ტუჩსაცხი მაკიაჟის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც დიდი ყურადღებით უნდა შეარჩიო. სწორად შერჩეული ტუჩსაცხი ქალის სილამაზეს უსვამს ხაზს და პირიქით, არასწორად შერჩეულმა ფერმა შეიძლება დათვური სამსახური გაგიწიოს. ამ სტატიაში მოკლედაა ჩამოყალიბებული ის ძირითადი, საკვანძო კრიტერიუმები, რითაც ტუჩსაცხის ფერის შერჩევისას უნდა იხელმძღვანელო, თუმცა არც ის დაივიწყო, რომ ეს ყველაფერი ძალიან ინდივიდუალურია.

თხელი ტუჩები

შეგიძლია მოსინჯო: ატმისფერი, მკრთალი ვარდისფერი, ღია კრემისფერი.

არასასურველია: წითელი, მუქი წითელი, მუქი იისფერი, ყავისფერის ყველა ტონალობა.

lipstocksforthinlips

თუ შენ თხელი ტუჩები გაქვს, უმჯობესია მოერიდო მუქ და მკვეთრ ფერებს და უფრო რბილი, ბუნებრივთან მიახლოებული ფერები იხმარო.   თავდაპირველად გამოყავი ტუჩის კონტური ფანქრით, რომლის ფერიც მაქსიმალურად იქნება მიახლოებული შენი კანის ფერთან და შემდეგ ღია ვარდისფერი, ღია მარჯნისფერი ან კრემისფერი ტუჩის მბზინავი საცხი წაისვი. თუ სპეციალურ, მოცულობის მოსამატებელ ტუჩსაცხს იხმარ, ტუჩები უფრო სავსე გამოჩნდება.

სავსე ტუჩები

შეგიძლია მოსინჯო: წითელი, ვარდისფერი, მოვარდისფრო-იისფერი ტონალობები.

არასასურველია: მხოლოდ ის ფერები, რომლებაც ჩათვლი, რომ შენი კანის ფერს არ უხდება.

lipsticksforfulllips

ეცადე არ იყიდო ისეთი ტუჩსაცხი, რომელიც მოცულობის მომატებისთვისაა განკუთვნილი. შენ ის უბრალოდ, არ გჭირდება.  მსგავსი ეფექტის მისაღწევად საკმარისია ზედა ტუჩის შუა ნაწილში ცოტაოდენი ტუჩის გამჭვირვალე მბზინავი საცხის  წასმა.  ასევე, არაა აუცილებელი ფანქრის გამოყენება  ტუჩის კონტურის გამოსაკვეთად.

დღის მაკიაჟისთვის

შეგიძლია მოსინჯო: ვარდისფერი, ატმისფერი, კრემისფერი.

არასასურველია: თუ არ გინდა ვამპირივით გამოიყურებოდე, ჯობია მუქი ფერის ტუჩსაცხი საერთოდ არ გამოიყენო.

lipsticksforday

დღის მაკიაჟი სადა უნდა იყოს, ამიტომ ამ დროს  უპირატესობა ღია ფერის ტუჩსაცხებს ენიჭება. თვალის მაკიაჟიც მკრთალი ჯობია იყოს, ბუნებრივ ფერებში გადაწყვეტილი. თუ განსაკუთრებული შეხვედრა ან ღონისძიება გაქვს დაგეგმილი, გამოიყენე ვარდისფერის და კრემისფერის ცოტა უფრო მუქი ტონალობები. ასე შენი მაკიაჟი უფრო გლამურული იქნება და თან არც ძალიან მკვეთრი.

საღამოს მაკიაჟისთვის

შეგიძლია მოსინჯო: ხასხასა წითელი, მკვეთრი ვარდისფერი, მოვარდისფრო-იისფერი, კრემისფერი.

არასასურველია: შეგიძლია ყველანაირი ფერის ტუჩსაცხი გამოიყენო.

lipsticksfornight

იმისათვის, რომ საღამოს წვეულებაზე ყველაზე გლამურულად გამოიყურებოდე,  თამამად წაისვი ყავისფერი, მკვეთრი წითელი ან ვარდისფერი ტუჩსაცხი. იყავი თამამი და არ შეგეშინდეს ექსპერიმენტების. თუმცა არ დაივიწყო, რომ ამ დროს თვალის მაკიაჟი მაქსიმალურად ნეიტრალურ ფერებში უნდა იყოს შესრულებული.

თუ შენ თინეიჯერი ხარ

შეგიძლია მოსინჯო: ვარდისფერი, კრემისფერი, გამჭვირვალე.

არასასურველია: ზედმეტად მუქი ტონალობები.

lipsticksforteens

ამ ასაკში შენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ლამაზად გამოიყურებოდე, მაგრამ ზოგჯერ  ძნელია სასურველი ფერის ამორჩევა, რომელიც მოგიხდება.  დასაწყისისთვის, თუ ეს შესაძლებელია, უარი თქვი ტუჩის კონტურზე, ამის ნაცვლად, შეიძინე ისეთი ტუჩსაცხი, რომელსაც თან მოყვება კონტური, რომლის ფერიც ზუსტად შეესაბამება საცხის ფერს. სკოლის დღეებში გამოიყენე კრემისფერი, ხოლო დასვენების დღეებში ვარდისფერი ტუჩსაცხი. მოსინჯე ამ ორი ფერის სხვადასხვა ტონალობები და ის აარჩიე, რომელიც შენ ყველაზე მეტად მოგეწონება.

თუ შენ 20+ ასაკის ხარ

შეგიძლია მოსინჯო: ოქროსფერი, ჟოლოსფერი, კაშკაშა წითელი.

არასასურველია: მხოლოდ ის, რაც შენ არ მოგწონს.

lipsticksfor20smth

გამოიყენე თბილი ფერები იმისათვის, რომ ხაზი გაუსვა შენს ახალგაზრდობას.  გამოიყენე  ოქროსფერი ტონალობები საოფისე მაკიაჟისთვის და მკვეთრი ჟოლოსფერი წვეულებებისთვის. საოფისე მაკიაჟისთვის სულ ცოტა მბრწყინავი ტონალობების დამატება შენს მაკიაჟს უფრო სექსუალურს გახდის და ამისთვის მხოლოდ რამდენიმე წუთი დაგეკარგება. არ შეგეშინდეს წითელი ტუჩსაცხის გამოყენების. მისი სწორად წასმის შემთხვევაში, ის შენს სილამაზეს კიდევ უფრო გამოკვეთს. სულ ცოტა პრაქტიკა და იდეალური წითელი ტუჩები შენი განუმეორებელი სავიზიტო ბარათიც შეიძლება გახდეს.

იმედი მაქვს, ამ რჩევების მიხედვით  თამამად ჩაატარებ ექსპერიმენტებს და აუცილებლად მიაგნებ შენს იდეალურ ფერს.  გისურვებ წარმატებას!