აკუსტიკური კავიტაცია – ესაა უახლესი მეთოდი ცხიმის მოსაშორებლად, რომელიც უფრო და უფრო პოპულარული ხდება.

მეთოდი 2006 წელს იტალიელების მიერ შემუშავდა. ქართული ესთეტიკური მედიცინის ცენტრებში კავიტაციის გამოყენება სხეულის კორექციისთვის დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყეს.

რით არის კავიტაცია გამორჩეული?

ესაა სრულიად უმტკივნეულო, არაქირურგიული და ერთერთი ყველაზე ეფექტური ხერხი ზედმეტი ცხიმისა და ცელულიტის დასაშლელად. მას ხშირად არაქირურგიულ ლიპოსაქციად მოიხსენიებენ.

კავიტაციის შედეგი პირველივე პროცედურის შემდეგ არის შესამჩნევი – პაციენტი იკლებს მოცულობაში 3-5 სანტიმეტრს.

კავიტაციის დროს სხეულის პრობლემურ ადგილებზე სპეციალური აპარატით ხდება ულტრაბგერითი ტალღების გატარება. ტალღები ცხიმოვან ქსოვილში იწვევენ ბუშტუკების წარმოქმნას, რომლებიც იზრდებიან და სკდებიან. ბუშტუკების გახეთქვის შედეგად ზიანდება ცხიმოვანი უჯრედების მემბრანა და ისინი თხევადდებიან.

ცხიმოვანი უჯრედების დაშლის შედეგად წარმოქმნილი პროდუქტი  უჯრედშორის სივრცეში ხვდება, იქიდან კი ლიმფურ სისტემაში. შემდეგ კი მეტაბოლური პროცესებით გამოიყოფა ორგანიზმიდან, ხოლო 10%–ს სისხლი შეიწოვს.

კავიტაცია არ იწვევს სხვა უჯრედებისა და ქსოვილების დაზიანებას. კავიტაციის პროცედურის შემდეგ აუცილებელია დამატებითი პროცედურების (ლიმფოდრენაჟი) ჩატარება, რათა დაჩქარდეს გათხევადებული ცხიმის ორგანიზმიდან გამოყოფა.  დაშლილი ცხიმოვანი უჯრედები აღარ აღდგება. პაციენტი თავდაპირველად იკლებს მოცულობაში, მას შემდეგ კი, რაც დაშლილი ცხიმი ორგანიზმიდან გამოიყოფა, ის წონაშიც იკლებს.

კავიტაციის მეთოდის საშუალებით, გარდა იმისა, რომ იშლება ცხიმი და ცელულიტი, უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა, კანი ხდება ელასტიური და მკვრივი. კავიტაციით ასევე შესაძლებელია ლიპოსაქციის შედეგად წარმოშობილი დეფექტების კორექცია.  სხეულზე არ რჩება კვალი, არ იცვლება კანის ფერი.

კავიტაციის პროცედურა გრძელდება 1 საათამდე, პროცედურებს შორის პაუზა 5–დან 7 დღემდეა.  ქართული ესთეტიკური მედიცინის ცენტრებში 1 პროცედურის ღირებულება 30 ლარიდან 100 ლარამდეა.

კავიტაციის შემდეგ პაციენტს უტარდება ვაკუუმოთერაპია, პრესოთერაპია, რათა დაჩქარდეს გათხევადებული ცხიმის გამოდევნა ლიმფური სადინრების მეშვეობით.

კავიტაცია არ შეიძლება ორსულთათვის, შაქრიანი დიაბეტის, საშვილოსნოს მიომის, სისხლძარღვოვანი, ქრონიკული ინფექციური დაავადებების, სხეულზე ღია ჭრილობებისა ან სხვა დაზიანებების მქონეთათვის.