თმაზე ზრუნვას სწორად შერჩეული სავარცხლით ვიწყებთ. გაგიკვირდება, მაგრამ თურმე სავარცხლის შერჩევასაც სპეციფიკური ცოდნა სჭირდება. უამრავ სხვა მიზეზთან ერთად, თმის დაზიანებას შესაძლოა, სავარცხელიც უწყობდეს ხელს. ხშირად ყურადღებას არ ვაქცევთ მასალას, ფორმას, ხარისხს, რამდენად შეესაბამება სავარცხელი ჩვენი თმის სტრუქტურას. არადა ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია.

ფორმა

სავარცხლებს ორ ძირითად კატეგორიად ყოფენ: უშუალოდ თმის დასავარცხნად განკუთვნილი სავარცხლები (ბრტყელი სავარცხლები და ჯაგრისი სავარცხლები) და ვარცხნილობის დასაყენებლად გამოსაყენებელი სავარცხლები (მრგვალი ჯაგრისი, ჩონჩხისები ანუ კარკასისებრი ჯაგრისი და ა.შ.)

ბრტყელი სავარცხლები თმის ყოველდღიური ვარცხნის გარდა, მასზე ნიღბის, საღებავის და სხვა საშუალებების დატანის და თანაბრად გადანაწილების საშუალებას გვაძლევს. ბრტყელი სავარცხლები არსებობს როგორც თანაბარი სიხშირის და ზომის კბილანებით, ასევე ერთ მხარეს ხშირი და წვრილი, მეორე მხარეს კი მეჩხერი მსხვილი კბილანებით. ეს უნივერსალური სავარცხელი ყველა ტიპის თმისთვის გამოდგება. მაგალითად, ცხენის კუდის გასაკეთებლად ხშირი კბილანები იდეალურია, ხოლო ვისაც ქიმიურად დახვეული თმა, ან წვრილი და მტვრევადი თმის ღერები აქვს, მათთვის მეჩხერი კბილანების გამოყენება სჯობს.

ჯაგრისი სავარცხლები თმის დავარცხნის გარდა, თავის კანის მასაჟისთვისაც გამოიყენება. რამდენიმეწუთიანი ყოველდღიური მასაჟი თავის კანის სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და თმის კვებას უწყობს ხელს. ამ ტიპის სავარცხელი მისწრებაა მშრალი თმისთვის, მით უფრო თუ თმა მეჩხრად ამოდის. ხშირი თმისთვის ნატურალური, რბილ ჯაგრიანი ჯაგრისის გამოყენება სჯობს, თმა მექანიკურად რომ არ დაზიანდეს. ცხიმიანი თმის შემთხვევაში თავის კანის აქტიურად დამასაჟება არ ღირს.

ჩონჩხისებრი ჯაგრისი თმის საშრობის გამოყენებით დავარცხნისთვისაა განკუთვნილი. მისი დაშორებული, მოზრდილი კბილანები თმების გადაყობას ემსახურება, ხვრელები კი ჰაერის ცირკულირებას ახდენენ ისე, რომ თმა გაშრეს, კანი კი არ დაიწვას.

ჩონჩხისებრი ჯაგრისი
ჩონჩხისებრი ჯაგრისი

მრგვალი ჯაგრისი, ე.წ.ბრაშინგი გამოიყენება თმის დატალღვისთვის, ან დახვევისთვის. არსებობს განსხვავებული ფაქტურის და გარშემოწერილობის. მარჯვე ხელებში აღმოჩენის შემთხვევაში, მისი გამოყენება ურჩი თმის გასასწორებლადაც შეიძლება.

brushings
მრგვალი ჯაგრისები

სავარცხლები, რომლებიც თმის საშრობთან ერთად გამოიყენება, აუცილებლად უნდა შემოწმდეს ტემპერატურულ გამძლეობაზე.

გრძელკუდა სავარცხელი გამოიყენება თმების თანაბრად, სწორ ხაზზე გადასაყოფად.

ჩანგლისებრი სავარცხელი თმას მოცულობას ანიჭებს.

