სახლის პირობებში თმის შეღებვა არც ისეთი ძნელია

სახლის პირობებში თმის შეღებვა არც ისეთი ძნელია ან ნებისმიერი ახლობელი ადამიანის დახმარებით, სახლში, საკუთარ აბაზანაში. ეს არც ისეთი რთული არაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.

საჭირო ნივთები

დასაწყისისთვის, მოიმარაგე ის ნივთები, რომლებიც თმის შეღებვის  პროცესში დაგჭირდება:

  • ძველი გაზეთები და ჟურნალები “სამუშაო ზედაპირის” დასაფარად. ძირითადად იმ მაგიდის, სადაც საღებავის მოთავსებას აპირებ.
  • მაისური ან ხალათი, რომელიც არ დაგენანება, თუ საღებავით დაისვრება.
  • ხელთათმანები.
  • სპეციალური წაწვეტებულბოლოიანი სავარცხელი ფუნჯით – საღებავის თმაზე გასანაწილებლად. თუმცა, როგორ სასაცილოდაც არ უნდა ჟღერდეს, კბილის რბილი ჯაგრისი გადასარევად ასრულებს ფუნჯის ფუნქციას.
  • საბავშვო კრემი, ვაზელინი ან ნებისმიერი ცხიმიანი კრემი.
  • სავარცხელი, მეჩხერი კბილებით და სახელურის მხარეს წვეტით, თმის ზოლებად დასაყოფად (მხოლოდ მაშინ, თუ სპეციალური, ბოლოში წაწვეტებული სავარცხელი არ გაქვს).
  • თმის რეზინი ან ნებისმიერი დასამაგრებელი აქსესუარი, რომელიც ადვილად ირეცხება და სველ თმას კარგად ამაგრებს.
  • პირსახოცი, რომლის დასვრაც არ დაგენანება.
  • საათი, დროის დასანიშნად.
  • იმ შემთხვევაში თუ შენს საღებავს თან საღებავის გამანაწილებელი კონტეინერი არ მოყვება, მინის, ფაიფურის ან პლასმასის განიერპირიანი ჭურჭელიც დაგჭირდება.

    ფუნჯიანი სავარცხელი წაწვეტებული ბოლოთი, ხელთათმანები და პლასმასის თასი

შეღებვის პროცესი

საღებავის თმაზე წასმის თანმიმდევრობა ძალიან ინდივიდუალურია, მე იმ მეთოდს შემოგთავაზებ, რომლითაც მე ვიღებავ და ჩემი აზრით ყველაზე მოსახერხებელი და სწრაფია.

  • პირველ რიგში წაისვი კრემი სახის და თმის გამყოფ კონტურზე, ყურებზე და კისერზე. ხელთათმანების ჩაცმა არ დაგავიწყდეს.
  • გაყავი თმა  შუაზე და შეღებვა დაიწყე შუა ხაზიდან. შემდეგ შუა ხაზის პარალელურად აიღე ზოლები, აი ისე, აფრიკულ ნაწნავებს როგორც აკეთებენ, შუბლის კიდიდან დაიწყე და  უკან გადადი, კეფამდე.

    აი, ასე იწყება შეღებვის პროცესი,ოღონდ გაშლილი თმით
  • საღებავის განაწილებას ჯერ თავის მარჯვენა მხარეს უნდა მორჩე, შემდეგ მარცხენა მხარეს, ან პირიქით.
  • ადვილი რომ იყოს, როცა მარჯვენა მხარეს იმუშავებ, უკვე შეღებილი თმა მარცხნივ უნდა გადაწიო,  რომ ხელი არ შეგიშალოს. მარცხენა მხარეს მუშაობისას თმას მარჯვნივ გადაწევ. ამით მაქსიმალურად აირიდებ თავიდან ყურების, კისრის და ტანსაცმლის დასვრას.
  • უმჯობესი იქნება, თუ თმის შესაღებად გამზადებულ კულულს ხელისგულზე დაიდებ და ფუნჯს ისე წაუსვამ. თუ ასე არ იზამ, საღებავი თმის “არასაჭირო” ფენებზეც მოხვდება და თმის ზოლებად დაყოფა გაგიჭირდება.
  • მას შემდეგ, რაც წინ და გვერდებზე საღებავის წასმას მორჩები, თმა კარგად დაამაგრე, რომ ხელი არ შეგიშალოს და  კეფაზე გადაინაცვლე.
  • ზოლები კეფაზეც უნდა გააკეთო, ოღონდ უკვე ვერტიკალური კი არა, არამედ ჰორიზონტალური. წასმას იწყებ კეფიდან და ჩადიხარ კისრამდე, შესაბამისად, უკვე საღებავწასმული თმა წინ და ზემოთ გადაივარცხნება.
  • როცა საღებავს ყველგან წაუსვამ, ეცადე ნაზად დაივარცხნო, რომ საღებავი მთლიანად გადანაწილდეს. თუ ეს შეუძლებელია, მაშინ უბრალოდ ისე დაამასაჟე, თითქოს შამპუნს იქაფებდე.
  • დაინიშნე დრო, რომელიც ინსტრუქციაში გაქვს მოცემული.

რჩევები:

  • საღებავი თავიდანვე თმის მთლიან სიგრძეზე გაანაწილე.
  • განსაკუთრებული ყურადღება დაუთმე თმის კონტურს.
  • არ წაისვა საღებავი წარბებზე, ეს ძალიან საშიშია.
  • არ გაიჩერო საღებავი თმაზე იმაზე მეტი დროის მანძილზე, ვიდრე ეს ინსტრუქციაშია მითითებული, წინააღმდეგ შემთხვევაში მიიღებ უფრო ინტენსიურ ფერს და დაზიანებულ თმას.

ჩამობანვა

დათქმული დროის გასვლის შემდეგ ჩამოიბანე გრილი წყლით იქამდე, სანამ წყალი გამჭირვალე არ გახდება, შემდეგ წაისვი კონდიციონერი ან ბალზამი, ის, რაც შენს საღებავს თან მოყვა. თუ არ მოყვა, მაშინ ის კონდიციონერი ან ბალზამი, რასაც რეგულარულად ხმარობ, გაიჩერე ერთი ან ორი  წუთი და ჩამოიბანე.

რჩევა: არაა რეკომენდებული შეღებვამდე 24 საათის და შეღებვიდან 48 საათის მანძილზე შამპუნით თავის დაბანა.