Home თავის მოვლა

ვცდილობ, ახალ პროგრამას შევეგუო. მაინც მიჭირს 5 წუთი და ტემპსაც ვერ ავუჩქარე ჯერ. პრინციპში იმის გარდა, რომ ვარჯიში მესაჭიროება, დღეს ბევრს ვერაფერს გეტყვი.

მგონი ყოველ კვირას მოყოლილი ჩემი ამბები ქოშინზე, დაღლილობაზე და 5 წუთიან ძუნძულზე ცოტა მოსაწყენი ხდება ხოლმე, ამიტომაც გადავწყვიტე, დღეს სხვა, თუმცა სირბილთან დაკავშირებული და ძალიან საჭირო თემაზე – სარბენი ფეხსაცმლის შერჩევის თვისებურებებზე მოგიყვე. ქართულ ინტერნეტში ფაქტიურად არ არსებობს რეკომენდაციები ამ თემაზე. არადა, ფაქტი ფაქტია: ბოტასის ხარისხზე სირბილის პროდუქტიულობა და კომფორტულობა დიდადაა დამოკიდებული.

მე ეს პრობლემა მაშინ აღვიქვი ცხადად, როცა პირველი ბოტასი შევიძინე სპეციალურად სირბილისთვის და დიდად არ მიმიქცევია ყურადღება “წვრილმანებისთვის”. უბრალოდ ის ვიყიდე, რომელიც ვიზუალურად თვალში მომივიდა. შედეგმაც არ დააყოვნა: ძალიან უხეში და უმოძრაო ძირის გამო დიდი სიამოვნებითაც ვერ დავრბოდი და ვერც პირველივე გაჭიმვებს გაუძლო ჩემმა შოკოლადისფერმა სილამაზემ. ჰოდა, მეც გადავწყვიტე, დროებით უარი მეთქვა ახალ ბოტასზე და ძველსა და გამოცდილ skechers – ის ფეხსაცმელს დავბრუნებოდი, რომელიც ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში შევიძინე და იმ დროიდან მოყოლებული დღემდე (დაახლოებით 7 წელია) გარეგნულად კია შელახული, მაგრამ მაინც ყველაზე კომფორტული ფეხსაცმელია მთელს დედამიწაზე: ჯერ ძირიც კი ვერ გავუცვითე კარგად.

webcam-toy-photo533

მე და ბებერი skechers-ი

თავის დროზე რა გადავიხადე ამ ფეხსაცმელში, ნამდვილად არ მახსოვს, თუმცა დღევანდელ ფასებს რომ გადავხედე, არცთუ მცირეა: 48 $ – დან იწყება, თუმცა მე უყოყმანოდ გავუწევ რეკომენდაციას.

სხვა ფირმის ფეხსაცმელი არ მიცდია და არც ის ვიცი თბილისში შეიძლება თუ არა სადმე კარგი და ხარისხიანი სპორტული ფეხსაცმლის შეძენა. შენ რას მირჩევდი?

ახლა რაც შეეხება უშუალოდ ფეხსაცმლის მახასიათებლებს: არსებობს რამდენიმე ნიუანსი, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინო.

ჩვეულებრივი გზა თუ OFF road – ი?

არსებობს 2 კატეგორიის: Road running და Trail running  ფეხსაცმელი. პირველი სწორი და მყარი ზედაპირებისათვისაა შექმნილი და “სავარჯიშო” ფეხსაცმელია, რომელსაც სპეციალური რბილი ბალიშები აქვს. თავისუფლად შეგიძლია ანდო შენი ფეხი, თუ მაგალითად სამანქანო გზაზე გიწევს სირბილი ან სპორტდარბაზში ატარებ დიდ დროს.

tumblr_mq4bbcic4X1s90n2jo1_500

რაც შეეხება  Trail running  ბოტასს, ის ბუნებრივი პირობებისათვისაა განკუთვნილი. მათი ძირი უფრო მყარი და ფიქსირებულია. ამიტომაც თუ ბუნებრივი ხედი გირჩევნია სპორტდარბაზს, ამ კატეგორიის ფეხსაცმელს გირჩევ.