მასალა

ბუნებრივი ჯაგარი და რქა. ყველაზე ხარისხიან და ძვირფას ჯაგრისად მიიჩნევა ტახის ჯაგრისგან დამზადებული სავარცხელი. ჯაგარი აგებულებით ახლოსაა ადამიანის თმასთან, არ აზიანებს მას, არც აელექტროვებს და კარგადაც ვარცხნის. ამ ტიპის ჯაგრისი სავარცხელი თავის კანს ნაზად ამასაჟებს და ცხიმს თანაბრად ანაწილებს თმის გაყოლებაზე.

სავარცხელი ტახის ჯაგრით
სავარცხელი ტახის ჯაგრით

გრძელი და არც ძალიან ხვეული ეს ყველაზე მოსახერხებელი და ჯანსაღი არჩევანია. თმა რბილი, დამყოლი და მბზინვარე ხდება. თუკი ჯაგართან მასაჟორი კბილანებიცაა შერწყმული, ეს საუკეთესო ვარიანტია

შეიძინე ამაზონზე

ბრტყელი სავარცხლის შემთხვევაში რქის მასალაა საუკეთესო იგივე თვისებების გამო, რაც ჯაგარს ახასიათებს. არ აზიანებს და არ მუხტავს თმას, აგებულებაც თმის მსგავსი აქვს და შესაბამისად, ყველაზე ხელსაყრელი მასალაა.

რქის სავარცხლები
რქის სავარცხლები

ამ ტიპის სავარცხელი შედარებით უხეში თმის დამორჩილებასაც ახერხებს, მის ერთადერთ ნაკლად სიმყიფე შეიძლება ჩაითვალოს. რქისგან დამზადებული სავარცხელი უფრო ადვილად იბზარება და ტყდება, ვიდრე პლასტმასის ან ლითონის სავარცხელი.

შეიძინე ამაზონზე

ხის სავარცხელი მშვენიერი არჩევანია, გარდა იმისა, რომ არ იმუხტება და თმას ტრავმას არ აყენებს, მისი დადებითი თვისებაა ისიც, რომ რეაქციაში არ შედის თმის მოვლის ქიმიურ საშუალებებთან და საღებავებთან. არყის ხისგან დამზადებული სავარცხელი მკვებავ ნივთიერებებსაც ააქტიურებს და ქერტლის მოცილებასაც უწყობს ხელს.

aryis khis
არყის ხის სავარცხელი

წიფლის ხის სავარცხელი ამ ყველა სიკეთესთან ერთად, ძალიან გამძლეა. მუხის მერქნისგან დამზადებულ სავარცხელს ანტისტატიკური ეფექტი აქვს, ღვიისგან დამზადებულს – ანტისტრესული.

შეიძინე ამაზონზე

ეს ყველაფერი ლაქით დაუფარავ სავარცხლებს ეხება. ხის სავარცხელი კარგად გაშალაშინებული უნდა იყოს, მაგრამ არა გალაქული.

ხის სავარცხლის მინუსი ისაა, რომ ნესტიან გარემოში პატარა ბზარები უჩნდება, რაც თმის ღერების დაზიანებას და ბოლოების გაყოფას იწვევს. მოფრთხილების შემთხვევაში, ხის სავარცხელი ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და სასარგებლოც კია.

პლასტმასის სავარცხლის შეძენა მხოლოდ იმ შემთხვევაში ღირს, თუ მისი ზედაპირი გლუვია. ამის გადამოწმება შესაძლებელია: ხელისგულზე გადატარებისას სავარცხელმა ოდნავადაც კი არ უნდა გაკაწროს კანი. ახალი სავარცხელი ადვილად ვარცხნის თმას, დროთა განმავლობაში კი თმის დავარცხნა რთულდება და ზოგჯერ თვითონ სავარცხელიც ბურდავს მას, რაც მასზე გაჩენილი მიკრობზარების შედეგია. ამ შემთხვევაში აუცილებელია მისი გამოცვლა. ჩვეულებრივი პლასტმასის სავარცხლის ზედაპირზე სტატიკური ელექტრული მუხტი ჩნდება, რაც თმას აელექტროვებს, ამიტომ შეძენისას უნდა ვიკითხოთ, არის თუ არა სავარცხელი ანტისტატიკური საფარით დაფარული. პლასტმასის სავარცხელი ადვილად ისვრება, მაგრამ საპნით და თბილი წყლით ადვილადვე ირეცხება და ეს მისი ერთადერთი დადებითი თვისებაა.

