მენსტრუაციას, როგორც წესი, ყოველთვის თან ახლავს ფიზიკური სისუსტე, ტკივილი, მომატებული აღგზნებადობა და ჰორმონული ცვლილებებით განპირობებული სხვა მოვლენები. ამიტომ საჭირო და აუცილებელია, ორგანიზმის შეცვლილ მოთხოვნილებებს შევუსაბამოთ არა მარტო დღის რეჟიმი და მისი დატვირთვის ხარისხი, არამედ ყოველდღიური კვების რაციონიც.

menstruacia

ქვემოთ მოყვანილი რჩევები სწორედ იმისთვისაა, რომ კრიტიკულმა დღეებმა, რაც შეიძლება, ნაკლები დისკომფორტი შეგიქმნას და ადვილად შეძლო მათთან გამკლავება. კვების რაციონში ცვლილებები, სასურველია, ციკლის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე შეიტანო და სისხლდენის დასრულებამდე გააგრძელო.

რაზე მოგვიწევს უარის თქმა?

პირველ რიგში, ცხოველური წარმოშობის, განსაკუთრებით, ცხიმიან პროდუქტებზე (ხორცი, რძე, კარაქი). უნდა შევწყვიტოთ ან შევზღუდოთ მაინც ყავის და სხვა კოფეინიანი სასმელების მოხმარება.

გაითვალისწინე: კატეგორიულად აკრძალულია ალკოჰოლის მიღება!

სასურველია, არ მივირთვათ შოკოლადი და სხვა სახის ტკბილეული.

უნდა მოვერიდოთ კონსერვებს, ხელოვნურ დანამატებიან პროდუქტებს.

kveba da menstruacia

აბა, რა ვქნათ, რაღაც ხომ უნდა ვჭამოთ?

აუცილებლად :)

შიმშილობა მენსტრუაციის დროს მკაცრად უკუნაჩვენებია. პირიქით, საჭიროა ხშირად, პატარ-პატარა ულუფებით, მაგრამ სრულფასოვნად იკვებო – ორგანიზმს ძალების და სასარგებლო ნივთიერებების დეფიციტის აღდგენა ესაჭიროება. უბრალოდ, ცოტა მსუბუქი, მაგრამ ჯანსაღი მენიუს შედგენა მოგიწევს.

მენსტრუაციის დროს უპირატესობა, როგორც წესი, მცენარეულ პროდუქტებს უნდა მივანიჭოთ. ახალი ხილი და ბოსტნეული მნიშვნელოვნად გაგიუმჯობესებს თვითშეგრძნებას.

რეკომენდებულია, აგრეთვე, ბრინჯისა და წიწიბურასგან მომზადებული კერძები.

გარდა ამისა, საჭიროა მივიღოთ მცენარეული ცილებით მდიდარი საკვები, როგორიცაა: სოიო, ლობიო, ბარდა და სხვა პარკოსნები. შეშუპებისკენ მიდრეკილების შემთხვევაში, უნდა შევამციროთ სითხის და სუფრის მარილის მოხმარება.

menstruacia

ჩემი კომპიუტერის არქივში წავაწყდი რეცეპტს, რომელიც მენსტრუაციის პერიოდში ქალის ორგანიზმის მოთხოვნილების შესაბამისი საკვები ინგრედიენტებისგანაა შედგენილი. თუ მოგეწონება, შეგიძლია, გულმშვიდად ისარგებლო, მით უმეტეს, რომ მისი მომზადება დიდ დროს არ წაგართმევს.
აი, ისიც:

საჭიროა:

200 გრამი შვრიის ფანტელი
200 გრამი უცხიმო იოგურტი
1 ბანანი
2 ვაშლი
1 ფორთოხალი
1 სუფრის კოვზი თაფლი

მომზადების წესი:

ჯერ ერთმანეთში აურიე შვრიის ფანტელი და იოგურტი. შემდეგ ხილი გაფცქვენი, დაჭერი მცირე ან საშუალო ზომის ნაჭრებად და თაფლთან ერთად დაამატე მიღებულ ნარევს. ზემოდან შეგიძლია დანაყილი ან წვრილად დაჭრილი ნიგოზიც მოაყარო.

სულ ესაა.

რა თქმა უნდა, სერვირება და გემოვნების მიხედვით მორთვა-მოკაზმვაც არ უნდა დაივიწყო. ქალები ხომ ესთეტიკური არსებები ვართ და დადებითი ემოციებით კვებაც ისევე გვესაჭიროება კარგი ჯანმრთელობისა თუ გუნება-განწყობისთვის, როგორც ვიტამინები და სხვა სასარგებლო ნივთიერებები ;).