Home თავის მოვლა

სამყაროს უმეტესობა საკვებს მტრად, მავნებლად, მხოლოდ კალორიების გროვად აღიქვამს, რომელიც ხელს უშლის მათ სასურველი ტანსაცმელი მოირგონ. პრიალა ჟურნალები, ლამაზი მოდელები კი ნაცვლად ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდისა, “იდეალური” ფორმებისკენ  გვიბიძგებენ. შედეგად კი ვიღებთ კვების სერიოზულ დარღვევებს, რომლებიც იმაზე ხშირად ხდებიან სიცოცხლისთვის საშიშნი, ვიდრე ჩვენ გვგონია.

კვებითი დარღვევები საკვებთან და წონასთან არაჯანსაღ დამოკიდებულებას გულისხმობს. დღეისათვის ცნობილია მისი 3 ძირითადი ჯგუფი: ნერვული ანორექსია, ნერვული ბულიმია და გადაჭარბებული კვება. თუმცა არსებობს კიდევ ერთი, არასპეციფიური ქვეტიპიც, რომელის სხვა დანარჩენ დარღვევებს აერთიანებს.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს 2014 წლის ეპიდემიოლოგიური სტატისტიკა: ენდოკრინული სისტების, კვებისა და ნივთიერებათა ცვლის დარღვევით გამოწვეული დაავადებებით სტაციონარში 3549  პაციენტი მოხვდა.  სამწუხაროდ, კონკრეტული მონაცემი, თუ რამდენია ამ რიცხვიდან კვების დარღვევები, არ არსებობს.

მსოფლიოში 10 მილიონი ქალი და 1 მილიონი მამაკაცი სხვადასხვა სახის კვებითი დარღვების მსხვერპლია, რეალურად კი 10 ადამიანიდან მხოლოდ 1 იღებს ადექვატურ დახმარებას.

თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება: კვებითი დარღვევები პირველია მსოფლიოში სიკვდილიანობის მაჩვენებლით ფსიქიურ აშლილობათა შორის.

რა არის ამის მიზეზი? შესაბამისი განათლების არარსებობა? ბულინგი წონის გამო?თუ გსურს, ამ საკითხზე სხვაზე მეტი იცოდე, აუცილებლად გააგრძელე კითხვა.

მანამ კი, სანამ ძირითად საკითხზე გადავიდოდეთ, პატარა ექსკურსი არ გვაწყენს.

რატომ ვსუქდებით?

ნამდვილად მილიონ დოლარიანი შეკითხვაა. ამ თემაზე ადრეც ვწერდი ფინქზე. მიზეზი რამდენიმეა. პირველი ჩვენი მტერი ამ ამბავში ევოლუცია გახლავთ. მარტივ ენაზე თუ ავხსნით, გამოქვაბულში ცხოვრებისას გაცილებით მეტი რესურსი და ენერგია გვჭირდებოდა, ვიდრე დღეს. პირველყოფილ ადამიანს სათამაშო ნამდვილად ჰქონდა, თუმცა ფასტ-ფუდი, ავტომობილი და ჰიპერმარკეტები – არა. შესაბამისად, მარტივ სადილს რამდენიმე დღის შრომა და შესაბამისი ენერგიაც ესაჭიროებოდა. აქედან წამოვიდა ჩვენი ორგანიზმის ინსტიქტი, დაამარაგოს “ცუდი დღეებისთვის” ყველაფერი, რაც მოცემულ დროს არ ესაჭიროება. ამიტომაც შეუზღუდავად მიწოდებული საკვები და ტკბილეული, რომელსაც არ “ვწვავთ”, მაშინვე ორგანიზმის მკვდარ მარაგად გადაიქცევა. სწორედ აქ ირღვევა საკვების, როგორც ადამიანური საწვავის, სწორად გამოყენების არსი.

შემდეგი მიზეზი ჰორმონებია. ფარისებირი ჯირკვლის დაქვეითებული ფუნქციონირება, ფრიად პატივსაცემი მდგომარეობა – ორსულობა, სხვადასხვა პათოლოგია, რომელიც ხშირად უყურადღებობით უფრო მეტად ვაღრმავებთ და ვამძაფრებთ.