კარბონის სავარცხელი სასიამოვნო მოვლენაა თმის მოვლის ინდუსტრიაში.

2 in 1
კარბონის სავარცხელი ორი ერთში – ბრტყელი სავარცხელი და “ჩანგალი” მოცულობის გასაზრდელად

მისი აგებულებისა და შემადგენლობის გამო ეს სავარცხელი არ იმუხტება, არ შედის რეაქციაში საღებავებთან და თმის ზედაპირზე მსუბუქად სრიალებს.

შეიძინე ამაზონზე

სილიკონის სავარცხელი ასევე არ შედის საღებავებთან რეაქციაში და არ იმუხტება, ამ სავარცხლებზე, როგორც წესი, არის წარწერა არასტატიკური.

შეიძინე ამაზონზე

ნეილონის ჯაგრისი ძალიან რბილია და მისი გამოყენება შეიძლება ძლიერ დაზიანებულ თმაზე, ასევე ბავშვებისთვის.

შეიძინე ამაზონზე

nylon&steel
სავარცხელი ორი ერთში – ერთ მხარეს ნეილონის ხშირი ჯაგრისი, მეორე მხარეს ლითონის, შედარებით მეჩხერი ჯაგრისი

ებონიტის სავარცხელი მბზინვარებას მატებს თმას. მისი უპირატესობა ისაა, რომ შეიძლება მისი დაბანის დროს, სველ თმაზე გამოყენება. არ ვნებს თმას და აქვს ანტისტატიკური ეფექტი.

ლითონის სავარცხლით შესაძლებელია ყველაზე ურჩი თმის დამორჩილება, მაგრამ ძალიან უხეშია და  მისი ყოველდღიური გამოყენება აზიანებს თმას. მიზანშეწონილი არ არის მისი საღებავთან ერთად გამოყენება, რადგან ლითონი რეაქციაში შედის საღებავთან.

ნიუანსები თმის ტიპების მიხედვით:

  • თუ თმა დაზიანებული და სუსტია, სასურველია რბილი ჯაგრისით დავარცხნა, რომლის კბილანები ბოლოებში მომრგვალებულია, ან ბრტყელი, მეჩხერკბილანებიანი სავარცხლის გამოყენება;
  • თხელი და მტვრევადი თმის დავარცხნა მეჩხერი კბილანების მქონე ხის ბრტყელი სავარცხლით სჯობს;
  • რაც უფრო უხეშია თმა, მით უფრო მყარი მასალის უნდა იყოს სავარცხლის კბილანები;
  • დაყოფილი თმის ღერებისთვის საუკეთესო სავარცხელი ბუნებრივი ჯაგრის მქონე ჯაგრისია;
  • დაზიანებული გრძელი თმის სველ მდგომარეობაში დავარცხნა არ ღირს, უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება ძალიან მეჩხერი კბილანების მქონე სავარცხლით;
  • გაშრობისას სწორი ზედაპირის მქონე ჯაგრისით თმის გასწორების ცდაც არ ღირს;
  • ძილის წინ თმის მთელი ძალით დავარცხნა სულაც არაა აუცილებელი, საკმარისია სავარცხლის ერთხელ ჩამოსმა;
  • ნორმალური თმის დასავარცხნად ნებისმიერი ხარისხიანი სავარცხლის გამოყენება შეიძლება, მაგრამ ლითონის და პლასტმასის სავარცხლით დავარცხნა ხშირად არ არის მიზანშეწონილი, ამით თმა მტვრევადი ხდება და ბოლოები გაყოფას იწყებს.
Renuar
რენუარი “გოგონა, რომელიც თმას ივარცხნის” 1894წ

სავარცხლის შეძენა სულაც არ ყოფილა იოლი საქმე, როგორც ერთი შეხედვით ჩანდა… ვიმედოვბენთ, დაგეხმარეთ სწორი არჩევნის გაკეთებაში!