რა არის ენდომეტრიოზი?

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გინეკოლოგიური პრობლემა, რომლის არსებობის შესახებ ბევრმა ქალმა არ იცის და ეჭვიც არ უჩნდებათ, რომ შეიძლება ენდომეტრიოზი ჰქონდეთ. ენდომეტრიოზი არის მდგომარეობა, როდესაც საშვილოსნოს შიგნითა გარსის – ენდომეტრიუმის უჯრედები განლაგებულია საშვილოსნოს გარეთ. ყველაზე ხშირად გვხვდება საკვერცხის ენდომეტრიოზი, ასევე ხშირია მცირე მენჯის, ნაწლავების და შარდის ბუშტის ენდომეტრიოზი. სხვა ლოკალიზაციის ენდომეტრიოზი იშვიათია.

რა ახასიათებს ენდომეტრიოზს?

  • მტკივნეული მენსტრუაცია (დისმენორეა);
  • ტკივილი კოიტუსის (სექსუალური კონტაქტის) დროს ან შემდეგ;
  • შარდის ბუშტის მოძრაობასთან (ავსება, დაცლა) დაკავშირებული ტკივილი, განსაკუთრებით კრიტიკულ დღეებში;
  • ჭარბი მენსტრუაცია (მენორაგია) და/ან მენსტრუაციებს შორის სისხლდენა (მეტრორაგია);
  • უშვილობა – ხშირად სწორედ ამ პრობლემის კვლევისას ხდება ენდომეტრიოზის დიაგნოზირება;
  • მოყავისფრო გამონადენი მენსტრუაციის დაწყებამდე/დასრულებისას;
  • სხვა სიმპტომები: ნაწლავთა გახშირებული მოქმედება ან პირიქით, შეკრულობა მენსტრუაციის დროს, შებერილობა, გულისრევის შეგრძნება.

მტკივნეული მენსტრუაცია

ენდომეტრიოზისთვის დამახასიათებელი სიმპტომები თავს ძირითადად კრიტიკულ დღეებში იჩენს, რადგან ამ დროს ხდება ენდომეტრიუმის შესქელება და ჩამოფცქვნა, რასაც მოჰყვება სისხლდენა. ნორმაში ეს ხდება მხოლოდ საშვილოსნოში და ჩამოფცქვნილი ენდომეტრიუმის სრულად გამოდევნის შემდეგ, 5-6 დღეში მთავრდება. ენდომეტრიოზის შემთხვევაში კი იგივე ხდება ყველგან, სადაც  ენდომეტრიუმია, მაგრამ საშვილოსნოსგან განსხვავებით, საკვერცხეს, მცირე მენჯის ღრუს, შარდის ბუშტს და ა.შ. არ აქვთ საშუალება ეს მასა გარეთ გამოდევნონ, ჩამოფცქვნილი მასა გროვდება და ეს იწვევს ტკივილს, რომელიც ყოველი ციკლის დროს მატულობს.

საკვერცხის ენდომეტრიოზი ვლინდება ენდომეტრიოიდული ცისტის სახით.

ვინაა რისკის ჯგუფში?

  • ქალები რომლებსაც არასდროს უმშობიარიათ;
  • ფერტილურ (შვილოსნობის უნარის მქონე) ასაკში მყოფი ქალბატონები;
  • ისინი, ვისაც ადრეულ ასაკში ჰქონდა პირველი მენსტრუაცია (მენარქე);
  • ის ქალები, რომელთა ერთ ან მეტ ახლო ნათესავსაც (და, დედა, დეიდა) აქვს აღნიშნული პრობლემა;
  • რომელიმე იმ პათოლოგიის მქონენი, რომლის დროსაც მენსტრუალური სისხლის ნორმალურად გამოდევნა შეფერხებულია, მაგალითად საქალწულე აპკის ატრეზია (საქალწულე აპკი ხვრელის გარეშე).

როგორ ხდება დიაგნოსტიკა და მკურნალობა?

დიაგნოზის დასმისთვის მნიშვნელოვანია სიმპტომატიკა, ასევე გინეკოლოგიურ მაგიდაზე ხელით გასინჯვა და ექოსკოპია. ყველაზე ეფექტური და ინფორმატიული სადიაგნოსტიკო, ზოგჯერ კი სამკურნალო საშუალებაა ლაპარასკოპია.

მცირე მენჯის ღრუს ენდომეტრიოზი (სურათი გადაღებულია ლაპარასკოპით)
მცირე მენჯის ღრუს ენდომეტრიოზი (სურათი გადაღებულია ლაპარასკოპით)

მკურნალობა ხდება ჰორმონული პრეპარატებით, მათ შორის ჩასახვის საწინააღმდეგო აბებით, რომლის სახეობა აუცილებლად ექიმმა უნდა შეარჩიოს კვლევების საფუძველზე. ციკლის დროებით შეწყვეტა ენდომეტრიოზის განვითარების შესაფერხებლად ძალიან ეფექტურია, თუმცა ხელოვნურად შეწყვეტას, რა თქმა უნდა, ორსულობით შეწყვეტა სჯობს, ამიტომაც ხშირად გინეკოლოგების რჩევა ბავშვის გაჩენაა ხოლმე, რაც ქალბატონთა უკმაყოფილებას იწვევს :) ტკივილგამაყუჩებელი საშუალებებით ხდება სიმპტომების მოხსნა.

რით შეიძლება გართულდეს ენდომეტრიოზი?

უშვილობით, რისი მიზეზიც ენდომეტრიუმის ქსოვილით ფალოპის მილების დახშობაა.

არსებობს მოსაზრება, რომ ენდომეტრიოზის მქონე ქალებს რეპროდუქციული სისტემის კიბოს მეტი რისკი აქვთ, თუმცა სარწმუნო კვლევებით ამას ვერავინ ადასტურებს.

მიმართე გინეკოლოგს თუ გაქვს ენდომეტრიოზისთვის დამახასიათებელი რომელიმე სიმპტომი!
ასევე,
მიმართე გინეკოლოგს, თუ ხარ ქალი, რომელიც დიდი ხანია, ან არასდროს ყოფილა გინეკოლოგთან და რომელსაც სურს იყოს ჯანმრთელი.