კარგი მაკიაჟი არამარტო მოხდენილი ფერებით იწყება,  არამედ მაკიაჟის ეფექტურობას სწორად შერჩეული ფუნჯები განაპირობებს. თუ ფუნჯებით არ გისარგებლიათ, თავიდან შეიძლება მოგეჩვენოთ რომ რთულია მათი ხმარება, მაგრამ ცოტაოდენი პრაქტიკის შემდეგ თავადვე დარწმუნდებით თუ რამდენად დაგეხმარებათ ლამაზად და სწორად გადაინაწილოთ ფერები სახეზე, თვალებზე, ჯანსაღი ფერი შემატოთ ლოყებს, და სხვა უამრავ წვრილმანს კარგად გაართვათ თავი. რა თქმა უნდა, პროფესიონალი ვიზაჟისტები სხვადასხვა ტიპის პროდუქტებს თითითაც ანაწილებენ სახეზე, მაგრამ არსებობს რამდენიმე ფუნჯი, რომლის ქონა აუცილებელია და განიხილება როგორც არსებითი მაკიაჟის ყველა მოყვარულისათვის.

1) წარბების ფუნჯი

მარტო თმების დავარცხნა არ კმარა, თქვენს წარბებსაც სჭირდება ჯაგრისით დაყენება. ქვემოთ ჩამოწეული წარბებები არამც და არამც მიმზიდველი არაა. რჩევა 1: სასურველია  ისეთი ფუნჯი გქონდეთ, რომლის ერთი მხარე წარბებს დავარცხნის, მეორე ბოლოთი კი წარბებზე ფერს  ან თვალზე eyeliner-ს დაიტანთ. რჩევა 2:წარბების დასავარცხნად  თვალის ტუშის ჯაგრისიც გამოდგება. გამოყენებამდე სასურველია ბავშვის შამპუნით  კარგად გაასუფთავოთ და გაწმინდოთ.

2) თვალის ჩრდილის ფუნჯი

ეს ფუნჯი ქუთუთოზე ჩრდილების  კარგად დადებასა და გადანაწილებაში დაგეხმარებათ. ფერის კარგად წასმა ნიშნავს რომ უხეში ზოლები არ გქონდეთ თვალებზე, რაც ხშირად მუქი ფერის  ჩრდილების წასმის დროს გვრჩება, როცა ფერი ქუთუთოზე კარგად არ არის შერეული. ფუნჯი რბილი, ბუნებრივი მასალის და  მომრგვალო ფორმის უნდა იყოს.

3) რუჟის/რუმიანას ფუნჯი

თუ ”რუმიანა” შეიძინეთ და მას ფუნჯი მოყვება, გადააგდეთ მაშჳნვე. დამიჯერეთ, არ ღირს მისი გამოყენება. უამრავი რუჟი შემიძენია და რაც კი მათ ფუნჯები მოჰყვებოდა არც ერთი არ ვარგოდა, რადგან ყოველთვის პატარა, წვრილი და  უხეში იყო. შეიძინეთ ერთი,  კარგი ხარისხის (ბუნებრივი მასალის, რბილი) ფუნჯი  და ”ა ლა მატროშკა” აღვარღვარებული ლოყები დაივიწყეთ. ფუნჯს გვერდები ცოტათი ”მოტეხილი” უნდა ჰქონდეს.

4) ტონალური კრემის ფუნჯი

ეს ფუნჯი იდეალურია ერთიანი, სწორი, გლუვი სახის კანის ეფექტის მისაღებად. სინთეტიური მასალა და ბრტყელი თავი სასურველი შედეგის მიღებაში დაგეხმარებათ.

5) პუდრის ფუნჯი

როგორც ფხვიერი, ისე კომპაქტური პუდრის სახეზე წასმაში ზუსტად რომ ეს ბუნებრივი და რბილი მასალის  ფუმფულა ფუნჯი დაგეხმარებათ. სახეზე წასმის წინ დაფერთხეთ ფუნჯი ერთხელ, რომ ზედმეტი პუდრი მოაცილოთ  და შედეგად აჭრელებული სახე არ გქონდეთ.

*არჩევანი*

მაკიაჟის ზოგი ფუნჯი ბუნებრივი, ზოგი კი სინთეტიკური მასალისგან მზადება. არჩევანი დიდი მაგრამ სწორი მათ შორის მხოლოდ ერთია. მაშ რა ვქნათ? როდის რომელს მივანიჭოთ უპირატესობა? ბუნებრივი მასალის   (ციყვის, თხის, სიასამურის ბეწვი) ფუნჯებს მიანიჭეთ უპირეტესო მშრალი, ფხვიერი  პროდუქტების (თვალის ჩრდილი, რუჟი/რუმიანა, სახის პუდრი) წასასმელად. თმის სირბილე სასურველი პროდუქტის უფრო ბუნებრივ,  კარგ გადანაწილებას უწყობს ხელს. სინთეტიური მასალისფუნჯები უკეთესია კრემოვანი პროდუქტების  გამოყენების დროს – როგორებიცაა: კონსილერი, კორექტორი, ტონალური, ტუჩსაცხი, აშ. ბუნებრივისგან განსხვებით სინთეტური უფრო უხეშია და კრემოვანი პროდუქტების უფრო ზუსტ და აკურატულ წასმაში დაგეხმარებათ.

*როგორ მოვუაროთ ფუნჯებს*

კარგი ხარისხის ფუნჯები რამდენიმე წელი შეგიძლიათ გამოიყენოთ, მაგრამ ყველაფრის სათავე სათუთი და გულმოდგინე მოვლაა. ამისთვის:

  • შეინახეთ კარგად – მოათავსეთ ფუნჯები სპეციალურ ჩანთაში, ჩასადებში ან თუნდაც ჭიქაში, თავით ზემოთ.
  • გაწმინდეთ თქვენი ფუნჯები –გაწმენდა საჭიროა როგორც წესი  თვეში ერთხელ. თუ ყოველდღე იყენებთ ფუნჯებს, მაშინ სასურველია კვირაში ერთხელ გაასუფთავოთ. ამისთვის დაგჭირდებათ სპეციალური ფუნჯის შამპუნი, ან შეგიძლიათ ბავშვის შამპუნი გამოიყენოთ. გახსოვდეთ რომ მხოლოდ ფუნჯის თავი უნდა დაასველოთ.  ფუნჯის თმოვანი ნაწილი მიწებებულია ტარზე , შესაბამისად ყველაზე ძვირადღირებული და კარგი ხარისხის ფუნჯიც კი დაიშლება თუ თქვენ მას მთლიანად წყალში მოათავსებთ.