მოწვეული ავტორი: ანი ბარბაქაძე

დიეტა, შოკოლადის შემდეგ ჩემ მიერ ყველაზე ხშირად გამოყენებული სიტყვაა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ პირველად დიეტა 5 წლის ასაკში დავიცავი, გასაგებია, რომ ზედმეტი წონა ბავშვობიდან მაწუხებს და არჩევანი წამიერ სიამოვნებასა და ცხოვრების ჯანსაღ წესს შორის მარადიულად მიდგას. წლების განმავლობაში ჩემი პრობლემა ალბათ ეს იყო, უფრო სწორად, ამ დეტალის არ გააზრება: ორი მოცემულობის დანახვა და საღად განსჯა. არჩევანი შენზეა, არავის მიმართ ხარ ვალდებული – დედამიწას +/– 20 კილო არც ამჩატებს და არც ამძიმებს. საქმეც ამაშია, აქ მაქსიმალურად საკუთარ თავზე, სხეულზე, მოთხოვნილებებსა და პრიორიტეტებზე უნდა კონცენტრირდე, გადაწყვიტო და გაუდგე გზას.

5 წლის ასაკში პირველი დიეტური გამოცდილების და თინეიჯერობის წლების განცდების მოყოლა ძალიან შორს წამიყვანს, თან დეტალები ბუნდოვნად მახსოვს და, რაც მთავარია, ყველა წარსული მცდელობა არასწორი და შესაბამისად უშედეგო იყო.

ამიტომ 2015 წლიდან დავიწყებ. ორშაბათი, თვის პირველი რიცხვი, სავსემთვარეობა, მზე გველისმჭერში… ბლა ბლა ბლა. მსგავს თავის მოტყუებებს შორის ახალი წელი, ახალი ფურცელი, შენს ხელში 365 ახალი შანსია და მსგავსი სამოტივაციო გამონათქვამები ამ დროს პირველ ადგილზე დგას. მეც 2015 წლის 1 იანვარს გადავწყვიტე, რომ დიეტა დამეცვა. არა, ძალიან ლოგიკურია, ჩურჩხელებით, ტრუფელებით და ათასი აკრძალული “ხილით” გარშემორტყმული, ამას რომ გადაწყვეტ. შესაბამისად, როგორი ლოგიკური გადაწყვეტილებაც იყო, ისეთივე ლოგიკური შედეგიც დამიდგა დაახლოებით 3 იანვრის საღამოს.

იანვარში დიეტის დაცვა აღარ მიცდია, თებერვალი, ახალი თვე, ახალი თავი… თებერვლის მცდელობამაც ფიასკო განიცადა, მსგავსი შედეგი მოჰყვა მარტის, ახალი სეზონი, გაზაფხული, “Hello March, please, be nice to me” მცდელობასაც.

ზემოთმოყვანილი მცდელობების დროს მქონდა რაღაც შედეგი, მაგრამ როდესაც საწყისი წონა 80 კილოგრამია, იმას გინდ 5 გამოაკელი გინდ 7 მიუმატე, მაინც არ ხარ იმ ფორმაში, როგორზეც აგერ უკვე წლებია ოცნებობ, შესაბამისად გერყევა მოტივაცია, ახალგამომცხარი კექსის სუნი ცხვირში გიღიტინებს და კიდევ 1000 სხვა უბედურება.

დადგა აპრილი, დაცხა ქალაქში, დაცხა და გაიხადა ქალაქმა, ჩემს ზედმეტ კილოგრამებს შავ პალტოში ვეღარ დავმალავდი. რა გინდა, რომ ქნა? აპრილი, ახალი თვე, ახალი შანსი? მერამდენედ? კარგი, მოდი ვცადოთ.

ვცადე, რაღაცეები წავიკითხე, საკუთარ თავს პრიორიტეტები განვუსაზღვრე, გამოვრიცხე “ორშაბათს ვხარშავთ კვერცხს, სამშაბათს ვჭამთ ნახევარს” და მსგავსი სახის მკაცრი დიეტები. ეტაპობრივად ამოვიღე ცომეული და შევამცირე ტკბილეულის დოზა. თვის ბოლოს სასწორზეც დავდექი და ვუალა! -6 კგ. შედეგი თანამშრომლებმაც შეამჩნიეს, უნივერსიტეტშიც; გამამხნევეს, შემაქეს… 6 კილო ადრეც დამიკლია, მაგრამ როგორც ჩანს პლანეტების განლაგებამ, ჩაკრებმა, უფრო მეტად კი იმან, რომ განვლილი თვის განმავლობაში გონება და ორგანიზმი არ დამისტრესავს მოტივაცია ერთი ორად ამიმაღლა და გაორმაგებული შემართებით აგერ უკვე 5 თვეა მოვდივარ.

