Home თავის მოვლა

სირბილი ნელ-ნელა მომწონს. არა, ადვილი არ არის, მაგრამ რაღაცნაირად სასიამოვნოა. ყველაზე მეტად ის მომენტი მიყვარს, როცა მავიწყდება, რომ დავრბივარ, ვფიქრობ ჩემთვის რაღაცაზე და უცებ ვხვდები, რომ ეს რამდენიმე წამი აღარც სუნთქვის კონტროლი მჭირდება, აღარც ქოშინი მაქვს და საერთოდაც, ცხოვრება მშვენიერია :) …

სირბილი ფლეიერის გარეშეც ვცადე. ცუდი არაა. ვიღაცამ მითხრა ამას წინათ, სირბილის დროს მუსიკა იმათ სჭირდებათ, ვისაც საკუთარ თავთან მარტო დარჩენის ეშინიაო. რამდენად მართალია ჩემსა და შენს შემთხვევაში, არ ვიცი, ისე კი თუ რამე გაქვს საფიქრალი, გადასაწყვეტი და გასაანალიზებელი, სირბილზე უკეთეს დროს ვერც იპოვი.

1adbec719431b3dc268e16dca2fccd27
სირბილის დროს  ხშირად ვფიქრობ ამ ბლოგზე და მკითხველებზე: რას ფიქრობთ, რა მოგწონთ, არ მოგწონთ, პოსტებსაც ასე ზეპირად ვწერ ხოლმე და მერე გადმომაქვს აქ. სირბილი და ეს ახალი წამოწყება ძალიან მეხმარება ბევრ რამეში. ხანდახან, აი ძალიან რომ ვიღლები ბოლო წრეებზე და გაჩერება მინდა, მახსენდება, რომ ქალაქის სხვა კუთხეში ხარ შენ. დარბიხარ ან ბლოგს კითხულობ და მაშინვე ვათავისუფლებ თავს “არ შემიძლია”-სგან.

ამ კვირაში მეორე ეტაპზე გადავედი (გეგმას წინა პოსტში იპოვი), თუმცა მანამდე კიდევ ერთი დღე გავიმეორე დამატებით პირველი კვირის განრიგიდან, რომ უკეთ შევჩვეოდი სირბილს და ახალი განრიგისთვის მომზადებული ვყოფილიყავი.

პირველი დღე

სხვათა შორის, ძალიანაც არ გამჭირვებია. ისე კი, მიუხედავად იმისა, რომ 30 წამი თითქოს არაფერია, აშკარად გრძნობ დატვირთვის ცვლილებას სირბილის დროს. პირველი 3 წრე გმირულად, ზედმეტი გართულების გარეშე ვირბინე, აი ბოლოსკენ კი ქოშინმაც შემახსენა თავი. ცოტა მომენატრა პირველი კვირის პროგრამა. ისიც კი ვიფიქრე სჯობდა, წინა კვირა მთლიანად გამემეორებინა-მეთქი.

სარბენად ღამით გავედი. როგორც წესი, მარტო დავრბივარ ხოლმე, ასე უფრო ადვილია რითმის და ტემპის კონტროლი, მაგრამ დღეს ფუმფულა ზღარბმა და შავმა კატებმა გამიწიეს კამპანია. და მიუხედავად იმისა, რომ მარტო სირბილი მომწონს, ამ ზღარბმა მაინც ძალიან გამახალისა. პრინციპში აი ესაა ღია სივრცის უპირატესობა სპორტდარბაზთან შედარებით: დარბაზებში ზღარბები არ ჰყავთ და არც სუფთა ჰაერი აქვთ.

მეორე დღე

სარბენად საღამოს გავედი, ჩვეულებრივი ეკიპირებით. 2 წრე რომ ვირბინე და მესამეზე გადავედი, ვიგრძენი, რომ რაღაც ისე ვერ იყო საქმე. მე-4 წრემდე კიდევ არა მიშავდა, აი ბოლო 2 წრე კი მართლა ძალით ვირბინე. ნორმალური ადამიანი ალბათ გაჩერდებოდა და დაისვენებდა, მაგრამ მე არა. მივეჩვიე, რომ გაჩერების შემდეგ ყველაფრის დაწყება უფრო ჭირს. სირბილისაც.

ერთი შეხედვით უცნაური სიტუაციაა: რატომ უნდა გაგიჭრდეს, თან ძალიან გაგიჭირდეს ერთი და იგივე დატვირთვის დაძლევა 2 დღის ინტერვალით, როცა წინა დღეებში ასეთი არაფერი დაგმართნია?

პასუხი იმაზე მარტივი და ბანალური აღმოჩნდა, ვიდრე ველოდი: ჩემს პირად კალენდარზე PMS იწონებდა თავს!

