კონტაქტური ლინზები მრავალგვარია, მათი დაყოფა მასალის, ტარების რეჟიმის, დიზაინის, დანიშნულების და გამჭვირვალობის მიხედვით ხდება. ფართო არჩევანი, რომელიც დღეს კონტაქტური ლინზების ბაზარზეა წარმოდგენილი, რამდენადმე დამაბნეველია მომხმარებლისთვის. გაგაცნობთ სხვადასხვა ტიპის ლინზებს.

რბილი კონტაქტური ლინზები დიდ არჩევანს სთავაზობს მომხმარებელს მხედველობის კორექციის საკითხში. თავიდან მათ ნიშნავდნენ დღისით სატარებლად, ორ წლამდე ვადით (ამ რეჟიმს ახლა ტრადიციული ჰქვია).

მართალია ტრადიციული რეჟიმით სატარებელი ლინზები ბაზარზე გარკვეულ ადგილს კვლავაც იკავებს, მაგრამ ნელ-ნელა მეტად პოპულარული ხდება დროებითი ლინზები, რომელთა ტარებაც ერთიდან სამ თვემდე შეიძლება. ლინზების ხშირი ცვლა უფრო მეტად სუფთა ლინზების ტარებას გულისხმობს, შესაბამისად მეტად ჯანმრთელ თვალებსაც და ამცირებს დაზიანებული ლინზების ტარების ალბათობასაც. ლინზები შეიძლება იყოს შეფერილიც და კოსმეტიკური დანიშნულებაც ჰქონდეს.

ერთდღიან ლინზებს იყენებენ მხოლოდ ერთი დღე, შემდეგ აგდებენ. შესაბამისად აღარც სპეციალური ხსნარების გამოყენების აუცილებლობა არსებობს. ეს რეჟიმი მოსახერხებელია მათთვის, ვინს მხოლოდ დროდადრო იყენებს ლინზებს. ერთდღიანი ლინზები თვალის ჯანმრთელობას თითქმის არ ვნებს, ვინაიდან დაბინძურებას და დაზიანებას ვერ ასწრებს. დაბინძურებისგან კი, როგორც წესი, კარგად მოვლის შემთხვევაშიც არ არის ლინზა დაცული. ერთდღიანი ლინზების ფასიც ხელმისაწვდომია.

მყარი ჰაერგამტარი კონტაქტური ლინზები დიდი ხანია არსებობს ბაზარზე, მათი მოხმარების ვადა ხანგრძლივია და ასტიგმატიზმის კორექციისათვის ძალიან კარგი საშუალებაა.

საბოლოოდ კი მაინც ჯობის ლინზების არჩევანი ამ საქმის სპეციალისტს გააკეთებინო, რომელიც ინდივიდუალურად შეგირჩევს ლინზის ტიპს.

როგორ გავიკეთოთ და მოვიხნათ კონტაქტური ლინზები?

გაკეთება ყველაზე მოსახერხებელია სარკის წინ.

  • ლინზა ბლისტერიდან ფრთხილად ამოიღე;

    ლინზის კონტეინერი (ბლისტერი)
  • იმისთვის, რომ ლინზები არ აგერიოს, მათი ჩასმა ყოველთვის ერთი და იმავე თვალით დაიწყე.
  • გაკეთებამდე დაათვალიერე, შეამოწმე ხომ არ არის დაზიანებული და თუ მოგეჩვენა რომ დაზიანებულია, არ ჩაისვა.
  • დარწმუნდი რომ ლინზა ამობრუნებული არ არის:

კონტაქტური ლინზა საჩვენებელი თითოს ბალიშზე დაიდე, მისი ფორმა თასივით მომრგვალებული უნდა იყოს

და არა გაშლილი, თეფშივით. ლინზას რომ გაასწორებ, ასწიე ზედა ქუთუთო მეორე ხელის საჩვენებელი თითით, ისე, რომ იგი თვალს მაშინაც კი არ დაეფაროს, თუ დახამხამებას შეეცდები. იმ ხელის შუა თითით, რომელი ხელის საჩვენებელზეც ლინზა გიდევს, ქვედა ქუთუთო ჩამოსწიე შემდეგ კონტაქტური ლინზა თვალზე მიიდე. ნელ-ნელა მოაცილე თითი ლინზას, თვალი დაბლა დახარე, დახუჭე და ქუთუთოს ქვეშ ამოძრავე, რათა დარწმუნდე, რომ ლინზა კარგადაა დამაგრებული.

თუ ლინზის გარეცხვას გადაწყვეტ, აუცილებლად სპეციალური საშუალებით ისარგებლე და არავითარ შემთხვევაში წყლით!

მოხსნისასაც სასურველია სარკესთან იჯდე. საჩვენებელი თითით ფრთხილად ჩამოაცურებ ლინზას ქვევით შემდეგ ცერსა და საჩვენებელ თითს შორის მოიქცევ და მოიხსნი.

ლინზების ჩასმა-ამოღების დროს აუცილებელია ჰიგიენური წესების დაცვა, ხელები კარგად უნდა დაიბანო და შემდეგ გაიმშრალო, სანამ კონტაქტურ ლინზას შეეხები, ასევე სასურველია ლინზების კონტეინერის ხშირად გამოცვლა.

ფერადი ლინზები 

კოსმეტიკური კონტაქტური ლინზები წინათ მხოლოდ თვალის დეფექტის დასაფარად გამოიყენებოდა: ანირიდიის, ანუ ფერადი გარსის უქონლობის, ანიზოკორიის_არათანაბარი ზომის გუგების, აფაკიის_თვალის ბროლის უქონლობის, ჰეტეროქრომიის_სხვადასხვა ფერის თვალების დროს.

ახლა კი მას სრულიად ჯანმრთელ თვალზეც შეხვდები, ადამიანები მას მრავალფეროვნებისათვის იყენებენ.

დეკორატიული  ლინზები

აქტიურად იკიდებს ფეხს, მათზე სხვადასხვა სიმბოლოები და ნახატებია გამოსახული, სწორედ ასეთი ლინზების საშუალებით აღწევენ კინემატოგრაფში ვამპირის და სხვათა თვალის ეფექტს.

სწორად არჩევისა და მოვლის შემთხვევაში დეკორატიული ლინზები ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის.

გ ა ი თ ვ ა ლ ი ს წ ი ნ ე თ :

  1. ყველანაირი ლინზის ტარების შემთხვევაში საჭიროა ჰიგიენის ნორმების დაცვა;
  2.  ლინზა ისეთივე პირადი მოხმარების საგანია, როგორც კბილის ჯაგრისი, არ შეიძლება სხვისი ლინზების ტარება;
  3. თუ დეკორატიული კოსმეტიკით ან თმის ლაქით სარგებლობ, ლინზა ლაქის დასხმის შემდეგ უნდა მოირგო და მაკიაჟის გაკეთებამდე;
  4. ლინზის გაწმენდამდე აუცილებლად უნდა დაადგინო თუ რომელი საშუალებაა რეკომენდებული შენი ლინზის მოსავლელად, რათა გაწმენდის შემდეგ დაბინდული ლინზები არ შეგრჩეს;
  5. რეგულარულად (კვირაში ერთხელ მაინც) ლინზის კონტეინერში უნდა შეცვალო სადეზინფექციო ხსნარი.

გაითვალისწინე რჩევები, ისიამოვნე საღად დანახული სამყაროთი, თან შეგიძლია ნაირფერი თვალებითაც მოიწონო თავი : )