ჩვენს ორგანიზმში მიმდინარე პათოლოგიური ცვლილებები, რაც ამა თუ იმ დაავადების მიზეზი ხდება, მკაფიოდ აისახება ჩვენს გარეგნობასა და თვითშეგრძნებაზე.

ადვილი შესაძლებელია, კანის გამოშრობა ან ინტენსიური თმის ცვენა – თავის მოვლის საშუალებებით, მუდმივი დაღლილობისა და გაღიზიანების შეგრძნება – დაძაბული სამუშაო გრაფიკით, ხოლო ხელების კანკალი და გახშირებული გულისცემა შენი ვნებათაღელვის ობიექტის დანახვით არ იყოს გამოწვეული.

აღნიშნული გამოვლინებები ძალიან ხშირად ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მოშლითაა განპირობებული და ექიმთან დაუყოვნებელი ვიზიტის საჭიროებას ააშკარავებს.

farisebri jirkvali

ფარისებრი ჯირკვალი ყელის მიდამოში მოთავსებული პატარა, მაგრამ უმნიშვნელოვანესი ორგანოა, რომლის მიერ გამომუშავებული ჰორმონები სერიოზულ გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესზე, გულის, თავის ტვინის, კუნთების, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის და რეპროდუქციული ორგანოების მუშაობაზე.

ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირება პირდაპირაა დამოკიდებული ორგანიზმის იოდით მომარაგებაზე, ხოლო მისი ფუნქციის მოშლა ძირითადად ორი მიმართულებით: გამომუშავებული ჰორმონების სიჭარბით ან, პირიქით, მათი ნაკლებობით ვლინდება. დაავადებათა სიმპტომებიც ამის შესაბამისად იჩენს თავს.

iodine

როგორ მივხვდეთ, რომ ავად ვართ?

როცა ფარისებრი ჯირკვალი საჭიროზე მეტ ჰორმონს გამოიმუშავებს (ჰიპერთირეოზი), თითქმის ყოველთვის შეინიშნება:

  • წონაში უმიზეზო კლება;
  • აგზნებადობა;
  • გადამეტებული ემოციურობა;
  • ოფლიანობა;
  • შიშის გრძნობა და უძილობა;
  • ხასიათის ხშირი ცვალებადობა;
  • გულის ფრიალი, ქოშინი;
  • მაჯისცემის გახშირება;
  • ხელების კანკალი;
  • სისუსტე;
  • ნაწლავთა ხშირი მოქმედება;
  • მაღალი ტემპერატურის აუტანლობა;

ხოლო, როცა ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები საჭირო რაოდენობით არ გამომუშავდება ორგანიზმში (ჰიპოთირეოზი), ვლინდება:

  • წონის მატება;
  • დეპრესიულობა;
  • აპათიურობა;
  • კანის სიმშრალე,
  • თმის ცვენა;
  • ფრჩხილების მტვრევადობა;
  • შეკრულობა;
  • მეხსიერების დაქვეითება;
  • ძილიანობა;
  • მაჯისცემის შენელება;
  • მცივანობა.

ქალებისთვის საყურადღებოა იქნება ის ფაქტიც, რომ იოდდეფიციტური დაავადებები ხელს უშლის ორსულობის ნომრალურ მიმდინარეობას. შეიძლება განვითარდეს: თვითნებური აბორტი, ნაადრევი მშობიარობა, ნაყოფის პათოლოგიები, მკვდრადშობადობა. ბავშვებში კი იგი ფიზიკური და გონებრივი განვითარების შეფერხებას განაპირობებს.

ფუნქციის მოშლასთან ერთად (ან მის გარეშე), შესაძლოა ფარისებრი ჯირკვლის ანატომიური აგებულებაც დაირღვეს და მან ზომაში მნიშვნელოვნად მოიმატოს. ეს პათოლოგია ჩიყვის სახელითაა ცნობილი.

chiyvi

ფარისებრი ჯირკვლის ზოგიერთი დაავადების (აუტოიმუნური თირეოიდიტი, ტოქსიკური ჩიყვი) გართულების სახით შეიძლება განვითარდეს ზოპტალმია (თვალების გადმოკარკვლა) და მხედველობის ფუნქციის სხვადასხვაგვარი მოშლილობა.

ekzoptalm

მიუხედავად ზემოჩამოთვლილი სიმპტომების და მოსალოდნელი გართულებების სიმრავლისა, დროულად დიაგნოსტირებული ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების მკურნალობა რთული არაა და უმეტეს შემთხვევაში წარმატებულად მიმდინარეობს.

ამიტომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმას, რომ სათანადო ეჭვის გაჩენისთანავე, მივმართოთ ექიმს და მკურნალობის სრული კურსი (დაუშვებელია მისი თვითნებურად შეწყვეტა) ჩავიტაროთ!

როგორ დავიცვათ თავი იოდდეფიციტისაგან?

იოდდეფიციტის პროფილაქტიკის ყველაზე მარტივი გზა  იოდიზირებული მარილის რეგულარული ხმარებაა. მარილის იმ დოზით იოდირება, რომელიც ყოველდღიურად 150-250მკგ იოდის (დღიური ნორმა) მიღებას უზრუნველყოფს, უსაფრთხოა, მათ შორის მათთვისაც, ვისაც იოდდეფიციტი არ აღენიშნება.

იოდიზირებული მარილი მჭიდროდ თავდახურულ, მუქ ჭურჭელში უნდა შევინახოთ. უნდა მოვარიდოთ ნესტსა და მზის სხივების უშუალო ზემოქმედებას, ხოლო მოხმარებისას თავი დიდი ხნით არ ავხადოთ.

გაითვალისწინეთ: იოდიანი მარილი კერძს  ემატება არა მომზადების პროცესში, არამედ ქურიდან გადმოდგმის შემდეგ, რათა იოდმა მაღალი ტემპერატურის გავლენით ინაქტივაცია არ განიცადოს.

ისიც უნდა გაითვალისწონოთ, რომ ქლორირებული ანუ ონკანის წყალი, რომელსაც ყოველდღიურად მოვიხმართ სასმელად, ფარისებრი ჯირკვლიდან იოდის „გამოძევებას“ ახდენს, მისი მიღება კი საკვებში იოდის დამატების საჭიროებას გვიქმნის.

ყურადღება უნდა მივაქციოთ იმასაც, რომ ჩვენი საკვები რაციონი აუცილებლად შეიცავდეს იოდშემცველ პროდუქტებს, როგორიცაა: თევზი (კამბალა, ქაშაყი, სკუმბრია, ვირთევზა), რძის პროდუქტები, ბურღულეული (წიწიბურა, ფეტვი), ზღვის კომბოსტო, თაფლი, ლიმონი, ნიგოზი.

ფარისებრი ჯირკვლის დაავადების პროფილაქტიკაზე ფიქრისას, არც ცხოვრების ჯანმრთელი წესი უნდა დავივიწყოთ, მოვერიდოთ რადიაციას და ვისწავლოთ სტრესებთან გამკლავება.