ფეხის ზომა და ტერფი

ფეხის ზომა სუბიექტური საკითხია. თუ საკუთარი ზომა ზუსტად არ იცი, ფეხსაცმლის გამოწერასაც არ გირჩევდი, სანამ ზუსტად არ დაადგენ. ყველა ნორმალური ქვეყნის ფეხსაცმლის მაღზიებში არსებობს სპეციალური ხელსაწყოები ზომის გასარკვევად ( Brannock device და ა.შ. ), მაგრამ რადგანაც ევროკავშირამდე ბევრი გვიკლია, შეიძლება სპორტული მაღაზიების უმეტესობამ ცხვირი აგიბზუოთ ამ მოთხოვნაზე. არადა, ამას მნიშვნელობა ნამდვილად აქვს იმიტომ, რომ ზომა არა მხოლოდ შენი ფეხის ინდივიდუალურ მაჩვენებლებზეა დამოკიდებული, არამედ თვითონ ბოტასის მოდელზე და იმაზე, რომელი სქესისთვისაა ის შექმნილი. საქმე ისაა, რომ ზოგიერთი მოდელის ფეხსაცმელი განსაკუთრებული ფორმიდან გამომდინარე შეიძლება ნახევარი ზომით დიდი ან პატარაც დაგჭირდეს. რაც შეეხება ქალისა და მამაკაცის ფეხსაცმელს: სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ მამაკაცები უმეტესად D ზომას იცვამენ, ქალები კი B-ს. კაცის ფეხის სისქეც განსხვავებულია და ამის გამო მათი ბოტასი უფრო ფართოა. თუმცა ეს განსხვავება დოგმა არ გახლავთ. ტერფი და ფეხი ფართო გაქვს? მოგერგო მამაკაცის ფეხსაცმელი და კომფორტულად გრძნობ თავს მასში? შეგიძლია თავისუფლად ატარო!

ტერფის თაღის ფორმა და მოძრაობის ტიპი

foot_-types-299x320

თაღის ფორმა და მოძრაობა და შესაბამისი ფეხსაცმლის ტიპი

ტერფის ფორმის გარკვევა ადვილია: სველი ფეხი დადგი ისეთ რამეზე, რასაც სველი ფეხის ფორმა დაემჩნევა. ან ფქვილიანი ტერფებით შეგიძლია რამდენიმე ნაბიჯი გადაადგა. სხვათა შორის თაღის ფორმა ძალიან მნიშვნელოვანია ფეხის “არქიტექტურაში”. მას მთელი ორგანიზმი ეყრდნობა და თაღი თუ არაა სრულყოფილი, სხვადასხვა ორთოპედიული პრობლემები იჩენს თავს. მაგალითად, თუ თაღი საკმარისად არაა ამოღრმავებული, ასეთი ფეხი უფრო მალე იღლება. შემთხვევითი სულაც არ გახლავთ, რომ ბრტყელტერფიანი მამაკაცები ჯარში არ მიჰყავთ. სხვათა შორის, მეც ამ კატეგორიას მივეკუთვნები და პირად გამოცდილებასაც გაგიზიარებ: ეძებე როგორც სარბენი, ისე ყოველდღიური სუპინატორიანი ფეხსაცმელი. სუპინატორი ხელოვნური ამოღრმავებაა ფეხსაცმლის შიგნითა ტერფის თაღის ზედაპირზე. თუ ფეხსაცმელს ვერ იპოვი, არსებობს სპეციალური ჩასაფენი შალითებიც.

foot-shape-and-shoes

თაღის ფორმა და სავარაუდო შესაბამისი ფეხსაცმელი

არ ვიცი დაკვირვებიხარ თუ არა, როგორ ადგამ ფეხს სირბილის დროს. როგორც წესი ტერფის წინა ნაწილით უნდა იწყებდე და შემდეგ ეყრდნობოდე მთელს ტერფს, თუმცა არსებობს სხვა ტიპებიც, რომლებსაც უნდა იცნობდე, თუ სწორად გინდა ფეხსაცმლის შერჩევა: ნეიტრალურ შემთხვევაში ფეხს სწორად დგამ, თუმცა შეიძლება ხრიდე შიგნით (რასაც პრონაცია ჰქვია), ან ხრიდე გარეთ (სუპინაცია).

High arch, normal arch and flat arch

თუ ფეხს სირბილის დროს არ ხრი, სტაბილური ფეხსაცმელი შეგიძლია შეარჩო, თუ პრინაციისკენ ხარ მიდრეკილი, არჩევანი მოძრავ ძირიან ბოტასზე შეაჩერე.

დღეისათვის სულ ეს იყო, თუმცა ამ საკითხს შემდეგ პოსტებშიც მივურბუნდები და ფეხსაცმლის მასალასა და ფორმაზე დავწერ დაწვრილებით. ახალ კვირამდე კი ძველ პოსტებსაც გადახედე, სადაც არანაკლებ საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციას იპოვი სირბილზე.

შეარჩიე სწორი ფეხსაცმელი და ირბინე ჩვენთან ერთად!

მსგავსი სტატიები
1 კომენტარი to this post

შენ რას იტყვი?