ხილის სალათები შედარებით უცხოა ჩვენი სუფრისათვის. ჩვენთან უფრო მიღებულია ხილი ნატურალური სახით იყოს სუფრაზე, არადა ხილის სალათები მშვენიერი დესერტია და საშუალებას გვაძლევს ვიფანტაზიოროთ. ხილის სალათი სასურველია პატარა ულუფებად, ლამაზი და გამჭვირვალე ჭურჭლით მივიტანოთ სუფრაზე. სალათი შეგვიძლია წინასწარ მოვამზადოთ და მაცივარში დავტოვოთ, რადგან ცივი ხილის სალათი უფრო გემრიელია.

გთავაზობთ, ჩემი აზრით, ყველაზე საინტერესო რეცეპტებს. მათი ინგრედიენტები ზამთარშიც ადვილად მოსაძიებელი და შედარებით იაფია (რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია!).

ვაშლის სალათა

500 გ. ვაშლი  დავჭრათ თხლად,მიქსერით ან ხელის სათქვეფით კარგად ავთქვიფოთ 200 გ. არაჟანი  და 2 სუფრის კოვზი თაფლი. ათქვეფილი მასა მოვასხათ ჭურჭელში ჩაწყობილ,დაჭრილ ვაშლს. სურვილისამებრ,შეგვიძლია ზემოდან მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ნიგოზი(თხილი) ან ქიშმიში.

სალათა კონიაკით

სალათისთვის საჭიროა კომპოტიდან ამოღებული 3 სახის  ხილი (ატამი, გარგარი, ქლიავი, მსხალი, კომში, კურკაგამოცლილი ბალი, ალუბალი და სხვა).

+ 50 გ. ქიშმიში

+ 50 გ. ნიგოზი

+ 50 გ. კონიაკი

სურვილისამებრ შეგიძლიათ დაამატოთ ვანილი ან დარიჩინი. გამზადებული ხილი დავჭრათ კუბიკებად. ქიშმიშს დავასხათ ადუღებული წყალი და გავაჩეროთ გაფუებამდე.

ნიგოზი დავჭრათ წვრილად (შეიძლება მიწის თხილიც ). ერთმანეთში არეული მასალა მოვათავსოთ შესაფერის ჭურჭელში და მოვასხათ კონიაკი, რომელშიც წინასწარ იქნება შერეული ვანილის ან დარიჩინის ფხვნილი.

სალათა ნაყინით

ორი გათლილი ვაშლი (რბილი), ორი ბანანი, ორი საშუალო ზომის ფორთოხალი დავჭრათ კუბიკებად და მოვათავსოთ ღრმა ჭურჭელში. მოვასხუროთ 2-3 სუფრის კოვზი კონიაკი (ლიქიორი) და შევდგათ 1-2 საათით მაცივარში. სუფრაზე მიტანისას დავანაწილოთ ულუფებად, თითოეულს დავადოთ ერთი სუფრის კოვზი ნებისმიერი ნაყინი და მოვასხათ რომელიმე მურაბის წვენი.

სილამაზისთვის უმჯობესია თუ მურაბის წვენი იქნება მოწითალო ფერის.

xilis salatebi

იმედი მაქვს, შემოთავაზებული რეცეპტები გამოგადგებათ და გამოიყენებთ საახლწლო სუფრის გასალამაზებლად.