უამრავ საკვებს და სასუსნავს შორის არის ისეთები, რომლებიც დადებითად მოქმედებს ქალბატონების ჯანმრთელობაზე და გუნება-განწყობაზე. შოკოლადი, გრეიფრუტი და სხვა გემრიელი სასუსნავები დაგეხმარება გქონდეს კიდევ უფრო ლამაზი კანი, ფრჩხილები და თმა, იყო ენერგიული და კიდევ უფრო წარმატებული.

დაბალი ცხიმიანობის მქონე იოგურტი

რა რაოდენობით?: მინიმუმ ორ დღეში ერთხელ.

იოგურტი სავსეა ქალის ორგანიზმისთვის საჭირო კალციუმით, გარდა ამისა შეიცავს ორგანიზმის „მეგობარ ბაქტერიებს“, შესაბამისად, იოგურტის რეგულარულ მიღებას შეუძლია კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული საკმაოდ ბევრი პრობლემა აგარიდოს თავიდან.

რაც ყველაზე უფრო სასიამოვნოა,  ცხიმის დაბალი შემცველობა აქვს, რის გამოც მისი მოხმარება მაშინაც შეიძლება, როცა დიეტას იცავ.

რჩევა: ეცადე ხილის შემცველობის მქონე იოგურტებს თავი აარიდო. ასეთ იოგურტებში ძალიან დიდი რაოდენობითაა შაქარი. ხოლო თუ იოგურტი არ გიყვარს, შეგიძლია მაწონი მიირთვა.

ორაგული

რა რაოდენობით? : უმჯობესია, თუ კვირაში ორჯერ მიირთმევ,  საერთო ჯამში მინიმუმ 120 გრამს მაინც.

ომეგა-3 ტიპის ცხიმების დიდი შემცველობის გამო საუკეთესოა ორსული ქალებისთვის მესამე ტრიმესტრში: ერთი მხრივ, ჩანასახის განვითარებას უზრუნველყოფს, მეორე მხრივ კიდევ, მშობიარობის შემდგომი დეპრესიასთან გამკლავებაში ეხმარება მათ, ვისაც ძალიან უყვარს ორაგულიანი ბუტერბროდები.

40+ასაკის ქალებისთვის ორაგული იმითაა სასარგებლო, რომ მასში შემავალი ცხიმები და სხვა ნივთიერებები გულის დაავადებების პრევენციას უზრუნველყოფს.

თხილეული

რა რაოდენობით?– შეზღუდვები არ არსებობს, თუმცა არ დაგავიწყდეს, რომ თხილეული ძალიან კალორიულია.

თხილი, ნუში, ნიგოზი, მზესუმზირა, არაქისი- საუკეთესო ენერგეტიკული სასუსნავია. თუ არ გაქვს იმის დრო, რომ ისაუზმო ან შუადღის შესვენებაზე გახვიდე, ერთი პაკეტი თხილეული ენერგიით აგავსებს, თან არც ბევრ დროს არ წაგართმევს. თხილეულობაში შემავალი სასარგებლო ცხიმები ამცირებს ქოლესტერინის რაოდენობას სისხლში და გულის დაავადებების განვითარებას უშლის ხელს. ასევე, დიდი რაოდენობით შეიცავს ვიტამინებს, ფოლიუმის მჟავას, კალციუმს, ცილებს.

სრულმარცვლოვანი პური

რა რაოდენობით?- სასურველია, უმეტესად ასეთი პური მიირთვა.

 

ცადე და ყოველდღიური თეთრი პურის ან ფუნთუშის მაგიერ მსხვილად დაღერღილი ან სრულმარცვლოვანი მასალისგან გამომცხვარი პური იყიდე. გარდა იმისა, რომ განსხვავებული, პიკანტური გემო აქვს, ამ პროდუქტებში უამრავი ცელულოზა შედის, რასაც “ნაწლავების ცოცხს” ეძახიან. ორგანიზმი გაიწმინდება შლაკებისგან და კანის ფერიც უკეთესი გახდება. ამასთანავე, ასეთი საკვების გადამუშავებაზე გაცილებით მეტი ენერგია იხარჯება.

წყალი

რა რაოდენობით?– დღეში 1.5-2 ლიტრი.

მართალია, წყალი საკვები არაა, მაგრამ ის ჩვენი ორგანიზმისთვის აუცილებელია. დადებითად მოქმედებს ნივთიერებათა ცვლაზე, აუმჯობესებს კანის ფერს, გვეხმარება საჭმლის მონელებაში. წყალი უნდა მიიღო მხოლოდ სუფთა სახით, გაზიანი სასმელები, ხილის წვენები, ალკოჰოლური სასმელი და კომპოტები, სამწუხაროდ, “არ ითვლება”. ერთადერთი გამონაკლისი წვნიანი საკვებია, მაგრალითად ბორში.

შოკოლადი

რა რაოდენობით?– იმდენი, რამდენიც გინდა, თუმცა, ზომიერების ფარგლებში.

შოკოლადი სამართლიანადაა აღიარებული ერთ-ერთ ყველაზე ქალურ საკვებად. ის ხელს უწყობს ბედნიერების ჰორმონების გამოყოფას და აქედან გამომდინარე, პრემენსტრუალური სინდრომის (ე.წ. PMS) დროს, როცა სამყარო მუქი ფერის გვეჩვენება, ყველა და ყველაფერი ნერვებს გვიშლის და საერთოდაც, სამყარო ჩვენს წინააღმდეგაა განწყობილი, შოკოლადი საუკეთესო გამოსავალია.

გრეიფრუტი და ანანასი

რა რაოდენობით?-დღეში ერთი საშუალო ზომის გრეიფრუტი და ერთი ან ორი ნაჭერ ანანასი.

რა საერთო აქვს გრეიფრუტს და ანანასს?  გრეიფრუტი და ანანასი წონის კლებაში ეხმარება ადამიანს. ისინი შეიცავენ ენზიმებს, რომლებიც ცხიმების შლაში მონაწილეობს, ასევე დიდი რაოდენობით ვიტამინებს (გრეიფრუტში C ვიტამინის  დღიური ნორმა შედის). გარდა ამისა, ამ ორი ხილის სურნელი დადებითად მოქმედებს გუნება-განწყობილებაზე.

რჩევა:ბევრ ადამიანს გრეიფრუტი მისი მჟავე გემოს გამო არ უყვარს. გრეიფრუტის გემო მისი ნაყოფის შეფერილობაზეა დამოკიდებული, რაც უფრო ღია ფერისაა კანი, მით უფრო მომჟავოა ნაყოფი. ყველაზე ტკბილი კი მოწითალო ნარინჯისფერი ნაყოფია.