ვისაც გაპრანჭვა, სახის დახატვა უყვარს შეამჩნევდა (როგორც თავის თავზე და ასევე სხვებზეც), რომ ზოგი ფერი მეტად, ზოგი კი ნაკლებად უხდება. ზოგი დაღლილს აჩენს, ზოგი კი მხოლოდ ნამზეურზე ჩანს კარგად და აშ.

მაშ როგორ მივხვდეთ რა გვიხდება ყველაზე მეტად ისე, რომ არ მოგვიწიოს საკუთარ თავზე ყველა ფერის სათითაოდ გამოცდა? ამისთვის ერთი რამ უნდა ვიცოდეთ: იდეალური ფერი – ეს არის საკუთარი კანის ფერი!

ყველას სხვადასხვა კანის ფერი გვაქვს, ზოგს ცოტა მუქი, ზოგს ღია, მაგრამ საბოლოო ჯამში ექსპერტებმა კანის ფერი ორ ჯგუფად დაყვეს:  ცივი და თბილი.

თბილი ჯგუფი მოიცავს მოყვითალო ტონალობებს, ხოლო ცივი – მოვარდისფროს.

დაადგინეთ  თქვენი კანის ტონალობა და მიხვდებით თუ როგორ გაგიადვილდებათ სწორად შეარჩიოთ თქვენთვის ყველაზე მოსარგები ფერები მაკიაჟისთვის.

როგორ? ამისთვის 4 მარტივი ხერხი არსებობს:

  1. აიღეთ ოქროსფერი და ვერცხლისფერი სამაჯური და მოირგეთ ხელზე. რომელი უფრო გამოიყურება კარგად თქვენს კანზე? თუ ოქროსფერი – მაშინ თქვენ თბილი ტონალობის ჯგუფს მიეკუთვნებით, თუ ვერცხლისფერი – მაშინ ცივს.
  2. მოსინჯეთ რამე სტაფილოსფერი და ვარდისფერი -მაგალითად შარფი ან პირსახოცი და შემოიხვიეთ თავზე. თუ ვარდისფერი უფრო მოგიხდათ – მაშინ ცივი ტონალობის ჯგუფში ხარ, თუ სტაფილოსფერი – მაშინ თბილი.
  3. გადმოატრიალეთ ხელი და დააკვირდით თქვენს მაჯას. ვენები რა ფერი გაქვთ? მწვანე? ესეიგი თბილ კატეგორიას მიეკუთვნებით. თუ ლურჯი – მაშინ ცივს.
  4. ჩაიცვით თეთრი, შემდეგ კი კრემისფერი მაისური. კრემისფერი უფრო მოგიხდათ? მაშინ თბილი ტანალობისთვის განკუთვნილ მაკიაჟის ფერებს მიანიჭეთ უპირატესობა. თუ თეთრი – ესეიგი ცივ ჯგუფში ხართ და ვარდისფერი ტონალობის ფერები საუკეთესოა თქვენთვის.

მაშასადმე, რომელი ფერები შევარჩიოთ?

თუ თქვენ ცივი ტონალობის ჯგუფს მიეკუთვნებით, თქვენთვის ის ფერთა გამა იქნება შესაფერისი, რომელიც ლურჯ, მწვანე, ვარდისფერ, იასამნისფერ, მოლურჯო წითელ და მეწამულ (magenta) ტონებზეა დაფუძნებული;

თბილი ტონალობისთვის კი ყვითელი, სტაფილოსფერი, ყავისფერი, მოყვითალო მომწვანო, მოსტაფილოსფერი წითელი ტონალობის ფერები უფრო მოსახდენია.

გაითვალისწინეთ, რომ რუჯის მიღების შემდეგ თქვენი კანის ფერი იცვლება და ნამზეურის მიხედვით შეიძლება ცივი თბილ ტონალობაზე შეიცვალოს. ჩაიტარეთ ზემოთ მოცემული ოთხი ტესტი და შესაბამისად მოირგეთ სხვა ფერები.

არსებობს ნებისმიერ ფერის, როგორც ცივი ასევე თბილი ვარიანტი. მაგალითად, თბილი ვარდისფერია – მოატმისფერო ვარდისფერი. ცივი კი მოიასამნისფრო.

მოატმისფერო ვარდისფერი

კარგი დაკვირვებით და ცოტა დროის შემდეგ, თქვენ მალევე შეძლებთ გაარჩიოთ ცივი და თბილი ფერი ერთმანეთისგან. ეს დაგეხმარებათ თქვენთვის მოსახდენი ფერების სწრაფად პოვნა-შეარჩევაში თვალის ჩრდილებისთვის, ტუჩსაცხისთვის, ფჩხილის ლაქისთვის, ასევე თმის საღებავის არჩევისას და ზოგადად თქვენი სტილის სწორად შერჩევაში.

მოიასამნისფრო ვარდისფერი

შეგახსენებთ, რომ სწორად მორგებული ფერები:

  • შეგმატებთ ბზინვარებას;
  • გამოგაცოცხლებთ ანუ არავინ გკითხავთ – “დაღლილი ჩანხარ, ვერ გამოიძინე?”;
  • თქვენს სახის ნაკვთებს გაუსვამს ხაზს და წარმოაჩენს უკეთესად;
  • გაგალამაზებთ;

ჩვენ ხომ ყველას გვსურს, უფრო კარგები და ლამაზები ვიყოთ!