გარეგნობისთვის ვარცხნილობას რა მნიშვნელობა აქვს, ნამდვილმა ქალმა ნებისმიერ ასაკში იცის. თუმცა ოპტიმალური ვარცხნილობის შერჩევა მშვენიერი სქესისაგან საკმაოდ დიდ ძალას, ენერგიას, ნერვებს და მოთმინებას მოითხოვს, რაც, საბოლოოდ, შეიძლება ვარცხნილობას ძალიანაც წაადგეს, მაგრამ ხასიათს კი გვარიანად აფუჭებს.

გვინდა, ჩვენი ონლაინ ჟურნალის მკითხველები არამარტო ლამაზად გამოიყურებოდნენ, ყოველთვის კარგ ხასიათზეც იყვნენ და, ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით,  შენთვის ისეთი რჩევები და მეთოდები მოვიძიეთ, რაც საშუალებას მოგცემს, სახლიდან გაუსვლელად შეირჩიო სასურველი ვარცხნილობა, თანაც, დრო სასიამოვნოდ გაატარო, ბევრი იხალისო და გაერთო.

თმის მოვლის თანამედროვე საშუალებებთან და სტილისტთან ერთად, ქალს, საოცნებო ვარცხნილობის მიღებაში, უკვე თანამედროვე ტექნოლოგიებიც ეხმარება. ინტერნეტში მრავლადაა სპეციალური სერვისები, სადაც შეგიძლია არამარტო სასურველი ვარცხნილობა მოძებნო, არამედ შეარჩიო შენთვის მისაღები თმის ფერი და მაკიაჟიც, ამ ვარცხნილობას ყველაზე მეტად რომ დაამშვენებს. რამდენიმე მათგანმა ჩვენი ყურადღება დაიმსახურა და გადავწყვიტეთ, ვირტუალურ სალონში დაგპატიჟოთ.

მაშ, ასე, აირჩიე, სად წახვალ:

სალონი virtual-makeover

dailymakeover.com

აქ შეგიძლია, აირჩიო შენი სახის ტიპი და მოირგო ნებისმიერი ვარცხნილობა, რაც კი ოდესმე „სელებრითებზე“ მოგწონებია, შეარჩიო მაკიაჟის ტონალობა და ა.შ.

სალონი Taaz.com

taaz.com

ეს სერვისი კიდევ უფრო მეტად გაგაოცებს: შეგიძლია შენი კომპიუტერიდან ან სოციალური ქსელებიდან ატვირთო საკუთარი ფოტო და პირდაპირ მასზე ჩაატარო ექსპერიმენტები – გაუზარდო და დაუმოკლო თმა, დაუხვიო, გაუსწორო, სხვადასხვაფრად შეუღებო (ისე, რომ ერთი ღერიც კი არ დააზიანო) და ა.შ.

Salon Styler Pro 5.21

ეს უკვე სპეციალური პროგრამაა, რომელიც არამარტო ქალის, არამედ მამაკაცისა და ბავშვის უამრავ სხვადასხვა ვარცხნილობას შემოგთავაზებს სხვადასხვა რაკურსში. გარდა ამისა, დაგეხმარება სათვალის ჩარჩოსა და კონტაქტური ლინზების ფერის შერჩევაში. თანაც, სულ რაღაც 87 Мb-ია. გადმოწერე აქედან oprog.ru  და ისიამოვნე. იმედია, პროგრამის დაყენება იცი (მანიკიურის გაკეთებაზე რთული ნამდვილად არაა), თუ არა და შესანიშნავი შანსი გაქვს, დახმარება ახლომახლო მყოფ ყველაზე სიმპათიურ მამაკაცს სთხოვო :).

Pink Magazine-ი თვალისმომჭრელ სილამაზეს და თაყვანისმცემელთა მთელ არმიას გისურვებს!