Home თავის მოვლა

ჯანმრთელი, ზრდასრული ადამიანის თირკმელები დღე-ღამეში საშუალოდ 1.5 ლიტრ შარდს გამოიმუშავებს და რადგანაც შარდის ბუშტის მოცულობა დაახლოებით 250-300 მლ-ს უტოლდება, შესაბამისად მოშარდვის მოთხოვნილება დღის განმავლობაში 4-5-ჯერ ჩნდება, ხოლო ღამეში ერთხელ – ნორმის მიხედვით. თუმცა ეს ციფრები მკაცრად განსაზღვრულ ნორმას არ წარმოადგენს.

გახშირებული შარდვა ძლიერი დისკომფორტია ნებისმიერი ადამიანისთვის, არღვევს ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს, ხელისშემშლელია ნებისმიერ საქმიანობაში და ზოგჯერ უძილობის ან წყვეტილი ძილის მიზეზიცაა, რაც ნამდვილად არა არის სასიამოვნო. ზოგჯერ შარდვა მხოლოდ ღამის საათებშია გახშირებული, ამ მოვლენას ნიქტურია ეწოდება. შარდვის გახშირებას ბევრი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს.

გახშირებული შარდვა (პოლაკიურია) შეიძლება მიმდინარეობდეს დღე-ღამური შარდის რაოდენობის გაზრდით (პოლიურია), ან მის გარეშე.

შარდვის გახშირება ემოციური დაძაბულობისას და ორგანიზმის გადაციებისას ნორმალურია.

დღე-ღამური შარდის მოცულობის გაზრდის მიზეზები:

  • ცენტრალური და პერიფერიული (თირკმლისმიერი) უშაქრო დიაბეტი;
  • შაქრიანი დიაბეტის ორივე (I და II) ტიპი;
  • შარდმდენი პრეპარატების გამოყენება;
  • დიდი რაოდენობით სითხის მიღება (ჯანმრთელ ადამიანში გარემოს მაღალი ტემპერატურის ან ფიზიკური დატვირთვის გაზრდის გამო; დაავადებები, რომლებიც იწვევენ წყურვილის გაძლიერებას: დიაბეტი, სითხის კარგვით და ცხელებით მიმდინარე დაავადებები);
  • მარილების კარგვით მიმდინარე თირკმლის დაავადებები (მაგ.: ბარტერის სინდრომი).

მოშარდვის სურვილის გახშირებას ორივე სქესის წარმომადგენლებში იწვევს:

  • საშარდე გზების ინფექციები: შარდის ბუშტის ანთება (ცისტიტი), შარდსადენის ანთება (ურეთრიტი), თირკმლის გორგლოვანი აპარატის და/ან ფიალების ანთებითი დაავადებები (პიელონეფრიტი, გლომერულონეფრიტი და ა.შ.). საშარდე გზების ანთების გამომწვევი შესაძლოა სგგდ-ც გახდეს.
  • ნეიროპათიები (დიაბეტური ნეიროპათია, პარკინსონიზმი და ა.შ.);
  • ურეთრის (შარდსადენის) შევიწროება;
  • თირკმლის ჭვალი (კენჭის გავლა) შარდ-კენჭოვანი დაავადებისას;
  • საშარდე და სასქესო სისტემის კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი ახალწარმონაქმნები;
  • მეზობელი ორგანოების მოცულობითი ახალწარმონაქმნები, რომლებიც მექანიკურად აწვებიან შარდის ბუშტს;
  • ჰიპერაქტიური (ნეიროგენური) შარდის ბუშტი.

გახშირებული შარდვის და შარდის შეუკავებლობის ძირითადი მიზეზები ქალებში:

  • ჰორმონული ცვლილებები მენსტრუაციის მიმდინარეობისას, ორსულობისას (ამ შემთხვევაში მოქმედებს მექანიკური ზეწოლის ფაქტორიც) და მენოპაუზის პერიოდში;
  • შარდის სტრესული შეუკავებლობა გაცინებისას, დახველებისას, დაცემინებისას;
  • საშვილოსნოს პროლაფსი (დაწევა) – ბევრჯერ ნამშობიარები ქალების უმრავლესობისთვის ნაცნობი პრობლემა.

გახშირებული შარდვის და შარდის შეუკავებლობის ძირითადი მიზეზები მამაკაცებში:

  • პროსტატის (წინამდებარე ჯირკვლის) კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია – ადენომა;
  • პროსტატის ანთება – პროსტატიტი;
  • პროსტატის კიბო;
  • წინამდებარე ჯირკვალზე ჩატარებული ოპერაციის შემდგომი მდგომარეობა.

დიაგნოსტიკა

დიაგნოზის დასმისთვის შესაძლოა არა ერთი კვლევის ჩატარება გახდეს საჭირო, რასაც რა თქმა უნდა უროლოგი ან ნეფროლოგი შეარჩევს. რუტინული კვლევებია: შარდის საერთო ანალიზი, საშარდე სისტემის ულტრაბგერითი კვლევა (ექოსკოპია); მამაკაცებში პროსტატის პალპაცია (თითით გასინჯვა უკანა ტანიდან). პრობლემის ხასიათიდან გამომდინარე ხშირად სხვა მრავალი კვლევაც ტარდება. ინფექციაზე ეჭვისას შარდის ბაქტერიოლოგიური კვლევა, ნაცხი სასქესო ორგანოებიდან. ნევროლოგიური და ენდოკრინოლოგიური დარღვევისას მრავალი სხვა სპეციფიკური კვლევა.

ხალხში მიღებული მიდგომა: ხშირი შარდვა მაქვს, ე.ი. ცისტიტი მჭირს, ანტიბიოოტიკს დავლევ და გამივლის – არასწორია!

როდის უნდა მიმართო ექიმს?

მიმართე ექიმს, თუ გაქვს ხშირი შარდვა და:

  • არ არსებობს ხშირი შარდვის თვალსაჩინო მიზეზი (სითხით, ალკოჰოლით, ყავით დატვირთვა);
  • შარდვის სიხშირე გირღვევს ცხოვრების ჩვეულ რიტმს – შარდავ 8 და მეტჯერ დღეში, ღამის განმავლობაში 2-ჯერ და უფრო ხშირადაც;
  • მოშარდვისას გაქვს ნებისმიერი სახის დისკომფორტი, გიჭირს მოშარდვა.

სასწრაფოდ მიმართე ექიმს, თუ ხშირ შარდვასთან ერთად გაქვს რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ სიმპტომთაგან:

  • სისხლი შარდში;
  • წითელი ან მოყავისფრო შარდი;
  • მტკივნეული შარდვა;
  • ტკივილი გვერდში, მუცლის ქვედა ნაწილში და შორისის მიდამოში;
  • შარდვის ძლიერი მოთხოვნილება;
  • შარდვაზე კონტროლის დაკარგვა;
  • მაღალი ტემპერატურა.

აქვე დავამატებდი, სასწრაფოდ მიმართე ექიმს, თუ შარდის რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა, ან საერთოდ არ გამოიყოფა!

გისურვებ ჯანმრთელობას და გაითვალისწინე, ტუალეტიდან გამოსვლის წინ, ყოველ ჯერზე დაიბანე ხელები, მიუხედავად ტუალეტის გარეგნული სისუფთავისა.

შენ რას იტყვი?