Home თავის მოვლა

ბრეკეტების გაკეთების დღეც დადგა! ორთოდონტთან წასვლამდე კბილები კარგად შევათვალიერე: მინიმუმ 6 თვის განმავლობაში მათ ასეთ “თავისუფალ” მდგომარეობაში ვეღარ ვიხილავდი. ბრეკეტების გაკეთების პროცესმა სრულიად უმტკივნეულოდ და მშვიდად ჩაიარა: დაახლოებით 25 წთ დაჭირდა ბრეკეტების კბილების ზედაპირზე დამაგრებასა და ერთმანეთთან რკალით დაკავშირებას.  თუ დაწვრილებით გაინტერესებს როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი, უყურე ამ ვიდეოს:

ბრეკეტების გაკეთებამდე პირის ღრუ და კბილები ყველანაირად მოწესრიგებული უნდა იყოს: კბილები უნდა გაიწმინდოს, საჭიროების შემთხვევაში დაიბჟინოს, ჩატარდეს შესაბამისი ოპერაცია ამოსაღები კბილებისთვის.  ამით თავიდან აირიდებ მდგომარეობის გართულებას.

უცნაურია, მაგრამ ბრეკეტების გაკეთების შემდეგ, პირველ წუთებში სრულიად თავისუფლად ვირგძენი თავი. ნუთუ ამაზე წუწუნებენ-მეთქი ამდენს. მოველოდი, რომ რაღაც ძალიან რთულ კონსტრუქციას დამიმაგრებდნენ კბილებზე, რომელიც არათუ ჭამაში, საუბარშიც შემიშლიდა ხელს. შესაძლოა ეს შეგრძნება იმიტომ მქონდა, რომ ბრეკეტები მარტო ერთ ყბაზე გავიკეთე, ამასთან უკანა კბილებზე მეტალის გვირგვინის (Molar band) დამაგრება არ დამჭირვებია. ესეც პირველი სელფი – ცხოვრების ახალი ეტაპის აღნიშვნა:

First_selfie_with_braces

თუმცა, რაც დრო გადიოდა, მით მეტად ვგრძნობდი დისკომფორტს. უფრო მეტად ჭამისას: საჭმელი მუდამ ბრეკეტებს შორის იჭედებოდა, ამასთან ვერ ვკბეჩდი და ვერ ვჭეღავდი ნორმალურად. ამის გამო, საკვებს გემოს ვერ ვატანდი. გასათვალისწინებელი მითითებებია: არ შეიძლება ჩაკბეჩა, მაგარი საკვების მიღება, მყარი საჭმელი უნდა დაჭრა პატარ-პატარა ნაწილებად და ისე მიირთვა. გარდა ამისა, არსებობს უამრავი სხვა შეზღუდვაც: არაა რეკომენდებული თხილი, სუხარი, პეჩენია, ვაშლი, სტაფილო, ძალიან ცხელი ან ცივი კერძები, რადგან ტემპერატურის სხვაობა ცუდად მოქმედებს ბრეკეტებზე. თუკი ბრეკეტებზე რეზინი (Elastic) გიკეთია, გახსოვდეს, რომ ძალიან მალე იცვლის ფერს და ეცადე, არ მიიღო მუქი ფერის საკვები. ერთხელ მექსიკური კარტოფილის გემრიელად მირთმევის შედეგად ეს რეზინი სულ გამიყვითლდა: რამდენიც არ ვეცადე, ფერი ვერ დავუბრუნე და რამდენიმე დღე, ორთოდონტთან ვიზიტამდე, ჩაყვითლებული რეზინით მომიწია სიარული.

პირველ დღეს შესაძლოა კბილების ტკივილმა შეგაწუხოს – ამ შემთხვევაში ტკივილგამაყუჩებელი აბები უნდა მიიღო. გამაყუჩებლების მიღება მე არ დამჭირდა, თუმცა, ტკივილი ოდნავ მაწუხებდა. განსაკუთრებით ჭამის დროს. გარდა ამისა, ბრეკეტებმა, შესაძლოა პირის ღრუს გაღიზიანება გამოიწვიოს: ამისგან თავის ასარიდებლად ბრეკეტები ორთოდონტიული ცვილით იფარება. როცა დამჭირდა ცვილი, ჩვეულებრივ აფთიაქებში  ვერ შევიძინე. ბრეკეტებს კიდევ უფრო რომ არ დაეზიანებინა პირის ღრუ, საღეჭი რეზინის გადაკვრა მომიწია ერთი დღით. თუმცა, შემდეგ ძლივს მოვაცილე, ამიტომ ჯობია წინასწარ მოიმარაგო ორთოდონტიული ცვილი.

