Home თავის მოვლა

რაღაც რომ ახალია, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ის საუკეთესო გამოსავალია. დააახლოებით 19-ე საუკუნემდე შამპუნის არსებობა არავინ იცოდა და ხალხი თავს თვეში ერთხელ იბანდა. თუმცა რაც ბაზარზე შამპუნები გამოჩნდა, მას შემდეგ თავის დაბანის სიხშირეც შეიცვალა და 1970 წლისთვის თავის ყოველდღიური დაბანა ნორმად იქცა. მართალია, დღევანდელი შამპუნის ფორმულა გაცილებით რბილია, ვიდრე მისი წინამორბედების, მაგრამ არსებობს ინგრედიენტები, რომლებიც მაინც საშინელ ზიანს აყენებს შენს თმას.

სწორედ ამიტომ, მსოფლიოში დაიწყო „No-Poo” – უშამპუნო მიმდინარეობა, რომელსაც ათასობით და ათი ათასობით მიმდევარი გამოუჩნდა, მათ შორის მეც. და სანამ ჩემს გაკიცხვას გაიფიქრებ, და გაიკვირვებ, როგორ ვთქვი უარი შამპუნზე და როგორ დავდივარ ჭუჭყიანი თმით, გეტყვი, რომ სულაც არაა ასე – ჩემი თმა ახლა ბევრად უკეთ გამოიყუირება, ვიდრე მანამდე. ამაში რომ დარწმუნდე, აუცილებლად წაიკითხე სტატია ბოლომდე ☺

თმა ბუნებრივ ზეთ – სებუმს შეიცავს, რომელიც აუცილებელია თმის კონდიცირებისთვის. ძლიერი ქიმიური შემადგენლობის მქონე შამპუნით თავის ხშირი დაბანა აშორებს ამ ზეთს და შენს თმას ცუდ მდგომარეობაში ტოვებს.

ამ მეთოდის მთელი თეორია იმაში მდგომარეობს, რომ თავი შამპუნის ალტერნატივით – სოდით, ვაშლის ძმრით, წყლით ან თაფლით დაიბანო. დამერწმუნე, ამის შემდეგ თავი ბევრად სუფთა, დაუზიანებელი და ჯანსაღი გექნება. თუმცა გაითვალისწინე! შეჩვევის პროცესი არც ისე მარტივია და რამდენიმე კვირა გრძელდება.

ყველაზე ხშირად გამოყენებადი შამპუნის ალტერნატივა სოდა + ვაშლის ძმრის სავლებია. სოდა ეფექტურად აშორებს ქალაზე დაგროვილ ქიმიკატებს.

ერთ ჭიქა წყალში კარგად გახსნილი ერთი სუფრის კოვზი სოდა ერთი დაბანისთვის სავსებით საკმარისია. სითხე წრიული მოძრაობით კარგად უნდა შეიზილო თმის ძირებში ისე, როგორც აქამდე შამპუნით აკეთებდი, შემდეგ კი კარგად ჩამოიბანო. ხშირად სოდა თმას აშრობს, ამიტომ ბევრი ვაშლის ძმრის სავლებს ივლებს, რათა თმას ბზინვარება და სირბილე დაუბრუნოს. ეს კომბინაცია კარგია მათთვის, ვისაც ნორმალური, მშრალი ან კომბინირებული თავის ქალა აქვს.

მას შემდეგ, რაც ამ მეთოდზე ძალიან ბევრი ისტორია მოვიძიე, გავიგე, რომ ბევრი სოდა+ვაშლის ძმრის სავლებით კმაყოფილი გარკვეული პერიოდის მერე არ იყო. ამიტომ ერთ საიტზე, კიდევ ერთ ალტერნატივას წავაწყდი. თბილ წყალში გახნილი ერთი სუფრის კოვზი შინაურული თაფლი ზუსტად იგივე პრინციპით გამოიყენება, როგორც სოდა. ჩემს ხუჭუჭა თმას აუცილებლად სჭირდება  ბალზამი და სირბილე, ამიტომ ვაშლის ძმრის სავლები ჩემი აუცილებელი კომპონენტია.

უკვე ოთხი თვეა რაც შამპუნზე უარი ვთქვი და ჩემს თმას არანაირ ქიმიურ დანამატებს არ ვაკარებ – აღარც ათასნაირი მუსი და თმის ლაქი მჭირდება ჩემი ხუჭუჭებისთვის.

