იცით, მე პირადად მგონია, რომ ლამაზი ადამიანებისთვის ცხოვრება უფრო მარტივია. კარგი ფეხები ბევრ საქმეს აკეთებს. შეიძლება არც დამეთანხმოთ, არ იქნება გასაკვირი, რადგან როცა რაღაც გვაქვს, იქამდე არ ვაფასებთ, სანამ არ დავკარგავთ. “ლამაზი ფეხებისგან” განსხვავებით ჩვენ მეტი შრომა, მეტი სწავლა და მეტი სისხლის ღვრა გვიწევს იმისთვის, რომ მივაღწიოთ მიზნებს. სტატისტიკურად, ქალებს, რომლებსაც ზედმეტი წონა აწუხებთ, გაცილებით მაღალი აქვთ IQ კოეფიციენტი, ვიდრე გამხდარ მდედრებს. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი ეს რისი ბრალია. მე, როგორც წესი, ამ ფაქტს კომპენსაციად აღვიქვამ ხოლმე. ყველაფერს ხომ აქვს თავისი დადებითი მხარე. :)

Plus Size თემატიკას შემდეგ პოსტებშიც მივუბრუნდები, ახლა კი ერთ კონკრეტულ თემაზე შევჩერდები;

 

საზოგადოდ, ცნება plus size ხშირად არასწორად აღიქმება. მოდით, გავერკვეთ ამ პატარა ნიუანსში.

იდეალური წონის ზუსტი განმარტება არ არსებობს, მაგრამ დღეისთვის სამედიცინო წრეებში გამოიყენება ე.წ. Body Mass Index (BMI). BMI წარმოადგენს წონის შეფარდებას სიმაღლის²-თან.

გამოსათვლელად შეგვიძლია, გამოვიყენოთ სპეციალური კალკულატორი, ან თვითონ დავითვალოთ ინდექსი.

მაგალითად, თუ თქვენი სიმაღლეა 170 სმ, ხოლო წონა 70 კილოგრამი, ვიქცევით შემდეგნაირად:

70-ს ვყოფთ 28900 (170²)-ზე. მიღებულ რიცხვში კი მძიმეს ვანაცვლებთ: 0.002422… ≈24.2

ამ შემთხვევაში მივიღეთ ჯანმრთელი წონს მაჩვენებელი.

ზოგადად, ზრდასრული ადამიანისთვის BMI:

  • <18.5-ზე – ნაკლებია იდეალურზე;
  •  18.5 – 24.9-მდე ჯანსაღი წონის მაჩვენებელია;
  •  25 – 29.9 ჭარბი წონაა;
  •  30-ზე მეტი უკვე სიმსუქნეა;

თუ თქვენ აღმოაჩინეთ, რომ თქვენი წონის ინდექსი 30-ზე მეტია, ნუ შეშინდებით. თქვენ არ ხართ მარტო. თქვენთან ერთად ვარ მე, ამერიკის მოსახლეობის 30.6 პროცენტი, მექსიკის 25, ინგლისის 23 და კიდევ ბევრი სხვა ქვეყანა:

რაც შეეხება წონის მომატებას და დაკლებას:

წონა უცვლელია, თუ ვინარჩუნებთ კალორიულ ბალანსს. ეს ის შემთხვევაა, როცა საკვებით მიღებული კილო–კალორიები დახარჯული დღიური ენერგიის ტოლია. თუ მივიღებთ ნაკლებ საკვებს, ორგანიზმი იწყებს მარაგის გამოყენებას და იწყება ნანატრი წონაში კლება. ცხადია, თუ საკვების რაოდენობა გადააჭარბებს დღიურ ნორმას, სხეული საკვების იმ ნაწილს დაამარაგებს, რომელიც მას მოცემულ მომენტში არ ჭირდება და ჩვენც ზედმეტი კილოგრამებით დავმძიმდებით.

როცა ორგანიზმს ვაიძულებთ, დახარჯოს ცხიმოვანი მარაგი ენერგეტიკულ მოთხოვნილებებზე, ყოველ 3,500 კალორიაზე 453 გრამს, დაახლოებით 1 ფუნტს ვკარგავთ. პრაქტიკულ ენაზე რომ ვთქვათ, თუ ყოველდღიურ კალორიულ დეფიციტს 1000 კალოორიით განვსაზღვრავთ, კვირაში დავიკლებთ 906 გრამს (2 ფუნტს). თუ გავითვალისწინებთ, რომ საშუალო სტატისტიკური ადამიანის დღიური ნორმა 2000-3000 კილოკალორიაა, ულუფის განახევრება, ან უკეთეს შემთხვევაში, 1/3-ით შემცირება უკვე კარგ შედეგს მოგვცემს. ცხადია, წონის დაკლება ისე სწრაფად ვერ მოხდება, როგოც ჩვენ ეგოს სურს, მაგრამ დამიჯერეთ, ეს ერთადერთი ჯანმრთელი გზაა, გავთავისუფლდეთ ზედმეტისაგან.

ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ რაც უფრო სწრაფად კარგავს ორგანიზმი კილოგრამებს, მით უფრო სწრაფად ინაზღაურებს მათ და ხშირად პირვანდელ რაოდენობას აჭარბებს კიდეც, რაც ჩვეულებრივი ევოლუციური პროცესია; ორგანიზმმა ისწავლა თავის დაცვა გარემო პირობებისგან. დაგროვილი ცხიმი ფაქტიურად სამაშველო რგოლია და თუ ორგანიზმი ერთხელ იმას გამოცდის, რომ ამ რგოლის დიამეტრი საკმარისი არ აღმოჩნდა და მალე გამოილია შიმშილისას, ცხადია, იზრუნებს, რომ ეს აღარ განმეორდეს. :)

კიდევ ერთი:

არასდროს  დაუჯეროთ სასწაულმოქმედ, 2-3 დღიან დიეტებს! ეს მეცნიერულად დასაბუთებული რამაა და, თანაც ძალიან საშიში თქვენი ჯანმრთელობისათვის. წონის სწრაფი კლება კონთოვანი ქსოვილის და ღვიძლის კოლაგენის სწრფ დაშლასთანაა დაკავშირებული, რაც ორგანიზმის წყლის დაკარგვას იწვევს. ამან კი, სულ მცირე გაუწყლოებამდე, ან ჰალუცინაციებამდე შეიძლება მიგიყვანოთ, რომ აღარაფერი ვთქვათ კანის ელასტიურობის დაქვეითებასა (ნაოჭები, მეგობრებო :) ) და სიკვდილის რეალურ საფრთხეზე. ასეთი დიეტები თქვენ კანზე ნამდვილად დატოვებს კვალს, ორგანიზმის 10 % წყლის დაკარგვა კი საშუალებას მოგცემთ, თქვენი წინაპრები მოინახულოთ გვირაბს იქით. :)

ხუმრობის გარეშე კი დამერწმუნეთ, არც ერთი დაკარგული კილოგრამი არ ღირს დაკარგულ ჯანმრთელობად, რომელიც შეიძლება ვერ აღიდგინოთ. საკუთარ თავზე მაქვს ეს გამოცდილი. თუ მაინც გსურთ, დაიკლოთ წონაში, მიაკითხეთ ენდოკრინოლოგს. ვერ შეგპირდებით, რომ ეს ვიზიტი იაფი დაგიჯდებათ და დიეტაც ადვილი იქნება, მაგრამ მთვარია მოთმინება და იმის გააზრება, რომ არაფერი არ ღირს თქვენ გაფუჭებულ ხასიათად და დაკარგულ ჯანმრთელობად. შეიყვარეთ თქვენი თავი.