გსმენია ციტომეგალოვირუსის შესახებ? დღეისათვის უკვე არც ისე უცხოდ ხვდება ყურს ეს სიტყვა. თავად თუ არ ჩაგიტარებია გამოკვლევა, ახლობლებისგან მაინც გექნება გაგონილი, მაგრამ ზუსტად შეიძლება არ იცოდე რას წარმოადგენს და რატომ არის აუცილებელი ამ „პოპულარული“ ვირუსის შესახებ მეტი ინფორმაცია მოიპოვო, განსაკუთრებით მაშინ, თუ ორსულობას გეგმავ ახლო მომავალში. ამიტომ, მოდი, უფრო ახლოს და საფუძვლიანად გავეცნოთ.

citomegalovirusi2

რატომაა საშიში ციტომეგალოვირუსი?

ციტომეგალოვირუსი ჰერპეს ვირუსების ოჯახიდანაა წარმომავლობით და, როგორც ნებისმიერ მათგანს, სერიოზული გართულებების გამოწვევა შეუძლია ორგანიზმში, თუკი ამ უკანასკნელის იმუნიტეტი რაიმე მიზეზით სათანადო სიმაღლეზე არ იმყოფება. ამ გართულებებს შორისაა: თავის ტვინის, პერიფერიული ნერვული სისტემის, შარდ-სასქესო ორგანოების, ფილტვების, საჭმლის მომნელებელი სისტემის, თვალის მძიმედ მიმდინარე დაავადებები.

ვირუსი განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს ორსული ქალებისთვის, განსაკუთრებით, თუ პირველადი ინფიცირება ფეხმძიმობის პერიოდში მოხდა. შეიძლება გამოიწვიოს მუცლის მოშლა, ნაადრევი მშობიარობა, მკდვრადშობადობა და ნაყოფის სხვადასხვა ტიპის პათოლოგიები. ბავშვის დაბადებისას კი მისი განვითარების შეფერხებას განაპირობებს.

citomegalovirusi

ადვილია თუ არა ციტომეგალოვირუსის მკურნალობა?

სამწუხაროდ, უშუალოდ ციტომეგალოვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი თანამედროვე მედიცინას არ გააჩნია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თუ ერთხელ საიმედოდ მოიკალათა, ჩვენი ორგანიზმიდან ამ ვირუსის გაძევება სრულიად გადაუჭრელი და უიმედო ამოცანაა.

ერთადერთი გზა ზოგადი ტიპის ანტივირუსული პრეპარატებით მისი მავნე ზემოქმედების შემცირება და ორგანიზმის იმუნური სისტემის გაძლიერებაა. მკურნალობის სქემა კი, ნებისმიერ კონკრეტულ შემთხვევაში, გამოცდილი სპეციალისტის მიერ ინდივიდუალურად უნდა იქნას შემუშავებული.

როგორ ხდება ციტომეგალოვირუსით დასნებოვნება?

ციტომეგალოვირუსის გადაცემა შესაძლებელია საუბრით, კოცნით, სქესობრივი კონტაქტით, აგრეთვე, ქალიდან ბავშვზე  – როგორც მუცლადყოფნის პერიოდში, ისე მშობიარობისას ან ძუძუთი კვების გზით.

გამოდის, რომ, თუ ვირუსის გადამტანთან რაიმე ზემოაღნიშნული სახის კონტაქტი გქონდათ, მისგან თავის დაცვა ძალიან გაგიჭირდებოდათ. სწორედ ამ მიზეზით, მოზრდილი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, სამწუხაროდ, უკვე დასნებოვნებულია ხსენებული ინფექციით.

citomegalovirusi

კარგი ამბავი კი ისაა, რომ თუ ადამიანის იმუნური სისტემა გამართულად მუშაობს, ამ აბეზარი, მაგრამ „მძინარა“ ვირუსის არსებობას ვერანაირად ვერ შევიგრძნობთ და, შესაბამისად, არც განვიცდით, თუმცა…

ციტომეგალოვირუსი საშიშია, ძირითადად, ორ განსაკუთრებულ შემთხვევაში:

  1. თუ ორგანიზმის იმუნიტეტი საგრძნობლად დაქვეითდა;
  2. თუ დასნებოვნება ფეხმძიმობის პერიოდში მოხდა.

როგორ დავიცვათ თავი ციტომეგალოვირუსით გამოწვეული საფრთხისაგან?

პირველ რიგში, ყველა ქალს უნდა ახსოვდეს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის საფუძვლიანი გამოკვლევა დაორსულობამდეა საჭირო და არა „პოსტ ფაქტუმ“, როგორც იტყვიან.

citomegalovirusi1

თუ ეს პირობა გაითვალისწინე და შესაბამისმა ანალიზმა შენს ორგანიზმში ვირუსის არსებობა, უფრო სწორად, მისი აგრესიულობის მაღალი დონე დაადასტურა, ბუნებრივია, სპეციალისტის კონსულტაცია და მიღებული რეკომენდაციების შესრულება გესაჭიროება.

თუ ორგანიზმში ვირუსი ჯერ არ მოხვედრილა, მაშინ კი განსაკუთრებული ყურადღება პროფილაქტიკურ ღონისძიებებს უნდა დაუთმო, რომ როგორმე თავიდან აირიდო ფეხმძიმობის პერიოდში დაინფიცირების რისკი.

ბუნებრივია, ყურადღების გარეშე არ უნდა დაგრჩეს არც იმუნიტეტის ანუ ორგანიზმის ბუნებრივი დამცველი მექანიზმის მოფრთხილებისა და გაძლიერებისკენ მიმართული ღონისძიებები, რაც, ზოგადად, სრულფასოვან კვებასა, სტრესებისგან თავდაცვას, შემთხვევითი სქესობრივი კონტაქტების თავიდან აცილებასა და ცხოვრების ჯანსაღი წესის შენარჩუნებაში გამოიხატება.