Home თავის მოვლა

ცელულიტი კანისა და კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის მდგომარეობაა, რომლის დროსაც კანის საფარი არათანაბარ, ციტრუსის კანის მსგავს იერს იძენს. ცელულიტის განვითარების ზონებია ბარძაყები, დუნდულები და მუცელი. უვითარდებათ ქალებს, იშვიათად მამაკაცებსაც.

ცელულიტი ჯანმრთელობისთვის საზიანო მდგომარეობას არ წარმოადგენს, ამიტომ ამ მიზეზით ექიმთან სტუმრობას აზრი არ აქვს, რადგან, გარკვეულწილად ნორმის ვარიანტადაცაა მიჩნეული, მაგრამ ნამდვილად უსიამოვნოდ გამოიყურება შორტებისა და საცურაო კოსტუმის ტარებისას.

ცელულიტი ვითარდება კანქვეშა ქსოვილის ფიბროზულ ბოჭკოებში ცხიმის ჯგუფებად განლაგების გამო. იგი ზოგჯერ შეუმჩნეველია კანის ხელით მოკეცვის გარეშე, ზოგჯერ კი შესამჩნევი.

ჭარბი წონა ცელულიტის არსებობას უფრო შესამჩნევს ხდის, თუმცა ის გამხდრებშიც ისეთივე სიხშირით გვხვდება, როგორც მსუქნებში.

ცელულიტის განვითარების რისკ-ჯგუფს მიეკუთვნებიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ:

  • ცელულიტით დატვირთული გენეტიკა;
  • მუდმივად სტრესული გარემო;
  • არააქტიური ცხოვრების წესი;
  • ჰორმონული დისბალანსი (მათ შორის ჰორმონული კონტრაცეპტივების მომხმარებლები).

 

ცელულიტის სამკურნალოდ უნივერსალური მეთოდი არაა ცნობილი, მისგან საბოლოოდ განკურნების გზაც არავის აღმოუჩენია, მაგრამ არსებობს საშუალებები, რომლებიც დროებით შეუმჩნეველს ან ნაკლებად შესამჩნევს ხდის ცელულიტის არსებობას. ზოგიერთი საშუალება კი შეცდომითაა მიჩნეული ცელულიტის მკურნალობის მეთოდად:

  • ლაზერული და რადიოთერაპიული მკურნალობა – არსებობს სამი სისტემა: პირველი აკეთებს კომბინირებულ მასაჟს რადიოტალღებით და ინფრაწითელი გამოსხივებით. მეორე მასაჟთან ერთად დიოდური ლაზერის ენერგიას იყენებს, მესამე კი რადიოტალღებით ახდენს ზემოქმედებას ერთდროულად კანის ზედაპირულ და ღრმა ფენებზე. ჩატარებული მკურნალობის რამდენიმე კურსის შემდეგ შესაძლებელია 6-თვიანი შედეგის მიღწევა.
  • ლიპოსაქცია წონაში კლების და სხეულისთვის სასურველი ფორმის მიცემის ოპერაციული საშუალებაა, რომლის დროსაც ქირურგი კანქვეშ წვრილ მილს დგამს ცხიმის გასაწოვად, თუმცა ეს ცელულიტს არ შველის, პირიქით, კანმა შესაძლოა უფრო ცუდი იერი მიიღოს.
  • მეზოთერაპია გულისხმობს კანქვეშ, ინექციის გზით, ვიტამინების, მინერალებისა და სხვადასხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების შეყვანას, რამაც მართლაც შეიძლება იქონიოს ცელულიტის დამშლელი ეფექტი, მაგრამ ასევე შეიძლება გახდეს კანის შეშუპების და ინფიცირების მიზეზი.
  • ანტიცელულიტური კრემების მწარმოებლები იჩემებენ, რომ მიაგნეს ცელულიტის მკურნალობის გზას, თუმცა ამ კრემების ეფექტურობა სამედიცინო კვლევებით დადასტურებული არაა და ეფექტიც ხშირად როდია ისეთი, როგორსაც მომხმარებელი ელის. თანაც აღნიშნული კრემების წამყვანი კომპონენტი ძირითადად ამინოფილინია – ნივთიერება, რომელიც სახიფათოც კი შეიძლება აღმოჩნდეს მათთვის, ვისაც სისხლის მიმოქცევის პრობლემა აქვს.
  • ძლიერი, ინტენსიური მასაჟი და სპა პროცედურები მართლაც იძლევა მოკლევადიან შედეგს, ამისთვის სპეციალური მასაჟორებიც იყიდება ინტერნეტმაღაზიებში და არა მხოლოდ.
  • ფოტოშოპი – ეს რა თქმა უნდა ხუმრობით, თუმცა, მერწმუნე, ყველაზე ეფექტური მეთოდია.

ცელულიტის პრევენცია არ არსებობს, ასე რომ შეიყვარე თავი ისეთი, როგორიც ხარ და სხვებიც შეგიყვარებენ. თუ არ შეგიყვარეს, იცოდე რომ ეს ცელულიტის ბრალი არაა.

5 კომენტარი to this post
  1. 21 საუკუნეა მაგრამ ცელულიტი გვიმწარებს მაინც ცხოვრებას ეჰ:D magram chemi azrit tu daisaxav miznad tundac am sazizgari celulitis gaqrobas tavi ar unda dazogo

შენ რას იტყვი?