cleaning-braces

ბრეკეტებს განსაკუთრებული მოვლა ჭირდება. არასწორი ჰიგიენის შემთხვევაში კარიესის, მინანქრის გაფუჭების რისკი იზრდება. ფლოსი, კბილთაშორისი ჯაგრისი და ჩხირები ჩემს განუყრელ ნივთებად იქცა. ასევე გამოვცვალე ჯაგრისი და ბრეკეტების მატარებელთათვის განკუთვნილი ვიყიდე. ყოველი ჭამის შემდეგ ნარჩენები ბრეკეტებში რჩება და მათი მოცილება განსაკუთრებულ ძალისხმევას საჭიროებს: მხოლოდ კბილების გახეხვით საქმეს ვერ უშველი. გარდა ზემოთქმული საშუალებებისა, გაწმენდის პროცესში შეგიძლია გამოიყენო ირიგატორი – ჰიდრომასაჟორი, რომელიც სითხის ძლიერი ჭავლის შეფრქვევით გამორეცხავს კბილთაშორის სივრცეს. მისი საშუალო ფასი 100 ლარია. ასევე რეკომენდებულია პირის ღრუს სავლების გამოყენება.

ბრეკეტების ჰიგიენის საკითხი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მომავალ პოსტებშიც შევეხები. მანამდე კი შეგიძლია გაეცნო წინა პოსტს ამავე სერიიდან:

ბრეკეტებიანი გოგოს დღიური: როგორ მივედი ამ გადაწყვეტილებამდე

10 კომენტარი to this post
  1. რა ლამაზი კბილები გაქვს :O ასეთი იდელური ფერის და ფორმის იშვიათად მინახავს, მოვიხიბლე ^_^

  2. ხალხო,მინდა თამამად გითხრათ რომ ეს ჩემთვის ჯოჯოხეთია! სულ ვოცნებობდი ბრეკეტებზე,სულ,მელამაზებოდა,მომწონდა,მიხაროდა როცა 7 თვის წინ(კიდევ კარგი არდადეგები იყო) დიდი სიხარულით მივცუნცულდი ორთოდენტთან და აი ჩემი ტანჯვაც დაიწყო. ძალიან დიდი იმედით ველოდი დამაგრების შემდეგ ისეთივე სწორი მექნებოდა როგორც სურათებშია ხოლმე,იმას ვერ მივხვდი რომ ამას დრო უნდოდა. თავიდან დიდი არაფერი ტკივილი,მერე კი ჩემი სიცოცხლის ყველაზე ცუდი 1 კვირა დაიწყო..ჯოჯოხეთი! ყველაზე ძლიერი გამაყუჩებელიც ვერ მიყუჩებდა ტკივილს,ვერ ვჭამდი,ვტიროდი და ლამის თმებს ვიგლიჯავდი ისე მტკიოდა. (მადლობა ჩემ ორთოდონტს რომ ჯერ 1 ყბაზე გამიკეთა,ალბათ მოვკვდებოდი) საბედნიეროდ მერე გამიარა და დიდი მონდომებით შევუდექი მათ მოვლას. ერთი ჯაგრისი,მეორე ჯაგრისი,მესამე ჯაგრისი,სავლები,ძაფი,წყალი…… თავიდან მსიამოვნებდა ამის კეთება,ახლა კი ძალიან მეზარება. სულ 2 თვეა ქვედა ყბაზე დავიმაგრე და ისევ იგივე ჯოჯოხეთი გამოვიარე,ოღონდ ფსიქოლოგიურად მომზადებული :) რათქმაუნდა 1 კვირა სკოლაში ვერ ვიარე,მკვდარივით ვეგდე. აი ესაა ჩემი ისტორია. პ.ს საჭმლის ჭამა მეზიზღება და დღეებს ვითვლი როდის მოვიხსნი და შევჭამ ჩემს სანატრელ გოზინაყს :)

    • საბედნიეროდ, მე არ მქონია გაუსაძლისი ტკივილები, უფრო მეტად დისკომფორტითა და ყოველ წამს გახეხვის საჭიროებით შევწუხდი :დ გისურვებ ბრეკეტების ისტორიის მალე და წარმატებულად დამთავრებას ))

  3. მეც გავბრეკეტიანდი ))
    დღეს პირველი დღეა. ჯერჯერობით არ მტკივა, მაგრამ დისკომფორტია აშკარად. ყველაზე მეტად საჭმელზე მწყდება გული :(

შენ რას იტყვი?