Home თავის მოვლა

ძალიან ბევრჯერ გამომითქვამს და მსმენია უკმაყოფილება, განსაკუთრებით იმ ტიპის ფოტოების მიმართ რომლებსაც საბუთებისთვის ვიყენებთ. მართლაც იშვიათია შემთხვევა, როდესაც ფოტო ნამდვილად კარგი გამოდის. ერთი შემთხვევა მქონდა სტუდენტობის პერიოდში, როდესაც ე.წ. სტუდ. ბილეთის ფოტო ძალიან მომწონდა და სულ თან ვატარებდი, მას შემდეგაც კი, რაც სწავლა დავამთავრე და საბუთს ვადა გაუვიდა. ჩემი მართვის მოწმობა?! თუ ისეთი გამომეტყველება არ მივიღე, როგორიც ფოტოზე მაქვს, შეიძლება ვერავინ მიცნოს.

და მაინც, არსებობს ხრიკები, რომლის გათვალისწინების შედეგადაც კმაყოფილი დარჩები:

სწორი მაკიაჟი

ფლურესცენციული განათება ხანდახან უცნაურ ჩრდილებს ტოვებს სახეზე, თვალის ქვეშ გამოიყენე კონსილერი/კორექტორი, რათა თვალი უფრო ნათელი ჩანდეს, ასევე გლუვი ბრონზერი, რომელიც სახეს არ ააპრიალებს და ტონალურის დასაფიქსირებლად – გამჭვირვალე პუდრი. მეტი ეფექტისთვის ტუშის წასმა და წარბების ოდნავ გამუქება არ დაივიწყო. შეეცადე, მაკიაჟით არ გადააჭარბო და არც ბოლო ტენდენციებს აყვე, რადგან მოდა წარმავალია, ფოტო კი საკმაოდ დიდხანს გექნება.

მაკიაჟის გაკეთებამდე გადახედე ჩვენს სტატიებს: ყველაფერი ტუშის შესახებმაკიაჟის 8 შეცდომა, რომელიც დაღლილს გაჩენს.

ტონალური ბაზა

შეარჩიე შენს კანზე ერთი ტონით მუქი ტონალური, რაგან მაშუქისგან ზედმეტად განათებული სახე არ გამოჩნდეს. ტონალურის წასმისას არ დაგავიწყდეს ყელის ზონაც. გაითვალისწინე ჩვენი რჩევები: უნაკლო ტონალურის 8 ოქროს წესი.

იპოვე სწორი რაკურსი

სთხოვე ფოტოგრაფს კამერა ზემოთ აწიოს. ასეთი რაკურსით გადაღებული ფოტოები შედარებით კარგი გამოდის, გაიხსენე შენივე ხელით გადაღებული პირადი ფოტოები.

მოაწყვე ფოტოსესია სახლში

ზოგჯერ, ფოტოების გადაღება სპეციალურ დაწესებულებაში სულაც არაა საჭირო. დაგჭირდება თეთრი ზეწარი ფონისთვის და ფოტოკამერა, თუნდაც მობილური ტელეფონი. ფოტოგრაფების რჩევით, მაშუქს თეთრი გამჭვირვალე ქაღალდი ააფარე, რათა სინათლე თანაბრად გაიბნეს და იპოზირე, სანამ სასურველ შედეგს მიიღებ.

გვასწავლე შენი ხრიკებიც.

1 კომენტარი to this post
  1. ერთი რამ მაქვს დამუღამებული, თვალების შეღებვის გარეშე ფოტო არ უნდა გადავიღო, ნეგატივიტით გამოვდივარ, თეთრ ფონზე ორი შავი ბურთი, არც წამწამი ჩანს და არც წარბი, მათი ღია შეფერილობის გამო. კარგი 3×4 ფოტო გამომივიდა შარშანწინ და იმის მერე სულ ის ფოტო მიმაქვს ყველგან…სანამ ძალიან არ შევიცვლები გარეგნულად, საბუთებისთვის ახალი სურათის გადაღების უსიამოვნო მომენტს ამ ხერხით ავიცილებ ხოლმე თავიდან :D

შენ რას იტყვი?