Home თავის მოვლა

გავიკეთო თუ არ გავიკეთო?

ბრეკეტების გაკეთების გადაწყვეტილებამდე მისვლის გზა ხანგრძილივი, ამასთან მრავალი ფიქრითა და კონკრეტული კითხვით იყო აღსავსე: გავიკეთო თუ არ გავიკეთო? თუ კი, სად ან რა სახის გავიკეთო? დამჭირდება თუ არა სიბრძნის კბილების ამოღება?

ზოგადად, იდეალურთან მიახლოებული ფორმები მიყვარს. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე კბილების თანწყობას ეხება, მითუმეტეს ქვედა კბილების. არათანაბრად განლაგებულ კბილებზე სულ სკარლეტ იოჰანსონის საუბრის ახლო ხედი მიდგება თვალწინ და ცუდად ვხდები. ინდივიდუალურობა და ბუნებრივობა კარგია, მაგრამ არა უსწორმასწორო და ოჯღობოჯღოდ განლაგებული კბილების შემთხვევაში, განსაკუთრებით ქვედა ყბის კბილების :დ მართალია, მე სულ ოდნავ მქონდა ერთი კბილი გამოწეული, მაგრამ ძალიან მიშლიდა ნერვებს: ამ მცირედ გადახრილ კბილს იდეალურობასთან მიახლოებულ თანწყობაში ხინჯი შეჰქონდა. გარდა ამისა, არსებობდა რისკი, რომ დროთა განმავლობაში არასწორად განლაგებული კბილი კიდევ უფრო წამოიწეოდა.

სანამ ბრეკეტის გაკეთების გადაწყვეტილებას მიიღებ, კარგად დაფიქრდი რა უსიამოვნო/სასიამოვნო სიახლეებთანაა ეს დაკავშირებული. პირველ ხანებში, ხანდახან ისიც კი მეფიქრებოდა, რას ვერჩოდი ჩემს თავს, ბრეკეტები რომ გავიკეთე. თუმცა, ამაზე მოგვიანებით მოგიყვები. 

scarlet johanson teeth

ორთოდონტის ძიებაში

როგორც კი ჩამივარდა ხელში საკმარისი თანხა, გადავწყვიტე რაც შეიძლება ბევრი ორთოდონტი დამევლო და გადამეწყვიტა ჩემი კბილების გასწორების საკითხი. ერთ-ერთი მთავარი კითხვა რაც მაწუხებდა, იყო შემდეგი: დამჭირდებოდა თუ არა მერვე კბილების ამოღება? ექიმი-ორთოდონტების თითქმის უმეტესობამ მირჩია, რომ ქვედა ყბაზე განლაგებული ორივე მერვე კბილი ამომეღო, რადგან

  1. ყბაზე საკმარისი ადგილი არ მქონდა;
  2. ამ კბილებს მაინც არ მოიხმარ, დროთა განმავლობაში გაფუჭდება და მაინც ამოსაღები გექნებაო.

ერთ-ერთმა ორთოდონტმა ისიც კი მითხრა, რომ ორის ნაცვლად სამი კბილის ამოღება დამჭირდებოდა: უკანა კბილების და ერთ-ერთი წინა კბილის. არადა სიბრძნის კბილები აბსოლუტურად ჯანსაღი მაქვს. ვისთან არ ვიყავი, ვინ არ მოვიარე. ხან ფასმა არ მომხიბლა, ხან ორთოდონტის ახსნის უნარმა თუ პაციენტისადმი დამოკიდებულებამ. ამდენი კონსულტაციის შემდეგ ერთადერთი, რაშიც დავრწმუნდი იყო ის, რომ მერვე კბილები უნდა ამომეღო. მეგობარს იმ სტომატოლოგის კოორდინატები გამოვართვი, ვისთანაც თვითონ ამოიღო სიბრძნის კბილები. სტომატოლოგი ქალაქგარეთ აღმოჩნდა წასული და სხვა სპეციალისტთან გადამამისამართა. გავიკეთე ალერგიული სინჯი და მერვე კბილებთან განშორებას წინასწარ შეგუებული მივედი ამ სპეციალისტთან. დათვალიერების შემდეგ სტომატოლოგმა მითხრა, რომ სწორად განლაგებული და ჯანსაღი კბილები მქონდა. ყველა ჩემს კითხვას გასცა სრული და ამომწურავი პასუხი. ისიც მითხრა, რომ არ ვარ დარწმუნებული რამდენად შეუშლის ხელს კბილების გასწორების პროცესს ამ მერვეების არსებობაო და შემომთავაზა მათი კლინიკის ორთოდონტთანაც გამევლო კონსულტაცია. მეც, რა თქმა უნდა, დავთანხმდი. საბოლოოდ საქმისადმი და პაციენტისადმი გულისხმიერმა მიდგომამ და ყველა ჩემთვის საინტერესო საკითხის ახსნა-განმარტებამ გადამაწყვეტინა ამ კლინიკის სპეციალისტებისათვის მიმენდო ჩემი კბილების გასწორების პროცესი. მერე რა, რომ არც კლინიკაა ძალიან ცნობილი და ორთოდონტიც ერთი ახალგაზრდა გოგონაა, რომელიც ბევრმა ასაკის გამო შესაძლოა გამოუცდელად მიიჩნიოს და უნდობლად შეხედოს.

