მაკიაჟი ისევე მნიშვნელოვანია ყოველდღიურ საოფისე ცხოვრებაში, როგორც გასაუბრებაზე

რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი ორგანიზაციის HR-ში მოვხვდი, სადაც მუდამ ხალხი ირევა. იმ დღესაც დერეფანში გასაუბრებაზე მოსულთა კოლონა დამხვდა. არაფერი განსაკუთრებული შესვლის დროს, მაგრამ როდესაც საქმეს მოვრჩი და საკმაო დრო დამრჩა, თვალი კანდიდატთა ჩაცმულობასაც შევავლე. ნამდვილად არ გადავამეტებ თუ ვიტყვი, რომ რამდენიმე გამონაკლისის გარდა, მსუბუქად რომ ვთქვა, საშინელება იყო!

თვალში განსაკუთრებულად მომხვდა 2 დეტალი:

  1. გოგოები თითქოს მეტ-ნაკლებად შესაბამისად ჩაცმულები, მაგრამ ჩანთა საერთოდ კონტექსტიდან ამოვარდნილი. რატომ უნდა მიხვიდე გასაუბრებაზე ქლაჩით ან თუნდაც ბრჭყვიალებით მოჭედილი ჩანთით? Any ideas?
  2. ბიჭებს ყველას ჯინსები, გამონაკლისის გარეშე.

იქნებ წაკითხულიც გქონდეთ ჩვენი ერთ-ერთი ავტორის, სალლო.მე-ს სტატია ოფისის დრესკოდის შესახებ, სადაც ის წერდა:

კანდიდატის გარეგნული მხარე, სამსახურისადმი მის დამოკიდებულებაზე მეტყველებს. განსაკუთრებული ყურადღება კი ექცევა ისეთი ტიპის თანამშრომლების გარეგნობა-ჩაცმულობას, რომლებსაც ყოველდღიურად უწევთ კლიენტებთან და პარტნიორებთან ურთიერთობა…

თუ ჯერ არ წაგიკითხავთ, გირჩევთ გადახედოთ, მე კი დღეს ჩაცმულობის გარდა მაკიაჟზეც მინდა გავამახვილო ყურადღება.

პოტენციურ დამსაქმებელთან გასაუბრებისას როგორც ჩაცმულობასა და თავის შესაბამისად დაჭერას, ასევე მაკიაჟსაც არანაკლები ყურადღება ექცევა, რიგ შემთხვევებში გადამწყვეტიც კი!

ნამდვილმა ქალმა აუცილებლად უნდა იცოდეს როგორი მაკიაჟი უხდება მას, სახის რა ნაწილი უნდა გამოკვეთოს და ფერების როგორი გამა შეარჩიოს. თუმცა მხოლოდ ეს ნამდვილად არაა საკმარისი. მას ასევე უნდა შეეძლოს იმის გარჩევა, თუ რომელია საღამოს მაკიაჟი და რომელი ყოველდღიური და რომ კლუბური მაკიაჟი მკვეთრად განსხვავდება საოფისე მაკიაჟისგან.

სამსახურის მაკიაჟი გაცილებით მოკრძალებული უნდა იყოს, ვიდრე საღამოსი. ნუ წახვალთ სამსახურში ან დღისით დანიშნულ შეხვედრაზე თოჯინასავით მოხატულნი. თუ მაინც საღამოს რაიმე წვეულება იგეგმება შეგიძლიათ თან წაიღოთ მკვეთრი მაკიაჟის გასაკეთებლად საჭირო კოსმეტიკა და უშუალოდ წასვლის წინ აქციოთ დღის მაკიაჟი საღამოს მაკიაჟად.

თუმცა შვედი მეცნიერების აზრით კარგი მაკიაჟი ქალს კარგი სამსახურის პოვნაში ეხმარება. ეს დასკვნა მათ მცირე ექსპერიმენტის შედეგად გამოიტანეს, რომელშიც უმაღლესი განათლებისა და სამუშაო გამოცდილების მქონე 100–მა ქალმა მიიღო მონაწილეობა. მათგან ნახევარს ვიზაჟისტებმა ჩვეულებრივი, საოფისე მაკიაჟი გაუკეთეს, დანარჩენებს კი ჩრდილებისა და ტუშის მეშვეობით თვალები უფრო გამოუკვეთეს. ამის შემდეგ ქალბატონები სხვადასხვა ოფისებში, რომელთა ხელმძღვანელებიც მამაკაცები იყვნენ, გასაუბრებაზე გაემართნენ. აღმოჩნდა, რომ ძლიერი სქესის წარმომადგენელთათვის უფრო საინტერესონი მკვეთრი მაკიაჟის მქონე ქალები აღმოჩნდნენ. მათი აზრით ასეთი ქალები უკეთ უმკლავდებიან მათზე დაკისრებულ მოვალეობებს.

ნებისმიერ შემთხვევაში არჩვენი თქვენზეა, მთავარია არ გადააჭარბოთ და დაიხსომეთ, რომ არ არსებობს ერთი უნივერსალური ფორმულა, მითუმეტეს მაშინ, როდესაც საქმე ჩვენ, ქალებს გვეხება. ის რაც წარმატებული გამოდგა სხვისთვის არ შეიძლება წარმატების გარანტი იყოს თქვენთვისაც. ასევე, გასაუბრებისთვის მაკიაჟის ტიპის შერჩევის დროს აუცილებლად გაითვალისწინეთ რამდენიმე ასპექტი:

  • რა ტიპის კომპანიაში მიდიხართ;
  • თქვენ რა პოზიციაზე გაქვთ პრეტენზია;
  • ვინ ატარებს გასაუბრებას.
გისურვებთ წარმატებას!