თუმცა სანამ რამეს გადაწყვეტ, აუცილებლად უნდა იცოდე, რომ „უშამპუნო“ მეთოდი ყველასთვის არაა და აბსოლუტურად ინდივიდუალურია.

ძალიან მნიშველოვანია იყო მომთმენი, რადგან შენს თმას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება ბუნებრივი ფუნქციების აღსადგენად. ასევე ინდივიდუალურია ე.წ. შეჩვევის პერიოდიც. მას შემდეგ, რაც ამ მეთოდზე გადახვალ, შენი თმა საკმაოდ ცხიმიანი და შესაძლოა ქერტლიანიც გახდეს – სიმართლე გითხრა ცოტა ჭუჭყიანის შეხედულება ექნება, თუმცა ყველაფერს თავისი დრო აქვს და უკეთესი დღეებიც გაგითენდება.

შამპუნის ალტერნატივები

ლიმონის შამპუნი: ცხიმიანი თმისთვის აურიე 1/3 ჭიქა ლიმონის წვენი 2/3 წყალში, ხოლო ნორმალური თმისთვის ¼ ჭიქა ლიმონის წვენი 1 ჭიქა წყალში.

მშრალი თმისთვის შეგიძლია ერთი ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი შეურიო. შეინახე პატარა კონტეინერში და იხმარე როგორც შამპუნი. თუ მზეზე დიდხანს გაჩერდები, დროთა განმავლობაში ლიმონი თმას გაგიღიავებს.

ჰიბისკუსის (კარკადე) შამპუნი: აიღე ორი ახალი ან მშრალი ჰიბისკუსის ყვავილის ფოთლები და ½ ჭიქა წყალთან ერთად დააბლენდერე, რათა ფაფის კონსისტენცია მიიღო.

ჩაის შამპუნი: თმის ელფერისა და ჭაღარების დასაფარად, ზემოთ ჩამოთვლილ რეცეპტებში წყლის ნაცვლად იხმარე ჩაი. შავი ჩაი გაგიმუქებს თმას, გვირილის ჩაი გაგიღიავებს, წითელი ან როიბუშის ჩაი კი გაგიწითლებს. 3-5 ცალი ერთჯერადი ჩაი 1 საათით გააჩერე, ხოლო ჭაღარების დასაფარად  ერთი ჩაის კოვზი სალბი დაამატე.

ბალზამის ალტერნატივები

ქოქოსის ზეთი (საუკეთესოა ყველასთვის, განსაკუთრებით მშრალი და დაზიანებული თმისთვის): 1/2 ჩაის კოვზი გამღვალი ორგანული ქოქოსის ზეტი გახსენი 1/3 ჭიქა თბილ წყალში. შეგიძლია რამდენიმე წვეთი ესენციური ზეთიც დაამატო, ჩაასხი კონტეინერში და  გამოიყენე როგორც ბალზამი. (ხმარების წინ კარგად შეანჯღიე).

ავოკადოს ზეთი (აწეწილი თმებისთვის): 1/2  ჩაის კოვზი ავოკადოს ზეთი გახსენი 1/2  ჭიქა თბილი წყალში.

ვიტამინი ე-ზეთი: 1/2  ჩაის კოვზი ზეთი აურიე 1/2 ჩიქა თბილ წყალში.

თუ თმას ხშირად ისწორებ, იხვევ ან ფენით იშრობ, ეს მეთოდი არც ისე კარგი გამოცდილება იქნება შენთვის და სანამ ბოლომდე გადაწყვეტ შამპუნის ამოღებას, შეგიძლია ე.წ „low-poo” მეთოდზე გადახვიდე, რომელიც ნაკლებად საზიანო ინგრედიენტის პროდუქციის გამოყენებას გულისხმობს.

დაიმახსოვრე! შამპუნის ყიდვისას აუცილებლად შეხედე ინგრედიენტების სიას და დარწმუნდი, რომ ის არ შეიცავს სულფატს (sodium lauryl sulfate (SLS), sodium laureth sulfate (SLES)) სილიკონს, პარაბინს და სუნამოს. სამწუხაროდ, საქართველოში ნაკლებია მსგავსი პროდუქცი, ამიტომ გამოწერა ერთ-ერთი ყველაზე კარგი საშუალებაა.

1 კომენტარი to this post

შენ რას იტყვი?