ტუში თვალის მაკიაჟის განუყოფელი ინგრედიენტი და ბოლო შტრიხია, რომლის გარეშეც დასრულებულ ეფექტს ვერასდროს მიიღებ. იმისათვის, რომ კარგად და სწორად გამოიყენო შენი ტუში, გადახედე ჩვენს რჩევებს, თუმცა მანამდე ტუშის ანატომიას და ფუნჯებს უნდა შევეხო.

არსებობს ორი ძირითადი ტიპის ტუში: კრემოვანი და წყალგამძლე. კრემოვანი ფაქტურის ტუში წყალში ცვილის და პოლიმერების შერევით მიიღება. წყალგამძლე ტუშის შემადგენლობაც მსგავსია, თუმცა არ შეიცავს წყალს და მისი წყალში გახსნაც შეუძლებელია. წყალგამძლე ტუში უძლებს ცრემლს, ცურვას და რომანტიკულ კოცნას თავსხმა წვიმაშიც კი.

ისეთი ინგრედიენტები, როგორიცაა ფუტკრის ცვილი, ცელულოზას პოლიმერები და პალმის ცვილი ტუშს მოცულობას და სიმტკიცეს მატებენ, ხოლო გლიცერინი და ბუტილენის გლიკოლი – სირბილეს და მოქნილობას უნარჩუნებს.

tushi

სავარცხელი: სავარცხლის ფორმის ფუნჯი დაგეხმარება თავიდან აირიდო ზედმეტი პროდუტის დაგროვება წამწამებზე. პლასტმასის კბილები თანაბრად გადაანაწილებს ტუშს და წამწამებს ბუნებრივი სიგრძის ეფექტს შესძენს.

ბურთი: მიუხედავად იმისა, რომ ეს ფუნჯები შეიძლება სამეცნიერო ფანტასტიკური ფილმის რეკვიზიტს გაგონებს, მათი უნიკალური ფორმა საშუალებას გაძლევს ინდივიდუალურად მიწვდე თითოეულ წამწამს. მისი ფორმიდან გამომდინარე, წასმა უფრო მეტ დროს საჭიროებს ვიდრე სტანდარტული ფუნჯის შემთხვევაში.

სქელი: სქელი, დიდი, მსუქანი… თუ შენი ფუნჯი შეიძლება ასე დავახიასიათოთ, მაშინ დიდი შანსია, რომ შენი წამწამებიც ასეთივე იქნება. სქელი ფუნჯები დამზადებულია სინთეზური ბოჭკოსგან, რაც ხავერდოვან და მოცულობით ეფექტს სძენს წამწამებს.

თხელი: გრძელი ფუნჯი მოკლე კბილებით აგრძელებს, ამკვეთრებს და აცალკევებს წამწამებს. ასეთი ფუნჯები კარგია მათთვის, ვისაც ბუნებრივად სქელი წამწამები აქვს და სურს უბრალოდ სიგრძე შემატოს. ზოგიერთი ფორმულა ერთდროულად ასქელებს და აგრძელებს წამწამებს.

ნახევარმთვარე: მსგავსი ფუნჯები დამზადებულია თვალის ბუნებრივი ფორმის გათვალისწინებით, რათა გაშალოს და ფორმა მისცეს შენს წამწამებს. ტუში მომრგვალებული ადგილით ქვემოთ უნდა გეჭიროს, რათა გაგიადვილდეს მოცულობის მიცემა.

მას შემდეგ, რაც შენი წამწამების შესაფერის ტუშს შეიძენ, გადაავლე თვალი ქვემოთ მოცემულ რჩევებს, რათა უკეთ გაერკვე მის მოხმარებაში.

1. ტუში სამუდადოდ არ ძლებს

შეიძლება ზოგისთვის შოკის მომგვრელიც კი იყოს, მაგრამ ტუშს ვადა გასდის. მისი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა დაახლოებით 3-5 თვეა. ამის შემდეგ, აუცილებლად უნდა გამოცვალო, რათა ბაქტერიული ინფექციები თავიდან აირიდო.

რჩევა: თუ შენი ტუში ამ დროის მანძილზე გაშრა, ან ედმეტ პროდუქტს გიტოვებს, ჩაასხი 2-3 წვეთი კონტაქტური ლინზის შესანახი სითხე, „ამოურიე“ ფუნჯით და თავდახურული კარგად შეანჯღრიე.

2. შეინახე ფუნჯი

გარეცხე და გამოიყენე ტუშის ფუნჯი, როგორც წარბების „სავარცხელი.“

3. მოიშორე

ზოგჯერ ძალიან დაღლილებს სასწაულად გვეზარება ტუშის მოშორება და ასევე ვიძინებთ, რაც იმაზე მეტ ზიანს გაყენებს, ვიდრე წარმოგიდგენია. როდესაც ტუში ღამის განმავლობაში შრება, ის წამწამების ცვენას იწვევს და შეიძლება გამხმარმა წამწამმა ძილის დროს რქოვანა დაგიზიანოს.

4. მიეცი მოცულობა

სქელი წამწამები ვის არ უყვარს? თუ ზემოთ აღნიშნული სქელ-ფუნჯიანი ტუში არ გაქვს, მაშინ დაყარე თეთრი პუდრი ბამბაზე და გადაისვი წამწამებზე, შემდეგ კი ტუში წაისვი.

5. დაიტენიანე

ხშირად გვავიწყდება, რომ წამწამები იგივე პატარა თმებია, რომლებსაც დატენიანება სჭირდება. ძილის წინ წაისვი ზეითუნის ზეთი ან ნებისმიერი სხვა დამატენიანებელი ზეთი. ფრთხილად იყავი, თვალში არ მოგხვდეს! (თუ გაინტერესებს ძილის დროს სილამაზის რჩევების შესახებ, გადახედე ჩვენს სტატიას!)

6. ყოველი დღე, წყალგამძლე ტუშისთვის არაა

წყალგამძლე ტუში იდეალურია სენტიმენტალური მომენტებისთვის, თუმცა მისი ყოველდღიური გამოყენება რეკომენდებული არა არის. მიზეზი ისაა, რომ მისი მოშორება არა არის ადვილი. თვალის სრესამ შეიძლება დაასუსტოს წამწამები და საბოლოოდ ცვენაც კი გამოიწვიოს.

7. არ გაიდღაბნო

იმისთვის, რომ წასმისას ტუში ქუთუთოებზე არ გადავიდეს, აიღე ძველი სავიზიტო ბარათი, მოათავსე ზუსტად წამწამების უკან და წაისვი ტუში. ყველანაირი ზედმეტი პროდუქტი ბარათზე გადავა და არა შენს ქუთუთოზე.

mascara

გაითვალისწინე ჩვენი რჩევები და შენი წამწამები ყოველთვის ბუნებრივად ლამაზი და სავსე იქნება.