ორთოდონტმა მირჩია მერვე კბილები არ ამომეღო, რადგან, როგორც თვითონ განმიმარტა, ისინი თითქმის ბოლომდე იყო ამოსული და რა ადგილიც ეკავა, იმაზე მეტს აღარ დაიკავებდა. ამასთან კბილები სრულიად ჯანსაღი და სწორად განლაგებული იყო. ასე, რომ ჩემს ქვედა ყბაზე მათი ამოღების გარეშეც მოიძებნებოდა საკმარისი ადგილი.

ბრეკეტების გაკეთების სურვილის შემთხვევაში, პირველ რიგში, აუცილებელია იპოვო შენთვის სასურველი ორთოდონტი, სპეციალისტი, რომელსაც ანდობ კბილების გასწორებაზე ზრუნვას.

ბრეკეტის სახეობები

ორიეოდე სიტყვით კბილების გასწორების მეთოდებს შევეხები: გასწორება შესაძლებელია მოსახსნელი და მოუხსნელი აპარატებით. მოსახსნელი აპარატია ფირფიტა, მოუხსნელი კი ბრეკეტ-სისტემა. ბრეკეტები კბილებზე ბჟენებითაა დამაგრებული და ერთმანეთთან მავთულით დაკავშირებული. კბილებზე ხანგრძილივი ზეწოლის შედეგად იცვლება მათი მიმართულება.

ფირფიტა ძირითადად ბავშვებისთვისაა რეკომენდებული, მაშინ, როცა ყბებისა და კბილების ფორმირება ჯერ დასრულებული არაა. ზრდასრულ ასაკში მათი გამოყენება ნაკლებად ეფექტურია და ბევრად დიდ დროს მოითხოვს, ვიდრე ბრეკეტები.

რაც შეეხება ბრეკეტებს, ისინი განსხვავებულია შემადგენლობის (მეტალის, კერამიკის, საფირონის, კომბინირებული, პოლიმერული (გამჭვირვალე) …), კბილზე მდებარეობისა (ბრეკეტი დამაგრებულია კბილების გარე მხრიდან ან შიდა მხრიდან), ასევე ბრეკეტზე რკალის დაკავშირებით (არსებობს ლიგატურიანი და ულიგატურო (თვითლიგირებადი) ბრეკეტები).

თვითლიგირებადი (ულიგატურო) ბრეკეტი ჩვეულებრივისგან რკალის მიმაგრებით განსხვავდება.

თვითლიგირებადი (ულიგატურო) ბრეკეტი ჩვეულებრივისგან რკალის მიმაგრებით განსხვავდება.

არჩევანი კომბინირებულ (მეტალისა და კერამიკის ნაზავი) ბრეკეტებზე შევაჩერე – რადგან მთლიანად კერამიკული უფრო ძვირია, ამასთან  მეტალის ბრეკეტები მაინც უკანა კბილებზეა მიმაგრებული და არ ჩანს.

კომბინირებული (მეტალისა და კერამიკული მასალის) ბრეკეტები

კომბინირებული (მეტალისა და კერამიკული მასალის) ბრეკეტები

ბრეკეტების ფასი თითო ყბაზე 300-400 ლარიდან 3 ათასამდე მერყეობს. ყველაზე ძვირი, თუ არ ვცდები, ლინგვალური ბრეკეტებია – რომლებიც იმის გამო, რომ კბილების უკანა მხრიდანაა დამაგრებული, საერთოდ არ ჩანს და ნაკლებ დისკომფორტს იწვევს (სიტყვაზე, ვერავინ შეამჩნევს თუ ჭამისას ბრეკეტში საჭმლის ნარჩენი გაგეჩხირება :დ ).