როგორც ხდება ხოლმე, ძირითადი წონა, სადღაც 15 კილოგრამი, პირველ ორ თვეში დავიკელი. შემდეგ ორგანიზმმა კლება შეანელა, თუმცა ეს უკვე ის პერიოდია, როდესაც ეს ბუნებრივი პროცესია, შესაბამისად, პანიკაში არ ვვარდები (ნუ ხანდახან).

აგვისტოს 10 რიცხვისთვის 59 კილო ვიყავი. შემდეგ, შვებულების ჟამს 2 კგ მოვიმატე (ეს არ ყოფილა მოულოდნელი, უკონტროლო პროცესი, საკუთარ თავს ამის უფლება სრულიად შეგნებულად მივეცი) და ახლა 61 კგ ვარ. აგვისტოს საწყის წონას სავარაუდოდ სექტემბრის დასაწყისისთვის დავუბრუნდები და ჩემს ყველაზე საყვარელ სეზონს ახალი შემართებით შევხვდები. რაც მთვარია, დავიწყებ ვარჯიშს და ოცნების წონას (50 კგ) 2016 წლის დადგომამდე მივაღწევ.

რაც შეეხება ოცნების წონას, მართალია “პაპსა” სამოტივაციო გამონათქვამები ძალიან მაღიზიანებს, მაგრამ ფაქტია, რომ თქვენ ბევრად მეტს ნიშნავთ ვიდრე ელექტრონულ სასწორზე გამოსახული ციფრებია. ნუ ჩაიციკლებით ციფრებზე (ამას საკუთარი თავის გასაგონადაც ვამბობ). უბრალოდ დარწმუნდით, რომ ყველაფერს სწორად აკეთებთ.

შეეცადეთ იყოთ ფიზიკურად აქტიურები და წონაში სხვაობას, ცდუნებებით აღსავსე (თავიდან აქ სიტყვა “მტანჯველი” მეწერა, მაგრამ არამც და არამც!) დასაწყისის, აზარტული შუალედური პროცესებისა და ტკბილი (ჯანსაღი ტკბილის ოღონდ, ყავისფერი შაქარი ან თაფლი)  შედეგის გემოს მაშინ იგრძნობთ როდესაც მაღაზიის გასახდელში 40 ზომას შეიტანთ, ნუ ყოველი შემთხვევისთვის 38-საც და ვუალა, აღმოჩნდება, რომ ორივე დიდი გაქვთ და 36 ზომა კაბასაც მშვენივრად ირგებთ.

"არაფერია ისეთი გემრიელი, როგორც ფორმაში ყოფნა." - ქეით მოსი

აი, ის კი მართალი თქვა ქეით მოსმა: “არაფერია ისეთი გემრიელი, როგორიც ფორმაში ყოფნა”. არა, არც პიცა, არც ნაყინი. ამით მოტივაციას არ გიმაღლებთ, უბრალოდ მართლა ასეა.

21 კილოს დაკლების შემდეგ, შვებულებაში თავი ყველა იმ საკვებით დავასაჩუქრე, რაც მიყვარდა და, იცით, რა მოხდა? რეაქცია არ მქონია! არ ვიცი, გემოს რეცეპტორები დამიჩლუნგდა, თუ ისევ მთვარეს გადავაბრალო, მაგრამ ასეა.

თანდათანობით თავად გადაეჩვევით “ჯანქ ფუდს”, უაზროდ მიღებულ ნახშირწყლებსა და დანამატებით გაჯერებულ პროდუქტს.

საკუთარ თავს იმის უფლებას ვერ მივცემ, რომ 20 კილოგრამის დასაკლები გაწერილი რეცეპტი მოგცეთ – ამის უფლება მხოლოდ საქმის პროფესიონალებს აქვთ. თუმცა იმას გეტყვით, რომ პირველი, ვისაც უნდა მოუსმინოთ, საკუთარი ორგანიზმია. ის თვითონ მიგანიშნებთ რა უჭირს, რა აკლია და ემეტება. ვაზუსტებ, ორგანიზმი და არა ხარბი თვალი! არსებობს ზოგადი რჩევები და პრინციპები, რაზეც ჯანსაღი კვების სტილი იგება და მეც შეძლებისდაგვარად ვიცავდი, ესენია:

წყალი

მე დღის განმავლობაში 3 ლიტრს, ზაფხულში ცოტა მეტსაც ვსვამ, რადგან მიყვარს და ორგანიზმი მთხოვს, თუ თქვენ ასე არ ხართ, ნელა გაზარდეთ დოზა დღის განმავლობაში 2-2,5 ლიტრამდე. დილას იწყებთ 300-500მლ წყლით;

ხშირი კვება

ინტერვალი კვებებს შორის არ უნდა შეადგენდეს 2 საათზე ნაკლებს და 4 საათზე მეტს, ბოლო კვება დაძინებამდე 3-4 საათით ადრე უნდა მოახერხოთ. სასურველია დღეში 3-5-ჯერ კვება.