შემდეგი  ცუდი მიზეზი ხშირი, არასწორი, უკონტროლო დიეტებია. თუ ორგანიზმს ხშირ შიმშილს მივაჩვევთ (დიახ, 800 კალორიაზე ნაკლები დღე-ღამეში შიმშილია!), ისიც მიეჩვევა ყოველ ახალ ჯერზე მეტი მარაგების გაკეთებას. სხვა მრავალი მიზეზის გარდა სწორედ ამიტომაცაა თვითნებური დიეტები საშიში და სარისკო. სამწუხაროდ, სწორედ ასეთ დიეტებს მივყავართ ყველაზე ხშირად კვებით დარღვევებამდე. თვით ჯანსაღი დიეტების 35%-იც კი კვებითი დარღვევებით მთავრდება.

როგორ გამოვიცნოთ ბულიმია?

ბულიმია გულისხმობს გაცხოველებულ მადასა და წონის მატების შიშის გამო  ღებინების გამოწვევას, ზომაზე აქტიურ ვარჯიშს, საკვების შეზღუდვას. ბულიმიის დიაგნოზის კრიტერიუმად ითვლება ეს ქმედებები, თუ მას მიმართავენ კვირაში ორჯერ მაინც მინიმუმ 3 თვის განმავლობაში. ასეთი ეპიზოდები ანორექსიის კონკრეტულ პერიოდებსაც ახასიათებს. სწორედ ამიტომაც თუ აღნიშნულ ქცევას თან ახლავს სხეულის მასის კრიტიკული კარგვა, სვამენ ანორექსიისა და არა ბულიმიის დიაგნოზს.

bulimia-ppcorn

 

ნერვული ბულიმიით დაავადებულნი იღებენ დიდი ოდენობით საკვებს და კარგავენ კონტროლს მადაზე. შეუძლიათ, მთელი დღე ჭამონ და ერთ ჭამაზე მიიღონ იმდენი საკვები, რამდენსაც ჯანმრთელი ადამიანი იღებს დღის განმავლობაში.

ბულიმია ხშირი პირღებინების გამო შეიძლება ჰიპოკალიემიით, დეჰიდრატაციით ან საყლაპავიდან სისხლდენებით გართულდეს. ამას თან ერთვის კუჭნაწლავის, კანისა და კბილის მინანქრის პრობლემებიც. შესაძლოა, აღინიშნოს მენსტრუალური ციკლის დარღვევებიც.

მკურნალობა გულისხმობს კვებით თერაპიას, ფსიქოთერაპიასა და მედიკამენტოზურ საშუალებებს. ამასთან აუცილებელია თანმდევი გართულებების მუდმივი მონიტორინგიც. როგორც წესი, პაციენტების 70 % დადებითი შედეგეგებით ხაისიათდება ადექვატური მკურნალობის ფონზე.

რა არის ანორექსია?

ნერვული ანორექსიის კრიტერიუმს კრიტიკულად მცირე კალორაჟი, მკვეთრი სიგამხდრე და დაბალი სხეულის მასის ინდექსი ასაკობრივ ნორმებთან შედარებით, გასუქების მუდმივი შიში და თანმდევი ამენორეა (მენსტრუალური ციკლის შეწყვეტა) წარმოადგენს.

ანორექსიის კონკრეტული მიზეზი ცნობილი არ არის. თუმცა დაავადების რიცხვის ზრდა განსაკუთრებით ქალების პოპულაციაში მასმედიისა და კინოინდუსტრიის არაჯანსაღ გავლენას მოწმობს. დაავადება გარემო პირობების, გენეტიკური მიდრეკილებებისა და ბიოქიმიური ცვლის დარღვების კომბინაციის შედეგია, თუმცა ყველაზე მეტად რომელი ფაქტორი ახდენს გავლენას, ჯერ კიდევ უცნობია.

e0091b9c6fb5d247ec8ba90d8dfb19b3

მნიშვნელოვანი როლი მის ჩამოყალიბებაში ოჯახსა და მშობლების დამოკიდებულებას ენიჭება ბავშვის მიმართ. ზოგიერთ კვლევის თანახმად ზედმეტად მომთხოვნი მშობლების, კრიტიკული დედის შვილები გაცილებით ხშირად იტანჯებიან ანორექსიით. არსებობს მჭიდრო კავშირი სტრესებს, პოსტრავმატულ სინდრომსა და სხვა ფსიქიურ აშლილობებს შორისაც. გარკვეული კვლევები ადასტურებენ დიეტის შემდგომ ანორექსიის განვითარების მაღალ რისკსაც.

