ბოლომდე დარწმუნებული ვერაფერში იქნება ქალი… აბა, ვინ გეტყვის დანამდვილებით, მოგიმატებს თუ არა ჯერ კიდევ შარშან შეპირებულ ხელფასს შეფი, მოთოვს თუ არა საახალწლოდ, რა დაგიჯდება საგაზაფხულო შოპინგი ან წავა თუ არა შენი ახლადშეღებილი თმის ტონალობა ჯერ ვინაობადაუდგენელი შეყვარებულის მანქანის ფერზე?!

თუმცა ერთი რამ მაინც გვაქვს გარანტირებული ყოველწლიურად – სეზონური გრიპი!

gripi

გაიხსენე და დამეთანხმე, რომ თუ ცხვირი ცირკის კლოუნივით გიღაჟღაჟებს, ცემინებისგან თავი გისკდება და სახსრებშიც არცთუ ისე სექსუალურად გამტვრევს, აღარც კარიერული წინსვლა გენაღვლება, არც მაღაზიებში სიარულის ხალისი გაქვს და შეყვარებულსაც… აღარ იცი, სატელეფონო ზარზე უპასუხო და თავი შეაცოდო თუ გმირულად გაუმკლავდე მარტოობას, სანამ თავს ფორმაში მოიყვან და სარკეში ნაცნობ გამოსახულებას დაინახავ.

ჰოდა, ვიდრე ამ მდგომარეობაში ჩავარდები, მორიგ ფინჯან ყავასთან… ან თუ უკვე ჩავარდი – ჟოლოს მურაბიან ჩაისთან ერთად… კარგი იქნება, რამდენიმე სასარგებლო რჩევა შეითვისო, რადგან გრიპი არც ისეთი უბრალო დაავადებაა, როგორც წარმოუდგენიათ და, ძალიან ხშირად, კიდევ უფრო რთული დაავადებებით მძიმდება ხოლმე.

აბა, რა უფლება გვქონდა, შენთვის ამ ყველაფრის შესახებ არ მოგვეყოლა, ამიტომ ყველაზე სანდო და კომპეტენტური პასუხების მისაღებად, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ასეთსავე სანდო და კომპეტენტურ სპეციალისტს, ბატონ პაატა იმნაძეს მივმართეთ. მან კი გასაგებად და ამომწურავად განგვიმარტა: რა, როგორ და როდის გავაკეთოთ, გრიპმა რომ პრობლემები არ შეგვიქმნას.

ბატონო პაატა, რომელი ცხოველის გრიპი გვიტევს წელს და რამდენ ხანს გაგრძელდება მისი სეზონი?

ე.წ. ღორის გრიპი, თუმცა უკვე ავადობის მაჩვენებლის კლება ფიქსირდება. პიკი გადავიარეთ, მაგრამ 3-4 კვირა კიდევ იქნება შემთხვევები და, სამწუხაროდ, მძიმე გართულებებიც არ არის გამორიცხული. ასე რომ, ნუ გავუთამამდებით.

როდის და სად უნდა ჩავიტაროთ სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია და ვისთვისაა იგი აუცილებელი?

ვაქცინაცია სასურველია ოქტომბერ-ნოემბერში. აუცილებელია პირებისთვის: გულის ან ფილტვის დაავადებებით, ღვიძლის ქრონიკული დაავადებებით, ქრონიკული ნევროლოგიური დაავადებებით, აგრეთვე, ორსულებისთვის, იმუნოდეფიციტიანებისთვის, მოხუცებისთვის, ბავშვებისთვის 6-59 თვის ასაკში და ექიმებისათვის.

gripis-vaqcinacia

თავად თუ იცრებით ან ცრით თუ არა რეგულარულად ოჯახის წევრებს?

ბავშვები პატარები რომ იყვნენ, ერთხელ ავცერი, პირველად გრიპის შეხვედრამდე. დედ-მამა და სიმამრი ორჯერ ავცერი, ორი წლის ინტერვალით.

არაერთგზის გითქვამთ, მაგრამ ქართველები ცუდად ვისმენთ და კიდევ უფრო ცუდად ვიმახსოვრებთ… თუ შეიძლება, კიდევ ერთხელ, მოკლედ შევახსენოთ ჩვენს მკითხველს გრიპისგან ეფექტური თავდაცვის ძირითადი საშუალებები, რომელიც ნებისმიერმა ცივილიზებულმა ადამიანმა უნდა იცოდეს.

ხელები ხშირად დავიბანოთ; დავიცვათ ხველა-ცემინების ეტიკეტი; თუ ავად ვართ, არ წავიდეთ სამსახურში; არ გავუშვათ ავადმყოფი ბავშვი სკოლაში და ბაღში; ორსულებმა და სხვა რისკის ჯგუფის წარმომადგენლებმა იხმარონ ნიღაბი ხალხმრავალ ადგილებში.

მართებულია თუ არა გრიპის თვითმკურნალობა და რა შემთხვევაში უნდა მივმართოთ ექიმს?

არა, თუ სიცხე 38 გრადუსი და მეტი აქვს ადამიანს – მოზრდილს სამი და ბავშვს ერთი დღის განმავლობაში – აუცილებელია, მიმართოს ექიმს. სუნთქვის გაძნელებისას კი – დაუყოვნებლივ.

რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს გრიპს, თუ ქალი ორსულობის პერიოდში დაავადდა და რა თავისებურებებით ხასიათდება მკურნალობა ფეხმძიმობისას?

ყველაზე სახიფათო გართულება ფილტვების ანთებაა. არავითარი თავისებურება, დაუყოვნებლივ ექიმს უნდა მიმართოს. მკურნალობა – რელენზათი ან ტამიფლუთი.

რამდენი დღის განმავლობაშია გადამდები და შეიძლება თუ არა გრიპის ვირუსის თანხლებით პაემანზე სიარული ანუ გადადის თუ არა გრიპი კოცნით? :)

სანამ სიმპტომები აქვს, გადამდებია. პაემანზე – ნიღბით. კოცნით გადადის, სექსით – არა.

gripi

დიდი მადლობა, რომ დრო გამონახეთ ინტერვიუსათვის. კარგ იმუნიტეტს და სერიოზულ წარმატებებს გისურვებთ ნებისმიერი ტიპის ვირუსთან ბრძოლაში. ხომ იცით, ყოველ წელს თქვენი და თქვენი რეკომენდაციების იმედად ვართ!