ლინგვალური (უხილავი) ბრეკეტები

ლინგვალური (უხილავი) ბრეკეტები

კბილების გასწორების/ორთოდონტიული მკურნალობის ხანგრძლივობა ანომალიური თანკბილვის სირთულეზეა დამოკიდებული: იწყება 6 თვიდან და გრძელდება 4 წლამდე. ასე, რომ თუ ბრეკეტების გაკეთებას აპირებ, გახსოვდეს, რომ ამას მინიმუმ რამდენიმე თვე ჭირდება და მზად უნდა იყო ხანგრძლივი დისკომფორტისთვის. გარდა ამისა, ბრეკეტების მოხსნის შემდეგ მიღებული შედეგის შესანარჩუნებლად გარკვეული პერიოდის განმავლობაში აუცილებელია გეკეთოს რეტეინერი. (რეტეინერი – მოსახსნელი (პლასტმასის) ან მოუხსნელი (ლითონის) ორთოდონტული კონსტრუქციაა, რომელიც კბილებზე მაგრდება ბრეკეტ-სისტემის მოხსნის შემდეგ).

პ.ს. როგორი იყო პირველი შეგრძნებები ბრეკეტის გაკეთებისას, როგორ უნდა მოვუაროთ კბილებს და რა სახის საკვები მივიღოთ, ამის შესახებ მომავალ პოსტში დავწერ.

9 კომენტარი to this post
  1. ძალიან კარგი სტატია, ყოველთვის მაინტერესებდა ეს თემა, თან ირგვლივ ბევრმა გაისწორა, ზოგს შენსავით 1 კბილი ჰქონდა მწკრივიდან გამოსული, ზოგსაც სერიოზული დარღვევა, მაგრამ მიუხედავად მათი მდგომარეობისა, შედეგად, მკურნალობის დასრულების შემდეგ ყველას მოუხდა მინანქრის გადაკვრა, რაც ძალიან ხელოვნურად გამოიყირება ჩემს თვალში და უსიამოვნოდაც. ვისაც გაფუჭებული აქვს ბუნებრივი მინანქარი, გამართლებულია, რა თქმა უნდა, შავ კბილებს სჯიბს, მაგრამ ძალიან დამწყდა გული მათზე, ვისაც კარგი კბილები ჰქონდა და 1 კბილის ადგილის ოდნავი ცვლილების გამო გაუფუჭდა თავისი მშვენიერი თეთრი მინანქარი :(
    ჰოდა შენთვის ხომ არ უთქვამს ექიმს, ბრეკეტების მოხსნის შემდეგ რა მდგომარეობაში გექნება მინანქარი?

  2. მეც რამდენი ხანია ჩემს თავს ვეჭიდავები ბრეკეტების საკითხზე, მაგრამ როგორც იქნა, გადავწყვიტე და ვაპირებ, რომ გავიკეთო.
    ველოდები შემდეგ პოსტს. მაინტერესებს, რა დისკომფორტები იქმნება ამ დროს

  3. დიდი მადლობა ალექსანდრა! რაც შეეხება კითხვას, ჩემი ექიმის თქმით, იმისთვის, რომ ბრეკეტების შემდეგ მინანქარი და ზოგადად კბილები არ გაფუჭდეს, აუცილებელია ჰიგიენისა ზედმიწევნით დაცვა: სპეციალური ჯაგრისების, ფლოსის გამოყენება, ბრეკეტით დაფარული უბნის კარგად გამოსუფთავება პატარა ჯაგრისით. გარდა ამისა, მე კბილის ჩხირებს ვიყენებ. ყოველ შემთხვევაში, ჩემი აზრით, ამ საფრთხის მინიმუმამდე დაყვანა სწორი ჰიგიენითაა შესაძლებელი.

    • იმედია მხოლოდ ჰიგიენური ნორმების დაცვა საკმარისი იქნება :)

  4. LilaC მადლობა! არ მინდა შეგაშინო, მაგრამ ძალიან დიდ დისკომფორტს იწვევს, ყოველ შემთხვევაში, პირადად მე ძალიან შევწუხდი. მომავალ პოსტში უფრო დაწვრილებით მოვყვები ))

  5. მოკლედ ვიყავი რამდენიმე ექიმთან ზოგმა მითხრა ამოიღეო ზოგმაც არაა საჭიროო, პანორამა გადავიღე და კბილი სრულიად სწორადაა ჩანასახში თან არც მაწუხებს და აშკარად ამოსვლასაც არ ცდილობს ჯერ მოკლედ ვერ გავიგე რა ვქნა წელიწად ნახევარი უნდა მქონეს და შენ რას მირჩევ?

  6. მე გავიკეთე გუშინ, ჯერჯერობით ტკივილი მაწუხებს, საერთოდ ვერ ვღეჭავ საჭმელს და თან ლორწოვანი ერთ ადგილას გამოშვერილმა ადგილმა ძალიან გამიღიზიანა ცვილს ჩვეულებრივ აფთიაქში ვერ ვიყიდი?

  7. Ruska cota dagvianebulia,magram visac gaintersebt cvili rogorc vici da rogorc ekimma mitxra mxolod marjanishvilze ikideba.me arc mtkenia gaketebis shemdeg da arc cvili damchirvebia.esec individualuria.

შენ რას იტყვი?