ბოლო პერიოდში BB კრემებზე მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა. რა თქმა უნდა, ჩემნაირი ზარმაცი და მუდმივად დროის არ ქონის გამო უმაკიაჟოდ მოსიარულე ქალისთვის მისწრებაა მსგავსი, ყველაფერი ერთ ფლაკონში ტიპის კანის მოვლის საშუალება. როგორც BB კრემების მწარმოებელთა უმრავლესობა ირწმუნება, ამ ტიპის კრემი მრავალი მიმართულებით მოქმედებს: ატენიანებს და/ან კვებავს კანს, იცავს მზისგან (სხვადასხვა დონის SPF ფილტრი), ათანაბრებს სახის კანის ფერს (ტონალური კრემის ეფექტი), ფარავს/ასწორებს ნაოჭებს, და მოკლედ, გაბრწყინებული კანით და გასხივოსნებული სახეებით გვახარებს.

უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში მომიხდა რამდენიმე ტიპის BB კრემის გამოცდა საკუთარ კანზე, რომლის დამახასიათებელი ნიშნებია: პრობლემური T-ზონა, ღია ფერი, გამონაყარისკენ მიდრეკილება, კანის არათანაბარი ფერი, ანუ სტანდარტული სახის კანი, რომელიც ქალების უმრავლესობას ახასიათებს.

პირველად შევიძინე Garnier Miracle Skin Perfector (Light 02 ფერი, რადგან Medium-ი მუქად დაჯდა ღია ფერის კანზე). მწარმოებელი მპირდებოდა კანის 24-საათიან დატენიანებას, სახის კანის ტონალობის გასწორებას, ნაკლოვანებების დამალვას და გლუვი ზედაპირის შექმნას.

garnier bb

გამოყენებისას კრემის ფაქტურა აღმოჩნდა მსუბუქი, სწრაფად შეწოვადი, არ მქონია დღის განმავლობაში სიმშრალის შეგრძნება. სახის კანის ფერი ძალიან კარგად გაათანაბრა, მცირე გამონაყარი შენიღბა საშუალო დონეზე. ფასიდან გამომდინარე (8-10 ლარი) იმედები გაამართლა, ამიტომ ყოველდღიურად ვიყენებ.

მოგვიანებით ჩამივარდა ხელში Smashbox camera ready BB კრემი, რომლის ღირებულება ინტერნეტ მაღაზიებში 20-დან 35 დოლარამდე მერყეობს ფასდაკლებების და მოცულობის გათვალისწინებით. პროდუქტს გააჩნია 10 ტონალობა.

smashbox bb

პირველივე ეფექტი, რაც გამოყენებისას შევამჩნიე, იყო კანის არაჩვეულებრივად გლუვი ზედაპირი, ჰაეროვანი ფორმულა უფრო ტონალურის შთაბეჭდილებას ტოვებს. გამონაყარი დაფარა სრულად, როგორც full coverage-ის შემთხვევაში ხდება. აშკარად ვიგრძენი განსხვავება Garnier-ისა და Smashbox-ის პროდუქტებს შორის.
Dior Nude BB Cream-ის ტესტერი მორიგი შენაძენისას შემხვდა. მისი ფასი 40-დან 80 დოლარამდე მერყეობს და გააჩნია 5 ტონალობა.

Dior-Diorskin-Nude-BB-Creme

არ ვიცი რა საოცრებებს სჩადის პროდუქტი განგრძობითი და ხშირი მოხმარებისას, გარეგნული ეფექტები კი ნამდვილად კარგი აქვს: გლუვი კანი, გამონაყარის სრულყოფილი დაფარვა, ფერის და ტექსტურის გამძლეობა, მსუბუქი ფაქტურა და წასმის სიმარტივე საიამოვნოა მოხმარებისას. როგორც მწარმოებელი გვარწმუნებს, კრემი შეიცავს ანტიოქსიდანტებს და გამდიდრებულია მინერალური წყლის კომპონენტებით. კრემს მსუბუქი სურნელი დაჰკრავს, რომელიც თითქმის არ იგრძნობა.
Maybelline-ის Dream Fresh BB კრემი ასევე მიეკუთვნება შეღავათიანი ფასის მქონე პროდუქციას, მისი შეძენა თბილისში შეგიძლია 12-16 ლარის ფარგლებში. გააჩნია 5 ტონალობა.

maybelline-dream-fresh-bb-cream

დატენიანებული კანის შეგრძნება მთელი დღის განმავლობაში შემინარჩუნდა. საღამოსკენ მართალია, სახემ ფერი შეიცვალა, მაგრამ ვფიქრობ ეს უფრო სტრესის, გადაღლილობისა და სიცივის ბრალი იყო, ვიდრე კრემის. გამონაყარი დაიაფარა საშუალო დონეზე, აშკარად საჭიროებდა დამატებით საფარს პუდრის სახით.
და ბოლოს, Clinique – ბრენდი, რომელიც სრულყოფილად მოვირგე ჩემს კანზე და არასოდეს მიცრუებს იმედს.

clinique-age-defense-bb

მისი BB კრემი სრულად შეერწყა ჩემი კანის ფერს და არ გაჩნდა გამოკვეთილი ხაზი ყელსა და სახეს შორის. დღის ბოლომდე არ გამჩენია კანის გაცხიმიანების პრობლემა, არც კანის დაჭიმულობის შეგრძნებას შევუწუხებივარ. ამ კრემს ახასიათებს გამორჩეული თვისება – Age defense – ასაკთან ბრძოლა. ალბათ ბრენდის ამოჩემება სუბიექტურია და სავსებით შესაძლებელია პროდუქტი, რომელიც ჩემი კანისთვის იდეალურია, სხვას არ მოეწონოს, მაგრამ ეს ის კრემია, რომელიც ჩემთვის შეუცვლელია ყოველდღიური მოხმარებისთვის.

მომავალში ვაპირებ, დავტესტო შემდეგი პროდუქტები: Skin 79L’Oreal-ის Magic Skin beautifierLioeleEstee Lauder-ისა და dr. Brandt-ის BB კრემებს, რომლებსაც ძალიან კარგი გამოხმაურება აქვთ როგორც ინტერნეტ სივრცეში, ასევე ჩემ ირგვლივ, ნაცნობ-მეგობრებში.

ერთი მნიშნელოვანი რჩევა, რომელიც აუცილებლად უნდა მოგცე: რომელი კრემიც უნდა ამოირჩიო, მთავარია, ძილის წინ სახის გაწმენდა და მაკიაჟის მოშორება არ დაგეზაროს/დაგავიწყდეს, რადგან მაკიაჟით დაძინების შედეგებს შემდეგ უკვე ვერანაირი სახის კრემი ვერ აღადგენს და დაფარავს.