კბილის ფერი საკმაოდ პრობლემატურია განსაკუთრებით მათთვის, ვინც ხშირად მიირთმევს ყავას, მწეველია და სტომატოლოგს მხოლოდ აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში აკითხავს. ალბათ დამეთანხმებით, თანამოსაუბრის ღიმილი განსაკუთრებულად სასიამოვნო გვეჩვენება, როცა მას ლამაზი, მოვლილი და ბუნებრივად თეთრი კბილები აქვს.

საქართველოში კბილების გათეთრების პროცედურა რამდენიმე მეთოდის გამოყენებით თითქმის ყველა სტომატოლოგიურ კლინიკაში კეთდება, თუმცა ამჯერად მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო ყველაზე პოპულარულ ZOOM მეთოდზე, ანუ გელის გამოყენებით კბილის ფერის კორექციაზე.

პროცედურა მარტივია: სტომატოლოგი ამოწმებს პირის ღრუს სიჯანსაღეს, ახდენს რბილი ქსოვილების იზოლირებას, კბილებზე ათავსებს გელს და ანათებს სპეციალურ ჰალოგენურ ნათურას, რომელიც ჟანგბადს გამოყოფს. ეს მეთოდი საშუალებას იძლევა კბილის ფერი 4-8 ტონით გაღიავდეს, რაც მთავარია, მინანქრის დაზიანების გარეშე. აღნიშნული პროცედურის ფასები სტომატოლოგიურ კლინიკებში 200 ლარიდან იწყება.

მიუხედავად იმისა, რომ გენეტიკურად 100%-ით ჯანსაღი კბილები მაქვს, მაინც ხშირად ვსტუმრობ სტომატოლოგს გაწმენდის პროცედურისთვის. თუმცა, რადგან მწეველი ვარ და ყავასაც ხშირად მივირთმევ, ერთი წლის წინ გადავწყვიტე, მეცადა გათეთრების პროცედურაც და ერთ-ერთ კლინიკაში ZOOM სისტემაზე ფასდაკლებით ვისარგებლე.
მართალია, შედეგი მეტ-ნაკლებად თვალსაჩინო იყო, თუმცა:

  • სტომატოლოგმა წინასწარ არ შეამოწმა ჩემი პირის ღრუ;
  • გამოიყენა ჩვეულებრივი კაპები რბილი ქსოვილის დაცვის გარეშე.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, ღრძილების ქიმიური დამწვრობა მივიღე და შემდეგ 5 დღის განმავლობაში ვმკურნალობდი.

ამ არც თუ სასიამოვნო გამოცდილების მიღების შემდეგ, გადავწყვიტე, ინტერნეტ-გამოძიება ჩამეტარებინა და ზუსტად გამეგო პროცედურის სწორი წარმართვისთვის საჭირო წესები. საბოლოოდ, აღმოვაჩინე, რომ უკეთესი შედეგის მიღწევა სახლის პირობებშიც შეიძლებოდა.

WhiteningTeeth

რა დაგვჭირდება?

1. სპეციალური გელი

კარბამიდის პეროქსიდის შემცველი გელი, რომლის შეძენაც ამაზონზე საკმაოდ მარტივად და იაფად შეგიძლიათ, შეგიძლიათ აირჩიოთ სასურველი სიძლიერის გელი. ამ ეტაპზე მე ყველაზე ძლიერს – 44%-იანს ვიყენებ, თუმცა დასაწყისისთვის 22%-იანის გამოყებით დაიწყეთ.

მნიშვნელოვანია: გელი არ უნდა იყოს დამზადებული მჟავაზე, შეარჩიეთ გელი, რომლის სახელწოდებაშიც მითითებულია “Carbamide Peroxide”.

2. კაპები

კაპები, რომელშიც გელს მოათავსებთ და კბილებზე დაიმაგრებთ. საუკეთესო ვარიანტია სპეციალურად თქვენი პირის ღრუსთვის დამზადებული კაპების გამოყენება, თუმცა მათი შეძენაც ძალიან იაფად ამაზონზე შეგიძლიათ. მე კაპებს არ ვიყენებ, რადგან მათ გარეშე ბევრად უკეთეს ეფექტს ვიღებ, თუმცა შეგიძლიათ, მაინც სცადოთ.

3. ლურჯი შუქი

ეხმარება და აუმჯობესებს გელის მოქმედებას.

პროცესი:

ნაბიჯი 1. პროცედურის დაწყებამდე რბილი ჯაგრისით მსუბუქი მოძრაობებით გაიხეხეთ კბილები.

ნაბიჯი 2. დაიცავით ღრძილები ჩვეულებრივი ბამბის გამოყენებით. ეს მნიშვნელოვანია, რადგან დაუცველ ღრძილებზე გელის მოქმედებამ შესაძლოა მათი ქიმიური დამწვრობა გამოიწვიოს.

ნაბიჯი 3. ყურის ჩვეულებრივი ჩხირების გამოყენებით გელის მცირე რაოდენობა დაიდეთ კბილების ზედაპირზე, ან გელის მცირე რაოდენობა მოათავსეთ კაპებში.

ნაბიჯი 4. ჩართეთ ლურჯი შუქი და მოათავსეთ პირის ღრუში ისე, რომ თანაბრად ანათებდეს ყველა კბილს.

ნაბიჯი 5. დაელოდეთ 20 წუთი პირველი პროცედურის დროს, შემდეგში პროცედურის ხანგრძლივობის გაზრდა შესაძლებელია სურვილის მიხედვით. შეეცადეთ არ გადაგეყლაპოთ გელი დიდი რაოდენობით.

ნაბიჯი 6. პირის ღრუ თბილი წყლით გამოირეცხეთ. არავითარ შემთხვევაში არ გაიხეხოთ კბილები პროცედურის შემდეგ.

ნაბიჯი 7. 2 საათის განმავლობაში თავი შეიკავეთ საკვების, სასმლის მიღებისგან და მოწევისგან, ან მიიღეთ მხოლოდ თეთრი ფერის საკვები/სასმელი.

შესაძლებელია პროცედურამ გამოიწვიოს მგრძნობელობის ოდნავი მატება, რომელიც მეორე დღეს გაივლის. პროცედურა უნდა ჩაიტაროთ ორი კვირის განმავლობაში ყოველდღე. თუ აღგენიშნებათ მგრძნობელობის ძლიერი მომატება, შეწყვიტეთ პროცედურის ჩატარება დროებით. კურსის გამეორება დასაშვებია ერთი თვის შესვენებით.
წარმატებებს გისურვებთ!