ხილი

მხოლოდ დღის პირველ ნახევარში და გახსოვდეთ, ხილი არ არის წახემსება და სასუსნაო კვებებს შორის, რომელიც არ ითვლება, ითვლება და თან მშვენივრად, ხილი თავისუფლად შეიძლება და უნდა აქციოთ კიდევაც ერთ-ერთ კვებად, მაგალითად მიირთვით ლანჩზე 200-300გრ. (სასურველია ერთგვაროვანი. შეზღუდეთ ბანანი, ლეღვი, ყურძენი, ნესვი, საზამთრო, კარალიოკი);

ბოსტნეული

რომლის ჭამაც ყველაზე მეტად მიჭირს, რადგან უნდა გადაწყვიტო რომელი გინდა მერე მიხვიდე მარკეტში, ან დაგხვდება ან არა, იყიდო, მიიტანო სახლში, მოამზადო, კონტეინერით სამსახურში წაიღო, მაგრამ აუცილებელია, ის არაჩვეულებრივი გარნირია ხორცისთვის (გარდა კარტოფილისა და ჭარხლისა) და მისი მიღება ჩვენი ორგანიზმს ძალიან სიამოვნებს.

ცილები

ჩვენი ორგანიზმის სასიცოცხლოდ აუცილებელი მეგობრები, რომლის შეზღუდვის ხარჯზე გახდომა არის დიდი დანაშაული და მივყავართ არასასიამოვნო შედეგებამდე (საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით გეუბნებით), ამიტომ ყოველდღიურად მიიღეთ ცილის შემცველი პროდუქტები, როგორებიცაა: უცხიმო მოხარშული ხორცი, ნაკლებადცხიმიანი თევზი, კვერცხის ცილა და ა.შ.

ცხიმები

მერე რა რომ დიეტაზე ხართ, ცხიმები ისეთივე აუცილებელია, როგორც ნებისმიერი სხვა ნივთიერება, მთავარია დოზები და სახეობები, ქათამი მზესუმზირის ზეთში არ უნდა აბანავოთ და ტრანსცხიმებით გაჯერებული საწარმოო ბულანჟერია არ უნდა მიირთვათ, მაგრამ თავისუფლად შეგიძლიათ და უნდა ჩართოთ რაციონში თხილეული და მცენარეული ზეთი.

ნახშირწყლები

წარსულში ჩემი უმოწყალო მტერი “რელიგიის” შეცვლამდე, რადგან გონების დაბინდვამდე მიყვარს(და) მაკარონი ნებისმიერ ფორმაში და ბრუნვაში. ნახშირწყლების გარეშე ორგანიზმი, განსაკუთრებით კი – გონება, რა თქმა უნდა, სრულფასოვნად ვერ იმუშავებს. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, სწორედ მისი არასწორი დოზირებისა და სახეობების შერჩევის გამო გვილაგდება პრობლემურ ზონებში ცხიმები.

ნახშირწყლები, ისევე როგორც ცხიმები, იყოფიან მეგობარ და მტერ სახეობებად. მტერია ნებისმიერი საწარმოო ტკბილეული. არ მოტყუვდეთ დაბალ პროცენტიანი იოგურტებით, დიაბეტური ან დიეტური ნაყინებით, შოკოლადებით, ვითომ ნატურალური, არადა ძვირიანი, შეფუთული წვენებით და ა.შ.  სამაგიეროდ დაიმეგობრეთ ხილი (როგორც უკვე დავწერე დღის პირველ ნახევარში), თაფლი, ყავისფერი შაქარი (დოზირებულად), ბურღულეული (დღის პირველ ნახევარში).

 

ეს არის და ეს! ფორმაში ყოფნის თანაფარდობა ასე ნაწილდება: 70% – კვება, 30% – ფიზიკური აქტივობა, და, რაც მთავარია, 100% საკუთარი თავის სიყვარული და მიზნისკენ სწრაფვა! ეს ნებისმიერ საქმეში ასეა.

P.S. მე ვარჯიშის დაწყებას სექტემბრიდან ვაპირებ, აქამდე ნულოვანი ფიზიკური აქტივობით მოვედი, თუ თქვენ თავიდან მსუბუქ შემდეგ კი აქტიურ ვარჯიშს შეაშველებთ კვების ამ სტილს, შედეგი უფრო მალეც დაგიდგებათ და სხეულიც ტონუსში იქნება.

 

სტატია პირველად გამოქვეყნდა ანი ბარბაქაძის პირად ბლოგზე. მასალა გამოყენებულია ავტორის სურვილით და ნებართვით.

თუ გსურთ, თქვენი სტატიების გამოქვეყნება, მოგვწერეთ ელფოსტაზე: editor@pink.ge