სირბილი და PMS

ზოგადად ყველა ქალს და, ალბათ, კაცსაც გამოუცდია პრემენსტრუალური სინდრომის ეფექტი საკუთარ ტყავზე: ისტერიკა, მაცივრისადმი განუზომელი ლტოლვა, შოკოლადი, შოკოლადი და კიდევ შოკოლადი… თუმცა ამხელა გავლენა თუ ჰქონდა ფიზიკურ დატვირთვაზეც, ნამდვილად არ მეგონა. როცა პასუხისთვის გუგლს მივმართე, ასეთი რამ აღმოვაჩინე: ყველაზე რთული ქალებისთვის სარბენად  ციკლის პერიოდი კი არა, ოვულაციის შემდგომი კვირაა. ამაში კი დამნაშავე ჰორმონ პროგესტერონის შედარებით მომატებული მაჩვენებელია. ამ დროს სუნთქვის რიტმი და სიღრმე ირღვევა, სისხლი ვერ მარაგდება ჟანგბადით როგორც საჭიროა და ჩვენც უფრო ვიწყებთ ქოშინს და გვიჭირს სირბილი. რეკომენდაცია სირბილის ჩვენს პირად კალენდარზე მორგება და ამ პერიოდში დატვირთვის შემცირებაა (დაგეგმე თავის მოვლის პროცედურები შენი ციკლის მიხედვით!).

სხვათა შორის იქვე, სადაც ეს ამოვიკითხე მითითებული იყო, რომ ციკლის დროს სულაც არაა საჭირო სირბილი შევწყვიტოთ. პირიქით: თუ წელის და მუცლის ტკივილი გაწუხებს ხოლმე ამ დროს, სირბილისას გამოყოფილი ე.წ. “გამაყუჩებელი” ჰორმონები დაგეხმარება მისგან გათავისუფლებაში. თუმცა ამ საკითხს მეორე მხარეც აქვს: ციკლის დროს სირბილისას სისხლძარღვები საკმაოდ ფართოვდება, შედეგად კი შეიძლება დენა გაძლიერდეს და სისხლთან ერთად მეტი რკინაც დავკარგოთ, რაც არცთუ კარგი ამბავია ზოგადად ქალებისათვის.

სწორედ ამ ბოლო პუნქტის გამო გადავწყვიტე, ამ კვირაში მეტი არც ვირბინო, სანამ ციკლის პერიოდი არ გაივლის. როგორც კი ამ მონაკვეთს გადავივლი, მაშინვე განვაახლებ სირბილს, ოღონდ ამ კვირას გავიმეორებ ისევ. თქვენ კი რომ არ მოგწყინდეთ, სხვა აღმოჩელილ საინტერესო ამბებსაც გაგცნობთ, რომლებსაც PMS-ისა და სირბილის კავშირის ძიებაში გადავაწყდი.

გაჭიმვები სირბილამდე და სირბილის შემდეგ

tumblr_mr2op1LjYF1s0518do1_500

ამ აუცილებელ პუნქტზე უფრო ადრე უნდა გამემახვილებინა ყურადღება, თუმცა არც ახლაა გვიან. რამდენიმე ვიდეო მკითხველებმაც გამომიგზავნეს, ზოგიც მე მოვიძიე და რჩევებსაც გადავავლე თვალი.

რაში გვჭირდება გაჭიმვები სირბილამდე და სირბილის შემდეგ?

კარგი კითხვაა. თურმე კარგი გაჭიმვა სირბილის წინ აფართოვებს სისხლძარღვებს, შენს კუნთებს ჟანგბადით ავსებს, “წელავს” და ტემპერატურასაც ზრდის მათში. ასევე ამ დროს გულისცემა (პულსი) ხშირდება, მაგრამ ნელა, რაც შემდგომ სტრესს ამცირებს გულზე სირბილის დროს.
რაც შეეხება სირბილის შემდგომ გაჭიმვას, ის აუცილებელია იმისთვის, რომ გულისცემის რიტმი, სისხლის მიმოქცევა და კუნთების ტონუსი ნელა ჩადგეს ნორმაში. სხვათა შორის, ცნობილ ძველ ბერძენ მარათონელს რომ ეს სცოდნოდა და ერთბაშად არ გაჩერებულიყო ბრძოლის ამბის სათქმელად, ცოტა ხანს კიდევ იცოცხლებდა. :)

კიდევ ერთი: პირდაპირ გაჭიმვებით დაწყება არ შეიძლება. რამდენიმე წუთი ძუნძული, ხტუნვა, მსუბუქი აერობიკა, ცეკვა, მოკლედ ისეთი რამ უნდა აკეთო, რაც კუნთებს ცოტა გაათბობს და გამოაცოცხლებს. პირდაპირმა გაჭიმვამ შეიძლება დააზიანოს ისინი. ასე რომ პირდაპირ საწოლიდან თუ წამოხტები და გაჭიმვას დაიწყებ, კარგ შედეგს ნუ დაელოდები. თან თუ ეს ჩემსავით არასდროს გაგიკეთებია, ცოტა ფრთხილად და ნელა მიუდექი თითოეულ სავარჯიშოს. თითო სავარჯიშოს 15 – 20 წამი სჭირდება.

და ბოლოს: თუ რაიმე ორთოპედიული პრობლემა გაქვს, ექიმის რჩევის გარეშე მათი შესრულება არ სცადო!

ესეც ვიდეოები:

ესეც ჩვენი მკითხველის, თეოს მიერ მოწოდებული ვიდეოები:

ამ კვირაში სულ ეს იყო. ირბინე სწორად და არ მოიწყინო! მომავალ პარასკევამდე.

1 კომენტარი to this post

შენ რას იტყვი?