამოქვეყნება შენც შეგიძლია.
გამოგზავნე სტატია Word ფორმატში ელ. ფოსტაზე – editor@pink.ge

12 კომენტარი to this post
  1. მე ვარ პუტკუნა ოღონდ ისეთი პუტკუნა არა როგორიც ეს გოგოები არიან არ მაქვს მუცელი თეძოები ან დიდი ხელები მაქვს დიდი “ბარკლები” და ეგ ცოტა არ იყოს მაკომპლექსებს, სხვანაერად არ ვთვლი ჩემ თავს ულამაზოდ იმისტო რო მაქვს სასიამოვნო სახე სხვანაერად არ მიიღოთ რა)))) და საერთოდ არ მინდა ვგავდე ვიქტორიას ანგელოზებს)) და არ ვთვლი სწორად რო ყველა გამხდარი ლამაზია რაღაც ალოგიკურია))))

  2. aq mxolod imaze araris saubari msukani adamiani lamazia tu ara, mtavari isaris rom simsukne janmrtelobas uqmnis seriozul problemebs, ar aris aucilebeli yvela 40 kilo iyos, magram arc simsukne varga, diabetidan da chiyvidan datyebuli, sxva mravali daavadebis provocirebas axdens.

  3. mikaa genacvale rogor miyvars ^_^ mec putkuna var ogond normebis parglebshi…. sul magizianebda chemi garegnoba magram am bolo dros tavis dapaseba viswavle da vatyob rom rac upro metad momwons sakutari tavi, sxvebsac upro metad movwonvar…ase rom sakutari tavis dafasebaa mtavari tu ginda rom sxvebmac dagapason

  4. vin tqva ro sigamxdre an zedmet woonianoba silamazea? yoveli shemtxvevashi sigamxdris dros qals problemebi eqmneba tundac mshobiarobis dros da charb wonianobis dros ki gulze. mec putkuna var da sulac ar minda viyo jizeli an alesandra mtavaria tavs komportulad tqven titon grdznobdet. nu shescicinebt ekranze gamosaxul modelebs da nu ocnebobt bolo bolo es xom ubralod komerciaaaa araaaa? avigot merlin monro silamazis etaloni ^_^ moirget wona da udaod laazebi iqnebit <3 sheidzlbea iq misuli qalbatonebidan bevrs sigamxdre arc mouxdes

  5. მაგარია <3 გამხდარი ვარ მაგრამ არასოდეს მიფიქრია, რომ პუტკუნა გოგონები არ არიან ლამაზები და მხოოდ საყვარლები არიან. ბევრი პუტკუნა და ლამაზი მინახავს. მაგალითად ჰილარი დაფი, 2005 წლამდე პუტკუნა იყო, მაგრამ ულამაზესი .

  6. უსაზღვრო არაფერი არ ვარგა, არც სიმსუქნე და არც სიგამხდრე. რაც შეხება ამ შოუში მონაწილეებს აქ არ არიან ისეთი ადამაინები, როგორც დავის რეკლამაში გაცილებით მეტი წონისები არიან. საერთოდ სიმსუქნე 21–ე საუკუნის პრობლემა არა მარტო ჩვენთან. არ არსებობს ადამიანი იწონიდეს 100 კილოს და არ ქონდეს ჯანმრთელობის პრობლემა, უბრალოდ წარმოუდგენელია. დახმარება იმაში რომ ადამიანმა დაიკლოს იმდენი რაც მისი ჯანმრთელობისთვის აუცილებლია არაა მგონი ცუდი. :)

  7. მივესალმები,ძალიან კეთილი შოუა.დარწმუნებული ვარ ბევრ ჭარბწონიანს მისცემს სტიმულს.ეგრე უნდა,ვიღაცამ ხომ უნდა იზრუნოს ასეთ ადამიანებზე?ისე,რა საყვარლები არიან მონაწილეები.განსაკუთრებით კი ის ყველაზე დიდი კაცი.მე მეჩვენება თუ მსუქნები კეთილები არიან?

შენ რას იტყვი?