როგორც წესი, ანორექსიით დაავადებულნი საკუთარ გარეგნობას დამახინჯებულად აღიქვამენ და მიუხედავად იმისა, რომ მადს არ კარგავენ, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შიმშილობენ, რის შედეგადაც მკვეთრად იკლებენ წონაში, აწუხებთ მუდმივი სისუსტისა და დაღლილობის შეგრძნება, მომნელებელი სისტემის პრობლემები. შესაძლებელია, გამოიწვიონ ღებინებაც მიღებული საკვებისგან გათავისუფლების მიზნით. კიდევ ერთი პრობლემა ანორექსიის დროს ამენორეა (მენსტრუაციის შეწყვეტა) და, შედეგად, უნაყოფობაა.

ნერვული ანორექსიის მკურნალობა რამდნიმე სპეციალისტის ერთიან ძალებს საჭიროებს. იმის გათვალისწინებით, რომ დიდია წონის დანაკარგი და მთავარი პრობლემა კვებასთანაა დაკავშრებული, საჭიროა ნუტრიციოლოგი და კვებითი თერაპია, თანმდევი გართულებების მკურნალობისთვის კი თერაპევტის მეთვალყურეობა. ეფექტურად გამოიყენება ფსიქოთერაპია, ჯგუფური თერაპიები და მედიკამენტოზური თერაპია.

სტატისტიკის თანახმად ანორექსიით დაავადებულთა 50% დადებითად რეაგირებს მკურნალობაზე, რაც წონის მატებასა და ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესებაში გამოიხატება, 25 % შუალედურად დადებითი შედეგით ხასიათდება.  საერთო ჯამში თერაპია 32-დან 70 %მდე დადებით შედეგს გვაძლევს.

გადაჭარბებული კვება

კვების დარღვევების კიდევ ერთი არადიფერენცირებული ნაწილი გადაჭარბებული კვებაა, რაც გულისხმობს დიდი ოდენობით საკვების მიღებას დროის კონკრეტულ მონაკვეთში, იმ ოდენობასთან შედარებით, რასაც ჯანმრთელი ადამიანი მოიხმარს იგივე გარემო პირობებსა და დროის პერიოდში. გადაჭარბებული კვების პრობლემის მქონენი კარგავენ კონტროლს მადაზე; ჭამენ იქამდე, სანამ ზედმეტად არ დანაყრდებიან, ხშირია სხვებისგან მალულად ჭამის ეპიზოდები, ხშირი და სწრაფი კვება, იკვებებიან მაშინაც კი, როცა არ შიათ.

maxresdefault

გამომწვევი მიზეზები ამ შემთხვევაშიც არ არის სპეციფიური და გარემო პირობებს, ოჯახს, სტრესულ სიტუაციებს მოიცავს.

გადაჭარბებული კვებისას ბულიმიისგან განსხვავებით არ ცდილობენ წონის კლებას, არ მიმართავენ ხელოვნურად ღებინებასა თუ სხვა რაიმე საშუალებას მიღებული საკვებისა და კალორიებისაგან გასათავისუფლებლად.

გადაჭარბებულ კვებასთან ბრძოლისთვის სტანდარტული მკურნალობის სქემას ქცევითი წონის კლების პროგრამებიც ემატება.

რა შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენ?

ყოველივე ამის შემდეგ ჩნდება სრულიად ლეგიტიმური შეკითხვა ქართულ რეალობასთან მიმართებაში: რა შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენ, რიგითმა ადამიანებმა?

პირველი პუნქტი ჩვენი ცოდნის ამაღლებაა. კვებით დარღვევების რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება. რაც უფრო მეტი გვეცოდინება პრობლემაზე, მით უკეთესად შევძლებთ მის ამოცნობასა და ჩვენი ახლობლების დამხარებას. ასე, რომ აუცილებლად გაუზიარეთ მიღებული ცოდნა სხვებსაც!

მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი ბულინგის მავნე ჩვევისაგან გათავისუფლებაა, რომელსაც ჭარბწონიანი თუ სხვა პრობლემის მქონე ადამიანები ძალიან ხშირად აწყდებიან ყოველდღიურობაში. გახსოვდეთ, რომ კვებითი დარღვევების უმეტესობა მოზარდობის ასაკში ვითარდება და ამ პრობლემის მქონენი ძალიან მგრძნობიარენი არიან ყოველ ასეთ შენიშვნასა და არაკორექტულ ხუმრობაზე, რაც მათ გარეგნობას პირდაპირ თუ ირიბად ეხება.

მესამე პუნქტი დროულად დახმარების თხოვნასა და მის აღმოჩენას მოიცავს. სამწუხაროდ, ანორექსიისა და ბულიმიის მკურნალობა სახლის პირობებში, დამოუკიდებლად შეუძლებელია. კვებითი დარღვევების მქონე პირებში მაღალია სუიციდის რიცხვიც, ამიტომ მუდმივად უნდა ვიყოთ გულისხმიერნი და ყურადღებიანნი. გახსოვდეთ, რაც უფრო ადრე დავიწყებთ თერაპიას, მით მეტია დადებითი შედეგის ალბათობა.

როგორ ამოვიცნოთ კვებითი დარღვევები:

სამწუხაროდ დღეს საქართველოში კვებითი დარღვების პრობლემის მქონეთა დახმარებისთვის რაიმე კონკრეტული ორგანიზაცია ან სახელმწიფოს ინსტიტუცია არ არსებობს. ასეთი პაციენტები ხშირად დაგვიანებით ხვდებიან ფსიქოლოგებთან და მათი მკურნალობაც უფრო გაძნელებულია. ამიტომაც უნდა ვიყოთ ყურადღებით, რომ არ გამოგვრჩეს, ესაჭიროებათ თუ არა ჩვენს ახლობლებს და მეგობრებს დროული დახმარება. თუ მეტის გაგებასა და პირადი გამოცდილების გაზიარებას მოისურვებ, ჩვენი Pink Club (მხოლოდ გოგოებისთვის) შენთვის მუდმივად ღიაა. შემოგვიერთდი!

აი ნიშნები, რომლებსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ:

  • ვიზუალური ნიშნები: მკვეთრი წონაში კლება, ჩაწითლებული თვალები, გამომშრალი, ოდნავ მოყვითალო ელფერის კანი (ანორექსია).
  • იარა თითების ბოლოში ხშირი ღებინების გამოწვევის გამო. ამ დროს კბილები აზიანებს კანს, რაც სპეციფიურ ჭრილობას ტოვებს.
  • ხშირი ვიზიტი საპირფარეშოში კვების შემდეგ (ბულიმია და ანორექსია).
  • ხშირად აწონვა, განწყობის მკვეთრი ცვლილება აწონვისა და კვების შემდეგ.
  • ჩუმად ჭამა (ბულიმია).
  • ხშირი ექსტრემალური დიეტები.
  • დიდი ოდენობით, უკონტროლოდ საკვების მიღება (ბულიმია).
  • გასახდომი აბებისა და სხვა საშუალებების უკონტროლო გამოყენება.
  • საკუთარი სხეულისადმი ზიზღი და მუდმივი წონაში მომატების შიში.
  • საკუთარი წონისა და გარეგნობის არარეალური აღქმა (მაგალითად იმის მტკიცება, რომ ძალიან მსუქანია, რაც რეალობას არ შეესაბამება).

ადამიანები, რომლებმაც დაამარცხეს კვებითი დარღვევები

სტატიის მომზადებისას რამდენიმე საინტერესო ისტორიასა და საზოგადოებას გადავაწყდი, ერთ ერთი კარგი მაგალითი კი ვებგვერდი https://www.eatingdisorderhope.com– ია, სადაც დაწვრილებითაა ყოველი პრობლემა განხილული, რაც კვებით დარღვევებს ეხება. ამასთან ბმული საშუალებას გაძლევთ, გაიცნოთ ადამიანები მთელი მსოფლიოდან, ვინც ეს პრობლემა უკვე დაძლია. თუ მათ ეს შეძლეს, შენც შეძლებ!

 

 

 

შენ რას იტყვი?