ფიზიკური ვარჯიში ძალიან კარგი საშუალებაა სხეულის კორექციისა და ზოგადად ჯანმრთელობისთვის. სასურველი შედეგის მისაღწევად ვარჯიშის დაწყებამდე უნდა გაითვალისწინო შემდეგი პუნქტები:

1. ვარჯიშის ხანგრძლივობა და სიხშირე:

რამდენჯერ და რა ხანგრძლივობით უნდა ივარჯიშო დამოკიდებულია იმაზე, რა ამოცანა დაისახე მიზნად. თუ მაგალითად 10 კგ-ის დაკლება გინდა, მაშინ მხოლოდ შაბათ-კვირას ნახევარი საათის ვარჯიშით ვერ მიაღწევ სასურველ შედეგს. პირველი ვარჯიში უნდა იყოს ხანმოკლე, რომ არ მოხდეს ორგანიზმის გადატვირთვა, შემდეგ ვარჯიშის ხანგრძლივობა თანდათან უნდა გაიზარდოს.

2. სწორი მოძრაობები:

გახსოვდეს, ძალიან მნიშვნელოვანია ფიზიკური ვარჯიშისას მოძრაობების სწორად შესრულება, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება დაზიანდეს ან არასწორად განვითარდეს კუნთი. მაგალითად, თუკი პრესის გაკეთების დროს ზედმეტად გეჭიმება კისერი, ესე იგი მოძრაობას არასწორად აკეთებ: მიაქციე ყურადღება, რომ მხრებში გასწორებული იყო. სასურველია, ვარჯიშის დროს მეტნაკლებად ყველა კუნთი გავარჯიშდეს, პრობლემურ ზონებს კი უფრო მეტი დრო უნდა დაეთმოს. ამიტომ უნდა იცოდე, რომელი ვარჯიში რომელ კუნთს ავითარებს.

3. კვება:

ვარჯიშს არანაირი ან ძალიან მცირე ეფექტი ექნება, თუკი არ შეურჩევ სწორი კვების რეჟიმს. ეს არ გულისხმობს განსაკუთრებული დიეტის დაცვას, უბრალოდ გარკვეულ პროდუქტებზე (ტკბილეული, ცომეული, ცხიმიანი საკვები…) უარის თქმა მოგიწევს (თუ საბოლოო მიზანი წონაში კლებაა). ვარჯიშამდე 2 , 1.5 საათით ადრე უნდა ჭამო, ვარჯიშიდან კი _ მინიმუმ 40 წუთის შემდეგ. უნდა გაითვალისწინო, რომ  საკვების კალორიული ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს კალორიების იმ რაოდენობას, რაც ვარჯიშის დროს დახარჯე.

4. სწორი სუნთქვა:

ვარჯიშისას უნდა ისუნთქო ცხვირით და ღრმად, უნდა ეცადო მთელი ვარჯიშის განმავლობაში სუნთქვის ერთი რიტმი შენარჩუნო.

5. გაწელვა:

იმისთვის, რომ უფრო მოქნილი და ტანადი იყო, ვარჯიშის მერე კარგია გაწელვა. გაწელვა კუნთების გახურების შემდეგ უნდა მოხდეს.

6. წყლის დალევა:

ვარჯიშის დროს წყლის მიღებასთან დაკავშირებით განსხვავებული აზრები არსებობს, მაგრამ ერთი რამ ნათელია _ მოვარჯიშეს დისკომფორტი რომ არ შეექმნას, ვარჯიშამდე წყლის მიღება სასურველი არ არის. მაგრამ ზოგადად სითხის მიღება კარგი და აუცილებელია ჯანმრთელობისთვის.