როდესაც სოციალურ ქსელებში ახალნამშობიარევი ქეით მიდლტონისა და პატარა უფლისწულის პირველი ფოტოები დაიდო, გაგიკვირდება და ბევრს ფოტომონტაჟი ეგონა. მიზეზად კი ქეითის მუცელს ასახელებდნენ:

„თუ უკვე იმშობიარა, ამხელა „ღიპი“ რატომ აქვს?“

GKW

თავიდან მეგონა, რომ მსგავსი კითხვები მარტო ქართველებს თუ გაგვიჩნდებოდა, მაგრამ ამასწინათ, როდესაც პატარა პრინცისა და მისი დედის შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას ვლამობდი, Guardian-ზე გადავაწყდი ჩემთვის წარმოუდგენელ ამბავს:

ანა ბოტინგმა, სქაი ნიუსიდან იკითხა – “Why does she still have a bump?” რაზეც ადექვატური პასუხი მიიღო ტვიტერში უამრავი ადამიანისაგან: “Because she had a baby yesterday!”“

ჩემი პირველი რეაქცია ისევ „Facepalm” იყო, ოღონდ, ამჯერად – გლობალური.

რა თქმა უნდა, ჟურნალისტს ასეთი სულელური კითხვა არ უნდა დაგებადოს, ან თუ მაინც გაგიჩნდა, არ უნდა დასვა. და როდესაც სერიოზული გამოცემის მოქმედი ჟურნალისტი იმას ამბობს, რაც პირველსავე ჯერზე მოსდის თავში, რა უნდა მოსთხოვო სხვებს.

ამ ლოგიკით მივედი დასკვნამდე, რომ ზოგადად, ადამიანების მიმართ ძალიან მომთხოვნი ვართ. დავფიქრდი და მივხვდი: ორსული ალბათ, ყველას გვინახავს, მაგრამ ვისაც სახლში არ ჰყოლია და ამ საკითხით დიდად დაინტერესებული არასდროს ყოფილა, საიდან უნდა იცოდეს მსგავსი რამეები.

სამწუხაროდ, არსებობენ ადამიანები, რომელთაც სჯერა, რომ ბავშვები კომბოსტოდან ჩნდებიან, ან წეროებს მოჰყავთ (ჩემს მეგობარს ეუბნებოდნენ, ჭინჭრებში გიპოვეთო).

ამ ამბავმა სერიოზული მითქმა-მოთქმა გამოიწვია უცხოეთში. კერძოდ, OK! Magazine-მა სტატიაც კი დაწერა – პოსტ-მშობიარობის შემდომი რეჟიმი ქეითისთვის წონის დასაკლებად. შედეგად, ბრიტანეთის მინისტრმა ქალთა თანასწორობის საკითხებში მოუწოდა მედიას გადაეხედათ მათი დამოკიდებულება მშობიარობისა და ქალის სხეულისადმი.

ალბათ, ბევრისთვის აღმოჩენა იქნება ის ფაქტი, რომ ორსულობა სხეულს შოკისმომგვრელად ცვლის და მუცელი, რომელიც 9 თვის მანძილზე იზრდებოდა და ვითარდებოდა, ბავშვის ამოყვანისთანავე არ იფუშება. კი, საგრძნობლად მცირდება რადიუსში, მაგრამ ორსულობამდელი მდგომარეობის აღდგენა საკმაოდ რთული და შრომატევადი საქმეა და მას შესაძლოა რამედნიმე თვეც დასჭირდეს.

სკოლას რომ ვამთავრებდი იმ წელს ჩემი და გაჩნდა, ისევე, როგორც ჩემი ორი ბიძაშვილი. იქამდეც, ორი პატარა გვყავდა ოჯახში, რომ არაფერი ვთქვა მოგვიანებით, დაქალების ორსულობასა და მშობიარობაზე. ასე, რომ შესასწავლი „სუბიექტი“ ბევრი მყავდა და ინდუქციური მეთოდით დავასკვენი: მშობიარობის შემდგომ მარტივად რომ ჩადგე ფორმაში, ორსულობის პერიოდში „ორის ნაცვლად“ არ უნდა ჭამო – მთავარია, ჯანსაღად იკვებო. დაიმახსოვრე, რომ შენი ჭარბი წონა ბავშვისთვისაც საზიანოა.

მამაჩემი დიდი ხნის მანძილზე საქართველოში არ იმყოფებოდა. ახლახანს ჩამოვიდა. იქამდე ტელევიზორი დედას ჰქონდა უზურპირებული და ახლაც აიჩემა, რაღაც გადაცემას უნდა ვუყუროო. შოუ აღმოჩნდა გოგოზე, რომელიც თხოვდებოდა. ქორწილის წინა ღამეს „გამოსათხოვარი“ საღამო მოუწყვეს სტრიპტიზის მოცეკვავე კაცებით და მთელი ამბებით. ჩემი პატარა დაც იქვე ოთახში იმყოფებოდა და ლეპტოპზე რაღაცას თამაშობდა. მამამ წარმოთქვა რეპლიკა: – ბავშვს რას აყურებინებო?! მარიამმა კომპიუტერიდან თავი ამოჰყო და დააბრეხვა: ეს რა არის, იმას მაყურებინებს, ქალები ბავშვებს როგორ ჩეკავენო! ამაზე იმ დღეს ბევრი ვიცინეთ. ერთი პირობა, გავიფიქრე, რატომ უნდა იცოდეს პატარამ ასეთი რაღაცები-მეთქი. მაგრამ ახლა ვხვდები, რომ სჯობს იცოდეს ადრეული ასაკიდანვე, ვიდრე მასთანაც „ბნელოდეს“ და ეგონოს, რომ მშობლებმა ჭინჭრებში იპოვეს.