kanis mkvebavi damatenianebeli kremi

სახის დამატენიანებელი და მკვებავი კრემების შესახებ ალბათ ბევრჯერ გსმენიათ. მიუხედავად ამისა, ბევრმა შეიძლება არ იცოდეს რა განსხვავებაა ამ ტიპის კრემებს შორის და როდის რომელი უნდა გამოვიყენოთ. განვიხილოთ ეს კრემები.

დამატენიანებელი კრემის ყველაზე მთავარი კომპონენტი არის წყალი – თითქმის 70 %. კონსისტენცია არის ნახევრად-თხევადი, რაც მიუთითებს წყლის შემცველობაზე. უფრო ადვილად შეიწოვება კანში. მის შემადგენლობაში ასევე შედის დამატენიანებელი კომპონენტები და კომპონენტები, რომლებიც ამ ტენიანობას უნარჩუნებს კანს. დამატენიანებელი კომპონენტებია: გლიცერინი და ჰიალურონის მჟავა. ტენიანობის შენარჩუნებაში კანს ცხოველური და მცენარეული ცხიმები, ასევე მინერალური ზეთები ეხმარება. დამატენიანებელ კრემი შესაძლოა შეიცავდეს ვიტამინებსაც, მაგ. E-სა და A-ს, დამამშვიდებელ და გაღიზიანების მომხსნელ ინგრედიენტებს, როგორიცაა პანთენოლი, მწვანე ჩაის, კიტრის, კალენდულას ექსტრაქტები. მთავარი ფუნქცია: კანის დატენიანებაა.

დამატენიანებელი კრემი იცავს კანს სიმშრალისგან – მისი საშუალებით კანი იფარება ფენით, რაც ხელს უშლის ტენის აორთქლებას. კრემს ასევე აქვს დამცავი ფუნქცია ულტრაიისფერი სხივებისა და დაბინძურებული ჰაერისგან. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ მინუსოვანი ტემპერატურის დროს დამატენიანებელი კრემის გამოყენება წყლის მაღალი შემცველობის გამო არ არის რეკომენდებული.

mkvebavi da damatenianebeli

მკვებავი კრემი არის სქელი, შესაბამისად უფრო ძნელად შეიწოვება კანში. ამიტომ უმეტესწილად ღამის მოხმარებისთვისაა განკუთვნილი. დამატენიანებლისაგან განსხვავებით, მისი 70 % ცხიმებია. ის ასევე შეიცავს წყალს. შემადგენელი კომპონენტები სხვადასხვაგავარია: კოლაგენითა და ელასტინით დაწყებული, წყალმცენარეებით დამთავრებული. კრემის მთავარი ფუნქცია კანის მინერალური ნივთიერებებით კვებაა, ასევე დატენიანება. მკვებავი ხელს უწყობს უჯრედების რეგენერაციას, განსაკუთრებით ღამით.

მკვებავი კრემიც ატენიანებს კანს, ასევე აწვდის მას საჭირო ვიტამინებს. ის კანს სიცივისა და დაბერებისგან იცავს.  ამგვარად დამატენიანებლისგან განსხვავებით, მისი გამოყენება რეკომენდებულია ცივ ამინდში.  მკვებავის საშუალებით, კანი განახლდება, ინარჩუნებს ელასტიურობასა და ტენიანობას.

დამატენიანებელი კრემი უხდება ყველა ასაკის კანს, მაშინ როცა მკვებავს უფრო  მეტად საჭიროებს მომწიფებული კანი. მკვებავის გამოყენება აუცილებელია ყინვისას, ასევე მშრალი კანის შემთხვევაში. მგრძნობიარე კანისთვის კრემის შერჩევისას გასათვალისწინებელია კრემის შემადგენლობა: ის უნდა იყოს ჰიპეოალერგენული და არ შეიცავდეს გამაღიზიანებელ ნივთიერებებს

როგორც წესი, დამატენიანებელს დღისით მოიხმარენ, მკვებავს კი ღამით, ძილის წინ. დღის კრემის მთავარი ფუნქცია არის დაცვა და დატენიანება, ღამის კრემის კი – კვება.  ორივე ტიპის კრემი საჭიროა კანისთვის, ამიტომ უმჯობესია მათი კომბინირებულად გამოყენება, დღისით – დამატენიანებელი, ღამით – მკვებავი.

დღისა და წლის დროის გარდა კრემის შერჩევისას აუცილებლად გასათვალისწინებელია კანის ტიპი. მშრალი კანი უფრო მეტად საჭიროებს ვიტამინებით მდიდარ მკვებავს. ასევე კოლაგენის, ჰიალურონის მჟავის, ელასტინის შემცველ კრემს. მომწიფებული კანი – სქელი კონსისტენციის, ანტი-ასაკობრივ კრემს, წყლის მინიმალური შემცველობით (არაუმეტეს 25 %-სა). ცხიმიანი, გაღიზიანებისკენ მიდრეკილი კანი – ვიტამინიზებულ, ბუნებრივი კომპონენტების საფუძველზე დამზადებულ კრემს, რომელსაც ცხიმის ნაკლები შემცველობა აქვს.  ნორმალური ტიპის კანისთვის მსუბუქი დამატენიანებელია კარგი. კომბინირებული კანი ყველაზე რთული შემთხვევაა, რადგან სახის სხვადასხვა ნაწილი განსხვავებულ მოვლას საჭიროებს. ტე ზონისთვის გამოიყენება დამატენიანებელი კრემი, მშრალი კანის უბნებისთვის კი – მკვებავი. თუმცა, ასევე არსებობს სპეციალური კრემები ამ ტიპის კანისთვის.