პუბერტატული (ე.წ.გარდატეხის) ასაკიდან ქალის ორგანიზმში ციკლურად მიმდინარეობს პროცესები, რომელიც ვლინდება ფიზიკური ცვლილებებით (მკერდის ზრდა, მისი მგრძნობიარობის მატება, მენსტრუალური სისხლდენა და ა.შ.). ყოველი ციკლი საშუალოდ 28 დღიანია და მოიცავს მთელ რიგ ჰორმონულ გარდაქმნებს. ციკლის დღეების ათვლა ხდება მენსტრუაციის (მენსტრუალური სისხლდენის) დაწყების პირველი დღიდან.

ციკლზე პასუხისმგებელი ოთხი მთავარი ჰორმონია:

  • ფოლიკულმასტიმულირებელი ჰორმონი (FSH – follicle stimulating hormone),
  • მალუთეინიზირებელი ჰორმონი (LH – luteinizing hormone),
  • ესტროგენი
  • და პროგესტერონი (პროჟესტერონი).

ქალის სასქესო ჰორმონებს განეკუთვნება ასევე პროლაქტინი, რომელიც სარძევე ჯირკვლების ზრდა-განვითარებასა და ლაქტაციაზეა პასუხისმგებელი.

Menstrual cycle calendar.

1. მენსტრუალური ციკლის ფოლიკულური ფაზა

FSH პროდუცირდება ჰიპოფიზში, სისხლის მეშვეობით მიეწოდება საკვერცხეებს და აძლევს კვერცხუჯრედის მომწიფების დაწყების სიგნალს. ერთდროულად 20-მდე კვერცხუჯრედი იწყებს ზრდას საკუთარ ფოლიკულში, პარალელურად საკვერცხეში ხდება ესტროგენების გაძლიერებულ წარმოება, რაც შემდეგ უარყოფითი უკუკავშირის მექანიზმით თრგუნავს FSH-ის დონეს.

ფოლიკულური ფაზის ბოლოს ერთი ფოლიკული ხდება დომინანტი, აგრძელებს ზრდას და ესტროგენების გამომუშავებაც გრძელდება.

2. ოვულაცია

ოვულაციის ფაზა იწყება ფოლიკულური ფაზის დაწყებიდან დაახლოებით 14 დღის შემდეგ, ციკლის შუა პერიოდში, შესაბამისად შემდეგ მენსტრუაციამდე დაახლოებით 14 დღით ადრე და თან ახლავს:

დომინანტი ფოლიკულის მიერ გამომუშავებული ესტროგენის გავლენით ძლიერდება მალუთეინიზირებელი ჰორმონის ტალღა და ხდება მომწიფებული კვერცხუჯრედის ფოლიკულიდან გამოთავისუფლება, ანუ ოვულაცია. კვერცხუჯრედი გადადის ფალოპის ლულაში.

ამავე პერიოდში საშვილოსნოს ლორწოვანი გასქელებას იწყებს, ყელის ლორწოვანი მზადაა დაიჭიროს სპერმა და მისცეს მას მიმართულება მწიფე კვერცხუჯრედისაკენ, რომელიც ამ დროისთვის კვერცხსავალის მილის წამწამოვანი ეპითელიუმის მეშვეობით მოემართება საშვილოსნოს ღრუსაკენ.

ეს ფაზა საუკეთესო პერიოდია განაყოფიერებისათვის (ფერტილიზაციისთვის).

3. მენსტრუალური ციკლის ლუთეინური ფაზა

აღნიშნული ფაზა ოვულაციის შემდეგ იწყება, კვერცხუჯრედის გამოთავისუფლებისთანავე დაცარიელებული ფოლიკული (corpus luteum) იწყებს პროგესტერონის სინთეზს, რომელიც საშვილოსნოს ამზადებს განაყოფიერებული კვერცხუჯრედის მიმაგრებისათვის.

თუ კვერცხუჯრედის განაყოფიერება ფალოპის მილში უკვე მოხდა, ნორმაში ის გადმოინაცვლებს საშვილოსნოს ღრუში და მიემაგრება კედელს.

თუ განაყოფიერება არ მომხდარა, კვერცხუჯრედის საშვილოსნოს შიდა კედელზე (ენდომეტრიუმზე) მიმაგრების საჭიროება აღარაა, შესაბამისად გასქელებული ლორწოვანი იწყებს ჩამოფცქვნას, ანუ იწყება მენსტრუაცია.

ციკლის ფაზების გათვალისწინებით შესაძლებელია ორსულობის დაგეგმვა, თუმცა ეს მეთოდი არ არის ბოლომდე სანდო.

ჯანმრთელ ქალში:

  • მენსტრუალური ციკლი არ უნდა იყოს 21 დღეზე ხანმოკლე და 35 დღეზე ხანგრძლივი;
  • მენსტრუაცია უნდა გრძელდებოდეს 3-დან 7 დღემდე;
  • მენსტრუაციის დროს სისხლის დანაკარგი უნდა მერყეობდეს 50-150 მლ ფარგლებში (თუმცა ამის განსაზღვრა ძნელია);
  • მენსტრუაციას არ უნდა ახლდეს ტკივილი, არ უნდა იყოს ძალიან უხვი, ან პირიქით ცოტა და ხანმოკლე;
  • მენსტრუაცია უნდა იყოს რეგულარული, ყოველთვიური, რა თქმა უნდა თუ ორსულობა არ დადგა.

ქალის რეპროდუქციული სისტემა იდეალურად აწყობილი მექანიზმია, თუმცა ძალიან ფაქიზი, იოლად რეაგირებს სტრესზე და შეიძლება დაზიანდეს, რომელიმე რგოლის დაზიანება კი ჯაჭვურად მოქმედებს დანარჩენ რგოლებზე და არღვევს სისტემას. ასე რომ, რაც უნდა მოხდეს, მოუფრთხილდი საკუთარ ჯანმრთელობას და გახსოვდეს, რომ შექმნილი ხარ სრულყოფილ არსებად, ანუ ხარ ქალი.