წინა სტატიაში შემოგთავაზეთ პასუხი რამდენიმე კითხვაზე, რომელიც ხშირად ჩნდება კანის მოვლასთან დაკავშირებით. ვაგრძელებთ თქვენს კითხვებზე პასუხის გაცემას. თუ თქვენს კითხვაზე პასუხი ვერ აღმოაჩინეთ, მოგვწერეთ და უახლოეს მომავალში აუცილებლად შემოგთავაზებთ რჩევას.

როგორ გავიქრო სტრიები?

სტრიები ჩვეულებრივ, მოზარდობის, ორსულობის, წონის მკვეთრი დაკლების ან მომატების პერიოდში ჩნდება. გაწელვის შედეგად კანი თხელდება და ჩნდება ნახეთქები. ხშირ შემთხვევაში სტრიები გვხდება მუცელზე, ბარძაყებზე, მკერდზე. სტრია შესაძლოა ენდოკრინული სისტემის დაავადებებზეც მიგვითითებდეს.

გაჩენის პირველ სტადიაზე სტრია მოვარდისფრო-მოიასამნისფრო ფერისაა. ასეთ დროს მათ მოსაცილებლად სხვადასხვა პროცედურის ჩატარება ბევრად ეფექტურია. სტრიების გასაქრობად იყენებენ სხვადასხვა სკრაბს, ზეთს, A, C, E ვიტამინების, კოლაგენის, ელასტინისა და ჰიალურონის მჟავის შემცველ კრემს, ლაზერის პროცედურას: ლაზერი ასტიმულირებს ელასტინისა და კოლაგენის გამომუშავებას კანში. სწორედ ეს ცილები უზრუნველყოს კანის ელასტიურობას და სიმკვრივეს. დიდი ხნის სტრიების გასაქრობად უფრო ეფექტურია მიკროდერმაბრაზია, ქიმიური პილინგი, მეზოთერაპია და სხვა.

უნდა ითქვას, რომ სტრიების გაჩენა უფრო მეტად გენეტიკაზეა დამოკიდებული.

როგორ გავიხშირო წარბები?

წარბების გასახშირებლად ეფექტურია აბუსალათინის ან ნუშის ზეთის გამოყენება. წარბებზე ზეთი ღამით, ძილის წინ უნდა წაისვა, დილით კი ლოსიონით ჩამოიწმინდო, რადგან ზეთი წყლით ადვილად არ შორდება. ასევე კარგია წარბების დავარცხნა მცირე ზომის ჯაგრისით დღეში რამდენჯერმე: ეს აძლიერებს სისხლის მიწოდებას და ასტიმულირებს ახალი თმის ღერების ზრდას.

რამდენად ხშირად დავიბანო თავი?

ცხიმიანი თმის ხშირი დაბანა ასტიმულირებს ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობას და თმა უფრო მეტად ცხიმიანი ხდება. ხოლო თუ მშრალი თმა გაქვს, მაშინ მისი ხშირი დაბანა, გაშრობა ცხელ ტემპერატურაზე და არააკურატულად დავარცხნა მას უფრო მშრალსა და მტვრევადს გახდის. ნორმალური თმის შემთხვევაში თავის ყოველდღიური დაბანა არაა საზიანო, რა თქმა უნდა, მხოლოდ მაშინ, თუ შამპუნიც სწორადაა შერჩეული და თავის დაბანისას გარკვეულ წესებს იცავ.

თუ გსურს ლამაზი და მბზინავი თმა გქონდეს, თავის დაბანის დროს წესების დაცვაა საჭირო. პირველ რიგში გაითვალისწინე, რომ დაბანის წინ თმა უნდა დაივარცხნო და მხოლოდ მას შემდეგ დაისველო. დავარცხნა თმის ბოლოებიდან დაიწყე. დაბანის შემდეგ იმისთვის, რომ თმა სუსტი და მტვრევადი არ გახდეს, გამოიყენე სპეციალური ნიღბები, თმის ბალზამი ან კონდიციონერი. სველი თმა უფრო სუსტია, ამიტომ არ შეიძლება მისი მაშინვე ფენით გაშრობა ან დავარცხნა. შამპუნი, ისევე როგორც თმის მოვლის სხვა საშუალება შენი თმის ტიპისთვის უნდა იყოს შერჩეული.