მანდარინი ჩემთვის ახალ წელთან ასოცირდება. ახლაც მანდარინის სურნელი დგას სახლში და ასე მგონია, ახალი წელი უკვე მოვიდა, მაგიდაზე კი დიდი თასით დგას მანდარინები, ჩემი გულის გასახარად.

მანდარინში ბევრი C ვიტამინია, ისევე როგორც ზოგადად, ციტრუსებში. მანდარინის სურნელი სიმშვიდის, ჰარმონიის და სიმყუდროვის შეგრძნებას იწვევს, ამიტომაც ფართოდ გამოიყენება არომათერაპიაში. ამასთანავე, არატოქსიურია და  გაღიზიანებას არ იწვევს.

დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი შენ აქამდეც იცოდი, მაგრამ ცოტამ თუ იცის ის, რომ მანდარინს ანტიბაქტერიული და რეგენერაციული თვისებებიც აქვს და მისგან მიღებული ზეთი ხშირად გამოიყენება კანის ინფექციების და ე.ს. სტრიების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისათვის.

სტრიები არამარტო ორსულობის, არამედ წონის მკვეთრი მომატების ან დაკლების დროსაც ჩნდება, შენ კი შეგიძლია ერთი მხრივ, სურნელოვანი ნარევით გამოკვებო კანი და მეორე მხრივ, შეძლებისდაგვარად აიცილო თავიდან შენი ფორმების ცვლილებით გამოწვეული არასასიამოვნო შედეგები.

სურნელოვანი  კოქტეილი სტრიების პროფილაქტიკისათვის

საჭირო ინგრედიენტები

  • 8 წვეთი მანდარინის ზეთი.
  • 3 წვეთი ლავანდის ზეთი.
  • 20 მლ ზეითუნის ზეთი, extra virgin.
  • 30 მლ ნუშის ზეთი.
  • ვიტამინი E-ს ორი კაფსულა.

მომზადების წესი

ჩაასხი მანდარინის და ლავანდის ზეთები მუქი შუშის ბოთლში, შემდეგ დაამატე ნუშის და ზეითუნის ზეთები. E ვიტამინის კაფსულები ნემსით გახვრიტე და სითხე ბოთლში უკვე ჩასხმულ ზეთებს დაუმატე. ეს ყველაფერი კარგად შენჯღრიე. ნარევი გრილ ადგილას ინახება, ოთხი კვირის განმავლობაში. წაისვი იმდენჯერ, რამდენჯერაც შენ ჩათვლი საჭიროდ, მინიმუმ დღეში ერთხელ.

შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ გარუჯვას აპირებ, ციტრუსის ზეთის შემცველი ნარევის ან სუფთა ზეთის წასმა რეკომენდებული არაა. ციტრუსებისგან მიღებული ზეთები ძალიან ფოტოსენსიტიურია და მათი წასმის  შემდეგ მზეზე მიფიცხებას შეუძლია  დამწვრობა, გაღიზიანება, ალერგიული რეაქციები გამოიწვიოს. ეს არამარტო მანდარინის, არამედ ყველა ციტრუსის ზეთის უარყოფითი თვისებაა.