Home თავის მოვლა

კანის მოვლის შესახებ კითხვებს ხშირად ვიღებთ: მკითხველს აინტერესებს როგორ შეინარჩუნოს ახალგაზრდული იერი, რა ასაკიდან უნდა დაიწყოს ნაოჭებზე ზრუნვა, როგორ გაუმკლავდეს კანის კონკრეტულ პრობლემას, ამიტომ გადავწყვიტეთ ხშირად დასმული შეკითხვები შეგვეგროვებინა და განგვეხილა ყველაზე საინტერესო საკითხები. გადახედე პასუხებს ხშირად დასმულ კითხვებზე და თუ მათ შორის შენი კითხვა არ აღმოჩნდა, მოგვწერე.

როგორ დავაღწიო თავი პირველ ნაოჭებს?

წლებთან ერთად კანი ელასტიურობას კარგავს. პირველი ნაოჭები საშუალოდ, ოცი წლის ასაკიდან ჩნდება. ასეთ დროს კანი დამატებით დატენიანებას საჭიროებს, რადგან მასში ჰიალურონის მჟავის დონე მცირეა. სწორედ ჰიალურონის მჟავაა პასუხისმგებელი ტენის შეგროვებასა და შენარჩუნებაზე, ამიტომ საჭიროა ჰიალურონის მჟავის ან ბუნებრივი დამატენიანებელი ფაქტორის (NMF – Natural Moisturizing Factor) შემცველი კრემის გამოყენება. კრემი, რა თქმა უნდა, კანის ტიპის მიხედვით უნდა იყოს შერჩეული. თვალის გარშემო კრემი დაძინებამდე ერთი საათით ადრე უნდა წაისვა, რათა კანმა კარგად შეიწოვოს და არ შეშუპდეს. კარგი დამატენიანებელი ეფექტი აქვს ასევე ბიორევიტალიზაციას: ჰიალურონის მჟავის შეყვანას კანში ინიექციური გზით.

როგორ და სად შევინახო სახის კრემები?

არასწორად შენახული კრემის გამოყენებამ შესაძლოა ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს, ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს მის სწორად შენახვას. ყველაზე ცუდი ადგილი კრემისთვის სააბაზანო ოთახია: ტემპერატურის და ტენიანობის ცვალებადობა ცუდად მოქმედებს სახისა და ტანის მოვლის ყველა საშუალებაზე, გარდა შამპუნისა და დასაბანი გელისა.

კრემის შენახვა მაცივარშიც არაა რეკომენდებული. თუკი ოთახში 30 გრადუს სითბოზე მეტია, კრემს, რომელიც განკუთვნილია პრობლემური სახის კანისთვის, მჭიდროდ უნდა დაახურო თავსახური, რადგან ამ კრემის შემადგენელი კომპონენტები ჰაერზე სწრაფად იშლება.

ანტიასაკობრივი კრემები ასევე შეიცავენ ისეთ კომპონენტებს (ჰიალურონის მჟავა, ვიტამინები და ა.შ.), რომლებიც ჟანგბადთან კონტაქტის დროს სწრაფად იშლება, ამიტომ ასეთი კრემები უნდა შეინახო სქელი კედლების მქონე ფლაკონებში. არ შეიძლება კრემის მოთავსება მზეზე ან მისი გაყინვა. ყველაზე დიდხანს მკვებავი და დამატენიანებელი კრემი ინახება. არაა რეკომენდებული ამ კრემის ფლაკონიდან თითით ამოღება, კარგი იქნება, თუ გამოიყენებ სპეციალურ კოვზს (ჯოხს). ასეთ შემთხვევაში კრემში არ მოხვდება ოფლი ან ხელზე არსებული სხვა მიკრონაწილაკები. დახურულ მდგომარეობაში მისი შენახვა სამ წლამდე შეიძლება, ღია მდგომარეობაში – ექვსი თვიდან ერთ წლამდე.

რა მოვუხერხო დამსკდარ ტუჩებს?

ტუჩების გამოშრობას იწვევს ქარი, მზე, ან მათი არასაკმარისი დატენიანება. შედეგად კანი ტუჩებზე სკდება და იქერცლება, ჩნდება მცირე ბზარები. ამას ხელს უწყობს მათი ხშირი გალოკვა. ამის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ვაზელინის ან აბუსალათინის ზეთის საფუძველზე დამზადებული ტუჩის ბალზამის გამოყენება. კარგია ასევე თაფლის, ხაჭოს ნიღბის გაკეთება. ბალზამის ან ჰიგიენური ტუჩსაცხის გამოყენება განსაკუთრებით საჭიროა მზეზე, სიცივეში ან ქარიან ამინდში ყოფნისას.

რა აზიანებს კანს ყველაზე მეტად?

პირველ რიგში კანის არარეგულარული გაწმენდა ან საერთოდ გაუწმენდაობა. კანის გაწმენდა დღეში ორჯერ: დილითა და საღამოს, ძილის წინ არის საჭირო, ამასთან, მხოლოდ შენი ტიპის კანისთვის შესაბამისი საშუალებით. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ნეგატიურად მოქმედებს კანზე, არასაკმარისი წყლის მიღებაა.

დღეში დაახლოებით ორ ლიტრამდე წყალი უნდა დალიო. წყალი სხეულიდან ტოქსინებს დევნის. ამასთან გაითვალისწინე, რომ ჩაი, ყავა და სხვა წვენები ვერ ჩაანაცვლებს წყალს. კანზე ცუდად მოქმედებს მზის სხივები, მოწევა, კოფეინისა და შაქრის დიდი რაოდენობით მიღება. ასევე საზიანოა ცხელი წყლის ზემოქმედება კანზე: ამან შესაძლოა გამოიწვიოს კანის გამოშრობა, ან პირიქით, მისი გაცხიმიანება, ამიტომ გამოიყენე თბილი ან გრილი წყალი.

შეიძლება თუ არა SPF-ის შემცველი კრემის გამოყენება ღამით?

ადამიანი არ საჭიროებს მზისგან დაცვას ღამით, მაგრამ ინგრედიენტები, რომლებიც ულტრაიისფერ სხივებს აბრკოლებს, არ არის ზიანის მომტანი კანისთვის, ამიტომ ასეთი კრემის გამოყენება ღამითაც შეიძლება.

რამდენად ეფექტურია მუწუკის მოსაშორებლად კბილის პასტის გამოყენება?

კბილის პასტას აქვს კანის ცხიმის შეწოვის უნარი. ამიტომ პასტის მუწუკზე დადების შემდეგ მუწუკის მოცულება მცირდება. პასტა თეთრი ფერის უნდა იყოს, ის ძილის წინ უნდა მოითავსო პრობლემურ ზონაზე. გაითვალისწინე, რომ ზოგიერთ ადამიანს კბილის პასტაზე შესაძლოა ჰქონდეს ალერგია, ამიტომ აკნესთან ბრძოლის საუკეთესო გამოსავალი პროფესიონალური საშუალებების გამოყენებაა.

1 კომენტარი to this post

შენ რას იტყვი?