95420583

შავი წრეები თვალების გარშემო ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა. დილით გაღვიძებულს, სარკეში ჩახედვისას, შენც ალბათ მრავალჯერ შეგიმჩნევია კანის მოლურჯო ფერი თვალების ქვეშ. შესაძლოა, ეს მხოლოდ ძილის უკმარისობით სულაც არ იყოს გამოწვეული. არსებობს მრავალი სხვა მიზეზიც:

სტრესი

როდესაც ადამიანი სტრესს განიცდის, სისხლი პირველ რიგში მიემართება იმ ორგანოებისკენ, რომლებიც ყველაზე მეტად საჭიროებენ მას. ამიტომ ასეთ დროს სახე ფერმკრთალია, კონტრასტი სახის ფერსა და თვალების ქვემოთ კანის ფერს შორის უფრო მეტადაა შესამჩნევი, შედეგად, წრეები თვალების გარშემო უფრო მუქი ჩანს.

დაზიანებული კაპილარები

თვალების გარშემო კანი ძალიან თხელი და მგრძნობიარეა, მის ქვემოთ მდებარე კაპილარები კი შესაძლოა ძალიან ადვილად დაზიანდეს: დაძაბვის თუ მზის სხივების ზემოქმედების შედეგად. ასეთ უბნებში სისხლის უჯრედები ჯგუფდება კანის ზედაპირზე და იჟანგება, რაც კანის ფერის ცვლილებას იწვევს. შედეგად, დიდი შანსია, მას, ვინც დიდ დროს ატარებს კომპიუტერის ეკრანთან ან მზეზე, თვალების გარშემო შავი წრეები ჰქონდეს.

გენეტიკა

ზოგიერთი ადამიანის კანი თვალების გარშემო უფრო მეტადაა მიდრეკილი შავი წრეების გაჩენისკენ. განსაკუთრებით მათი, ვისი სახის კანის ბუნებრივი ფერიც სიფერმკრთალისკენ გადახრილი თეთრია.

რკინის დეფიციტი

შავი წრეები თვალების გარშემო შესაძლოა იმის ნიშანი იყოს, რომ ორგანიზმს რკინა აკლია. თუმცა, მხოლოდ ამ სიმპტომით რკინის ნაკლებობის შესახებ დასკვნის გამოტანა შეუძლებელია.

ნიკოტინი, ალკოჰოლი

ალკოჰოლი არღვევს სისხლის მიმოქცევას, ნიკოტინი კი ავიწროებს სისხლძარღვებს.

ამ პრობლემის მოსაგვარებლად, საჭიროა, თავდაპირველად გავარკვიოთ მისი წარმოქმნის მიზეზები. თუკი თვალების გარშემო შავი წრეები რკინის დეფიციტითაა გამოწვეული, ასეთ შემთხვევაში საჭიროა რკინით მდიდარი საკვების (ხორცი, ჭარხალი, ბროწეული, ვაშლი, გარგარი, ატამი, ისპანახი…) მიღება.

მზიან ამინდებში თვალის დაძაბვის არიდების მიზნით საჭიროა მუქი სათვალის ტარება. ასევე მათ, ვინც დიდ დროს ატარებს კომპიუტერთან ან ხშირად უწევს თვალების დაძაბვა, უნდა გამოიყენონ თვალის დამცავი საშუალებები. მაგალითად დამცავი სათვალე, ან მონიტორის დამცავი საფარი და ა.შ.

Young-woman-cucumber-on-eyes

მუქი წრეების გასაქრობად შეგიძლია შემდეგ ხერხებს მიმართო:

  • ჩაის პაკეტები: დაასხი მდუღარე წყალი, შემდეგ გააცივე და დაიდე თვალებზე რამდენიმე წუთით.
  • ნუშის ზეთი და თაფლი: ყოველდღე ძილის წინ თვალების გარშემო ნუშისა და თაფლის ნარევი წაისვი.
  • გახეხილი კარტოფილი: გახეხილი კარტოფილი გაახვიე მარლაში და დაიდე თვალების გარშემო 15-20 წუთით. პროცედურის შემდეგ კი წაისვი A და E ვიტამინებით მდიდარი კრემი.
  • კიტრის წვენი: ბამბის დისკი დაასველე კიტრის წვენში და დაიდე თვალებზე 20 წუთით.
  • ხაჭო: გაახვიე ხაჭო მარლაში და დაიდე თვალების გარშემო 10-15 წუთით.

ზოგადად კი, თვალების გარშემო შავი წრეების პრობლემა რომ არ გაწუხებდეს, უნდა მისდიო ცხოვრების ჯანსაღ წესს: ყურადღება მიაქციე კვების რაციონს (შეზღუდე მარილიანი, ცხიმიანი და ცხარე საკვების მიღება, გაზარდე ვიტამინებით მდიდარი პროდუქტების რიცხვი), გამოიძინე, დიდი დრო ატარე სუფთა ჰაერზე, გამოიყენე შენი კანის ტიპის შესაბამისი კოსმეტიკა.